„მე აქ ვარ“ - ეს არის ლგბტქი თემის ციფრული კამპანია, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს ეძღვნება.
„ჩვენ ციფრულ სამყაროში გადავინაცვლეთ“ - წელს ასე გადაწყვიტეს 17 მაისის აღნიშვნა ლგბტქი თემის წევრებმა.
თბილისის ქუჩებში, მეტროს სადგურებთან, უნივერსიტეტებთან, გაჩერებებთან, გამგეობებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებში, საპატრიარქოსთან და სხვა შემთხვევით შერჩეულ ადგილებში, 17 მაისს გაჩნდა ე.წ. სტიკერები, ზედ წარწერებით, მაგალითად, „დილით ჩვენ ერთად ვიმგზავრე“, „მე შენი მეზობელი ვარ“, „მე შენი მეგობარი ვარ“, "მეც შენსავით მტკივა"... სტიკერებზე ასევე დატანილია QR კოდი, რომელსაც თუკი ტელეფონით დაასკანერებთ, ავტომატურად გადაგიყვათ საიტზე - მე აქ ვარ
და თუკი შეხვალთ საიტზე, მაშინ თქვენ შეძლებთ დაინახოთ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ისინი იდევნებიან ოჯახებიდან, არ ეძლევათ განათლების, ჯანდაცვის და უფრო მეტიც, სიცოცხლის უფლებაც კი.
„ეს არის გაერთიანება რეალური და ონლაინ სივრცისა“, - ასე ახასიათებს საიტის იდეას ნათან გულიაშვილი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მედია ოფიცერი.
მისი თქმით, საიტზე შესული თითოეული მომხმარებელი დაინახავს იმ ყოფით პრობლემებს, რომლებსაც ლგბტქი თემის წევრები ყოველდღიურად აწყდებიან იმ სივრცეებში, სადაც დანარჩენ საზოგადოებას ბარიერები არ ექმნება:
„ჩვენ ამ იდეითა და საიტით გვინდოდა გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ის, რომ დღეს, 17 მაისს, თუკი ჩვენ ვინაცვლებთ ციფრულ სივრცეში ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის პრობლემა, ეს არის ყველა იმ დღის პრობლემა, რომელსაც ლგბტქი თემი ათენებს და აღამებს. ეს არის იმ სისტემური პრობლემების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ უდგება სერიოზულად“.
შვიდფერიან საიტზე შესვლის შემთხვევაში, მოგეცემათ საშუალება დაელაპარაკოთ სპეციალურად შექმნილ ბოტს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე გიპასუხებთ. ბოტი ასე დაიწყებთ საუბარს: „გამარჯობა! #მეაქვარ , ოღონდ ვარ ბოტი. მანდ, რეალურ ცხოვრებაში, თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ და არ ხედავენ. ჩვენ მოგეხმარებით დაინახო ისინი“.
საიტზე გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ნათლად ასახავს ლგბტქი თემის მდგომარეობას საქართველოში.
მაგალითად ის, რომ:
- ლგბტქი თემის 84.4%-ს ერთხელ მაინც განუცდია ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან.
- რომ ძალადობის ამ გამოცდილებებმა 25.7%-ს შეგვირყია ფიზიკური ჯანმრთელობა;
- რომ 15.7% იძულებით ერთხელ მაინც წაუყვანიათ ოჯახის წევრებს ექიმთან სამკურნალოდ „გამოსწორების მიზნით“.
- რომ 33.6%-ს ერთხელ მაინც განუცდია დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე;
- რომ 10.2% სამსახურიდან გაათავისუფლეს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით,
- რომ 96.9% ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი...
- საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გამოკითხულ მამაკაცთა 21%-სთვის ყველაზე არასასურველი მეზობელი კრიმინალია, 43%-სთვის კი – ჰომოსექსუალი.
- 38% იძულებულია საკუთარი სექსუალური ორიენტაცია დამალოს.
- 12% თითქმის ყოველთვის და 16% ხშირად თავს არიდებს გარკვეულ ადგილებში სიარულს და ა.შ.
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
უკვე მეექვსე წელია, საქართველოში 17 მაისს საპატრიარქოს ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღეს სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი ქალაქის ცენტრში მსვლელობით აღნიშნავს და სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს იხდის.