საქართველოს ფოსტა აპირებს დაბეჭდოს მარკა კოლხური ხოხბის გამოსახულებით, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, სინამდვილეში მარკაზე მანჯურიული ხოხობია გამოსახული.
ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”- ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება ევროპის მარკების კონკურსი. წლევანდელი თემა არის ჩიტები.საქართველოს ფოსტამ ამ კონკურსში წარადგინა ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2019 - კოლხური ხოხობი “.
მარკაზე გამოსახულმა ფრინველმა საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ეს კოლხური ხოხობი არ არის. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს რევაზ ბეჟაშვილს. ამ სააგენტოში კოლხურ ხოხბებს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, ამრავლებენ და შემდეგ ველურ ბუნებაში უშვებენ.
„თუ ყელზე თეთრი რგოლი აქვს, ლაქაც რომ ჰქონდეს ერთი თეთრი იმას არ შეიძლება კოლხური ხოხობი დავაწეროთ. ის, რაც მარკაზეა გამოსახული არის მანჯურიული ხოხობი. კოლხურს არა აქვს თეთრი ყელი და არც სიმწვანე“, - ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.
მისივე თქმით, 90-იან წლებში საქართველოში ჰიბრიდული ჯიშიც ხოხბებიც გავრცელდა და ბევრს ის კოლხურ ხოხობში ეშლება. შესაბამისად ორმაგად მნიშვნელოვანია მარკაზე ნამდვილი კოლხური ხოხობი იყოს დახატული.
რაც შეეხება საქართველოს ფოსტას, მარკის დიზაინერი ბაადურ ქობლიანიძე ამბობს, რომ ხოხბის გამოსახულება ერთი ინგლისელი ავტორის წიგნიდან გადმოხატა.
„წიგნი და ავტორი ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ სერიოზული ავტორია, მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა სამეფო კარზე. მას უწერია, რომ ეს არის კოლხური ხოხობი. არ შეიძლება შეშლოდა. ახლა თუ ინგლისელებმაც არ იციან და“... - ამბობს ბაადურ ქობლიანიძე.
რადიო თავისუფლება გთავაზობთ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც კოლხური ხოხბებია აღბეჭდილი.
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მომართა რადიო თავისუფლებას და დაადასტურა, რომ განიხილება მარკის გამოცემა კოლხური ხოხბის გამოსახულებით, რისთვისაც მიმდინარეობს სხვადასხვა ესკიზების განხილვის პროცესი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.