ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ამერიკული და რუსული ლიტერატურის დიდოსტატის, ვლადიმირ ნაბოკოვის სიყვარულზე. ნაბოკოვმა და მისმა მეუღლემ, ვერა სლონიმმა ქორწინების ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში ისე იცხოვრეს ერთად, რომ მწერალმა ბრძანა: „სიყვარულში სიამის ტყუპებივით უნდა იყო, ერთი რომ ბურნუთს იყნოსავს, მეორემ ცხვირი უნდა დააცემინოს“. ისინი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ, როგორც სამშობლოდან გამოქცეული ემიგრანტები, რუსი არისტოკრატი, ბედის ნებიერი, ყოფილი მილიონერი, 24 წლის ვლადიმირ ნაბოკოვი და ყოფილი ებრაელი მრეწველის ქალიშვილი, 21 წლის ვერა სლონიმი. სლონიმები ბერლინში გაკოტრდნენ, ახალგაზრდებს მძიმე ფინანსური პირობები ჰქონდათ, ვერა ბეჭდავდა, თარგმნიდა, ვლადიმირი გოლფისა და ჩოგბურთის გაკვეთილებით ირჩენდა თავს. ვერა ქერათმიანი და ცისფერთვალება იყო, ამიტომ მის ებრაელობას გერმანელები ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც მოუხდათ გაქცევა ჯერ საფრანგეთში და საფრანგეთის ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე – ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ უმკლავდებოდა ერთგული მეუღლე მწერლის თაყვანისმცემელ ქალებს, როგორ ჩამოაშორა საყვარელი, რატომ ესწრებოდა მუდმივად ქმრის ლექციებს, როგორ არ უშვებდა მასთან თაყვანისმცემლებს უკვე შვეიცარიაში და რატომ არ შეასრულა მისი ანდერძი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: