„ეს წიგნი ეძღვნება მათ, ვისაც მარცხი განუცდია, ვინც მომავალში დამარცხდება და მათ, ვინც იტყუება“, - ვკითხულობთ Fuckup Book-ის (მარცხის ისტორიები) წინასიტყვაობაში. წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე სულ ახლახან გამოვიდა, წარუმატებელი ბიზნესების ისტორიებს გვიყვება - როგორ დაიწყეს, როგორ ჩაფლავდნენ, რატომ ჩაფლავდნენ...
„მთელი ძალით ვყვიროდი, ჩემს ყვირილს ძრავების გრუხუნი და უსასრულო უდაბნო ახშობდა, რომლისთვისაც სულ ერთი იყო ჩემი წარმატებაც და მარცხიც“, - წერს ჟურნალისტი, რომელმაც უნიკალური ფოტოები გადაიღო და ყველა ერთი ხელის მოსმით გაუფუჭდა.
იმ ადამიანებს კი, ვისაც წარუმატებლობის გამოცდილება არა აქვს, წიგნის დასაწყისში შემდეგ საშინაო დავალებას აძლევენ: გადით ქუჩაში და ხალხს სთხოვეთ თქვენთან ერთად ფოტო გადაიღოს. არ გაჩერდეთ, სანამ უარს ხუთჯერ არ მიიღებთ!
ამ წიგნში მეწარმეები საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან, მაღაზიის დაკეტვით დაწყებული, ციხეში თავის ამოყოფით დამთავრებული. ყველაზე ანეკდოტური ნადია ლარტიგის ისტორია გახლავთ: ფორუმის პრეზენტაციაზე სპირიტუალური სეანსით მწერლის სულის გამოძახება სურდათ, სული კი არაფრით არ გამოცხადდა.
ამპარტავნობა და საწარმო
ალეხანდრო ალმადა ჰყვება, რომ მისი ბიზნესი 4 P-ის (ფასი, პროდუქტი, ადგილი და პრომოუშენი) უგულებელყოფამ ჩააფლავა. ის კარგ ფასში ყიდიდა პროდუქტს, რადგან ძმის შეყვარებული ნედლეურს იაფად აწვდიდა. მას შემდეგ კი, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რესტორანი დასახური გახდა.
რაულ დე ანდა კი ამბობს: „შემიძლია ჩემ მიერ დაშვებული ოცდაათზე მეტი დიდი შეცდომის ჩამოთვლა, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი სამ მათგანს:
სიჯიუტე: ყოველ შეხვედრაზე ვსაუბრობდით და ვყიდდით ერთსა და იმავეს. გვეგონა, პრობლემა ყოველთვის სხვებში იყო.
ამპარტავნობა: არ გამოვიჩინეთ საკმარისი თავმდაბლობა (ან ჭკუა) საიმისოდ, რომ შევჩერებულიყავით და ფიქრი დაგვეწყო, რაღაცები ხელახლა მოგვეფიქრებინა და რაღაცები სხვებისთვის გვეთხოვა.
მოჩვენებითი ეფექტი: ეს ყველაზე სერიოზული რამაა და მხოლოდ უკიდურესი სითავხედის შემთხვევაში გემართება, როდესაც ისეთი ამპარტავანი ხარ, რომ ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება ცდებოდე, და მტრების ძებნას იწყებ, რომლებიც რეალურად არ არსებობენ“.
მექსიკის მაგალითი
მექსიკაში მეწარმეობა და წარუმატებლობა თითქმის სინონიმებია. ამიტომაც კვლევა, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდა, განსაკუთრებით საინტერესო ჩანს. როდესაც წარუმატებელი მეწარმეები გამოკითხეს, აღმოჩნდა, რომ ბიზნესის „ჩავარდნის“ ძირითადი მიზეზები იყო: გადასარჩევად არასაკმარისი შემოსავალი, ხედვის ნაკლებობა, პროცესების გაანალიზების ნაკლებობა, სუსტი დაგეგმვა და პრობლემები აღსრულებისას.
