განახლება: ინფორმაცია განახლდა 7 იანვარს, პრეზიდენტი მაკრონის ციტატის დაზუსტების მიზნით.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“ და ასევე „ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“.
სწორედ ამ კონტექსტში ილაპარაკა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე:
„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე - საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, არჩევნების გაყალბების მცდელობით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“.
მაკრონმა შეაქო „პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე“ და განაცხადა: „შემიძლია რუმინეთზეც ვისაუბრო, ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე, სადაც რუსეთი ასევე არ მოერიდა საარჩევნო პროცესის მანიპულირებას“.
მანამდე მაკრონმა საგარეო ჩარევის ჭრილში ისაუბრა რუმინეთზე: „რამდენიმე კვირის წინ რუმინეთს მოუწია არჩევნების [შედეგების] გაუქმება არჩევნებში ჩარევის გამო, რაც აშკარად რუსეთს მიეწერება. ამას ვინ იფიქრებდა 10 წლის წინ?!"
საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საგარეო ჩარევაზე საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში და ამ კონტექსტში აზერბაიჯანს დაადო ხელი: „თავად საფრანგეთი აღმოჩნდა მიუღებელი ჩარევის წინაშე, - მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ახალ კალედონიაში, სადაც აზერბაიჯანმა იფიქრა, რომ შეძლებდა საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთს“.
საფრანგეთსა და სომხეთს წლებია, თბილი ურთიერთობები აქვთ, აზერბაიჯანსა და საფრანგეთს კი - დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები. 2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს - შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა.
საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპროტესტო დემონსტრაციები გაძლიერდა და მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ დემონსტრაციების დროს და მასთან დაკავშირებით დაკავებულთა გათავისუფლებას.
საპროტესტო გამოსვლები, განსაკუთრებით პირველ დღეებში, საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-მდე სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ათეულობით მონაწილეს. იძალადეს მედიის არაერთ წარმომადგენელზე, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორებზე.
დემონსტრაციების დარბევის, დაშლისა და დაკავებისას დემონსტრანტების ცემაზე გავრცელებული ცნობების შემდეგ, 11 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.
მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად მიიღო მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
სწორედ იქ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„ქართული ოცნების“ პარტიის განცხადებით, ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
მაკრონისა და ივანიშვილის საუბრიდან 26 დღე გავიდა, თუმცა მათი ხელახალი კონტაქტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შენიშვნა: თავდაპირველ ვერსიაში, - რომელიც ფრანგული ტელეარხის, France 24-ის ინგლისურენოვან თარგმანს ეყრდნობოდა, - მაკრონის ციტატა საქართველოზე ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: „საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“. სინამდვილეში, მაკრონმა თქვა: „საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, არჩევნების გაყალბებით“.
ფორუმი