ყველაზე დიდ პრობლემად მაინც არასაკმარისი ფინანსები დასახელდა. მეწარმეების უმეტესობა საქმეს საკუთარი, მეგობრების ან ოჯახის წევრების ფულით იწყებდა, რაც, საბოლოოდ, არ ჰყოფნიდათ იმისთვის, რომ ბიზნესი ნულოვანი მოგების პერიოდამდე მაინც მიეყვანათ.
ამასთან, აღმოჩნდა, რომ ბევრ მეწარმეს სურს, არაფერი ესაქმებოდეს ციფრებთან. ბიუჯეტის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები მათ იმდენად აღიზიანებთ და აფრთხობთ, რომ შესწავლის სურვილიც კი არა აქვთ: „ფინანსებსა და ადმინისტრაციულ საკითხებში გარკვეული არასდროს ვყოფილვარ. ეს ის სახეობებია, რომელიც არ მომწონს. სიმართლე გითხრათ, მძაგს“.
თუ კომპანიას რეგულარული გაყიდვები, სწორად განსაზღვრული მიზნობრივი ბაზარი აქვს, მარცხის მეორე მთავარი მიზეზი ბიზნესის მართვის უუნარობა იქნება.
„მეგობარი, ძმა ან ბიძაშვილი ყოველთვის საუკეთესო პარტნიორს როდი ნიშნავს. ყველაზე ფუნდამენტური მაინც ღირებულებებია“.
„ერთ-ერთმა ჩემმა თანადამფუძნებელმა კომპანიაზე ზრუნვა შეწყვიტა. მისი ვალდებულებები მხრებზე იმდენად დაგვაწვა, რომ მუშაობა ჩვენც შევწყვიტეთ“.
„ჩემს შემთხვევაში ყველაფრის მიზეზი ცუდი პროგნოზირება გახლდათ; მოსმენის, სწავლის, რეალურ პრობლემებში გარკვევის, შესაძლო გადაწყვეტილებების შეთავაზების და შემდეგ კვლავ მოსმენის ძალიან სუსტი უნარი“.
და კიდევ ერთი, გარე ფაქტორები. Amway Global Entrepreneurship-ის 2013 წლის ანგარიშში წერია, რომ მექსიკა დიდი პოტენციალის მქონე მეწარმეთა ქვეყნებს შორისაა (56 %-ით), მაგრამ ასევე ყველაზე ნაკლებად ხელშემწყობი (არამეგობრული) სამეწარმეო გარემოთი გამოირჩევა (45 %).
მეწარმეებმა ამ კუთხით შემდეგი პრობლემები დაასახელეს: კანონები და გადასახადები, არაკომპეტენტური ან არაკეთილსინდისიერი მოხელეები, არასრულყოფილი კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და კაპიტალის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
გამოუტყდი სიყვარულში მას, ვინც მოგწონს
ამ წიგნში უამრავი საშინაო დავალებაა. მაგალითად, ყუთი მიწისძვრის შემთხვევისთვის - რას გადაარჩენდით მიწისძვრისას? ეს, უბრალოდ, სავარჯიშოა იმისთვის, რომ ადამიანმა უკეთესად გაიაზროს, რის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება.
არის სხვა დავალებებიც, მაგალითად: გამოსცადე რეგრესი - ამ დროს მარცხენა ხელით საქმის კეთება ან ფეხით ჭამა უნდა სცადო; გამოსცადე სამსახურიდან დათხოვნა, თუ ამ სამსახურში უბედური ხარ, აღებული თანხით კი გასაბედნიერებლად საჭირო ათასგვარ სულელურ ნივთს ყიდულობ. აქვეა დავალება, სახელად „ჯანდაბამდე გზა ჰქონია“: „უდიდესი გამოწვევა იქნებოდა, რომ გეთქვა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს, რაც კარგად არ გაგრძნობინებს თავს, მაგრამ ვიყოთ რეალისტები - შენ ამას არ გააკეთებ. ასე რომ, მოდი, დრო და ენერგია დავზოგოთ, მიზანი დავისახოთ და საქმე გავიმარტივოთ. აირჩიე მხოლოდ ერთი რამ, რაც თავს ნამდვილად ცუდად გაგრძნობინებს, და დაივიწყე“.
თუმცა უინტერესო საქმე წარუმატებლობის ერთ-ერთი საფუძველია. აი, რას ამბობს ერთ-ერთი მეწარმე:„არ გაყიდოთ პროდუქტი, თუკი მისი არ გწამთ. თავი დაანებეთ, სანამ ბოლომდე შეგძულდებათ. მაგალითად, მე ბიჟუტერიის გაყიდვა მძულდა. ოო, როგორ მძულდა სამკაულების ჩვენების პროცესი, იმ სამაჯურებისა და ყელსაბამების ჩვენება, რომლებიც არც კი მომწონდა“...
წარმატებულ ადამიანად ერთ დღეში არ ყალიბდებიან, საჭიროა სათანადო უნარებიც, მაგალითად, ფოკუსირება მთავარზე.
„პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში უნდა ეცადო ჩასწვდე იმის არსს, რასაც აკეთებ. მთელი ყურადღება და ნიჭი ამის ძიებას მოახმარე, რადგან როდესაც იპოვი, (თითქმის) ყველაფერი გექნება. გართულება თავად შენგან მოდის. რაც უფრო ნაკლებად გაართულებ საკუთარ თავს, მით უფრო მეტად შეძლებ ცხოვრების სხავ მხარეების გამარტივებას“.
შეადგინე იმ „უნდა გავაკეთოს“ ჩამონათვალი, რომელიც შენთვის უმძიმესია, და დაიწყე იმით, რომლისგანაც სწრაფად გათავისუფლება შეიძლება. თითოეულ მათგანს, რომლისგანაც გათავისუფლდები, მოუძებნე ის ალტერნატივა, რომლითაც მის ჩანაცვლებას ისურვებდი...
წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეს იმის გამო, რომ საკუთარ ეგოს ვერ ერევი, საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამ, ეძებ აღიარებას და გავიწყდება, რომ ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც ვერ აგიტანს, შესაძლოა, საპატიო მიზეზითაც ან მხოლოდ იმის გამო, რომ, სინამდვილეში, მას ჩახუტება სჭირდება.
„ძალიან რთულია საკუთარი თავის იმ აუდიტორიის წინაშე დაყენება, რომელიც შეიძლება სასტიკი იყოს... მაგრამ ადამიანები მაინც აკეთებენ ამას, რადგან დაუცველობის შეგრძნება სხვისი სტიმულირების, საკუთარი სიყვარულის გამხელის, იმ ადამიანებისთვის პირადული საკითხების გაზიარების გზაა, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან“.
აქაც არის სავარჯიშო: აირჩიე შენი ყველაზე დიდი და ყველაზე სულელური საიდუმლო და „დატვიტე“ ან გამოუტყდი სიყვარულში ადამიანს, რომელიც მოგწონს.
დაბოლოს, იყავი ის, ვინც გინდა რომ იყო. „აუცილებლად კარგი უნდა იყო, გყავდეს შეყვარებული, დაოჯახდე, ბავშვი გააჩინო, წონაში უნდა დაიკლო, ბიჭი ფეხბურთზე ატარო, გოგო - საბალეტო სკოლაში...“ ეს ყველაფერი „უნდაა“ და არა „მინდა“.
საშინაო დავალება კი ასეთია: „შეადგინე იმ „უნდა გავაკეთოს“ ჩამონათვალი, რომელიც შენთვის უმძიმესია, და დაიწყე იმით, რომლისგანაც სწრაფად გათავისუფლება შეიძლება. თითოეულ მათგანს, რომლისგანაც გათავისუფლდები, მოუძებნე ის ალტერნატივა, რომლითაც მის ჩანაცვლებას ისურვებდი“.
და თუკი მაინც არაფერი გამოვიდა, ესეც წარუმატებლობის მორიგ გამოცდილებად მიიღე.