საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მიმართა 60-დან 55-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება და დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, მე-10 მოწვევის პარლამენტში, თეორიულადაც კი, 95 დეპუტატზე მეტი ვერ დარჩება.
14 დეკემბრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით 7 პარტიის 55-მა წარმომადგენელმა მიმართა. სხვა პარტიების კვალდაკვალ ეს ნაბიჯი 21 დეკემბერს გადადგა „პატრიოტთა ალიანსმა“ და პარლამენტში შეიტანა განცხადებები 4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.
„პატრიოტთა ალიანსის“ გათვლა ასეთია: თუკი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა, რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს და ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში დააყენებენ.
როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გოჩა თევდორაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადების სრული საფუძველი არსებობს.
„პარლამენტი ლეგიტიმაციას იძენს მაშინ, როდესაც მოხდება 100 და მეტი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა... და თუკი პარლამენტში 100 დეპუტატი აღარ დარჩება, ლეგიტიმაციის საკითხიც გადასახედი იქნება.
ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ თუკი პარლამენტში არ არის კონსტიტუციის შეცვლისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა (საქართველოს შემთხვევაში - 113 დეპუტატი), ის პარლამენტი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად.
პარლამენტი, რომელშიც 100-ზე ნაკლები დეპუტატი იქნება, ვერ გადაწყვეტს მთელ რიგ საკითხებს... მაგალითად, ის რატიფიკაციას ვერ გაუკეთებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც საზღვარებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს შეეხება...
ხვალ აფხაზებმა რომ გვითხრან - აღარ გვინდა ამ რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნა და თქვენთან ყოფნა გვინდაო, ჩვენი პარლამენტი ამას ვერ გააფორმებს და უნდა ვუთხრათ აფხაზებს - რადგან კობახიძეს და მდინარაძეს პარლამენტში უმრავლესობაში ყოფნა უნდათ, 4 წელი მოგვიწევს მოცდაო?!“ - ამბობს თევდორაძე.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად:
- კონსტიტუციური კანონის მიღებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის ხმა;
- ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციას ან გაუქმებას ესაჭიროება სრული შემადგენლობის არანაკლებ ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა;
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის მიღებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის დამტკიცებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (ანუ 100 დეპუტატის) მხარდაჭერა;
- საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადასაყენებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).
„საფუძველი არის ნამდვილად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი, ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პერსპექტივებზე. ხმალაძე მოგების საფუძველსაც ხედავს, თუმცა, სხვა საკითხია - კონსტიტუციის მოწოდებებს როგორ წაიკითხავენ თავად საკონსტიტუციო სასამართლოში.
ხმალაძის თქმით:
- „სასამართლოზეა დამოკიდებული, როგორ განმარტავს, მაგალითად, კონსტიტუციის იმ ნორმებს, რომლებიც უკავშირდება პარლამენტის ლეგიტიმაციას... საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაზეა ყველაფერი დამოკიდებული“;
- „მაგალითად, ასეთი ნორმა გახლავთ კონსტიტუციის (38-ე მუხლის) ჩანაწერი, რომ პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (ანუ 100 დეპუტატის) უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში“;
- „პარლამენტის რეგლამენტი კი გვეუბნება, რომ თუკი მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდა პარლამენტის პირველ სხდომაზე, ეს სხდომა შეწყდება და მუშაობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ დეპუტატთა რაოდენობის მინიმუმ 100-მდე შევსების შემთხვევაში“;
- „აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიკითხოთ - თუკი პარლამენტის წევრთა რაოდენობა 2/3-ზე, ანუ 100 დეპუტატზე ნაკლები გახდა, აქვს კი ასეთ პარლამენტს უფლება, მიიღოს კანონები და გააგრძელოს მუშაობა?!“;
- „არსად წერია პირდაპირ, რომ არა აქვს უფლება... მაგრამ ეს იგულისხმება ლოგიკიდან და იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო და ეს ამომრჩეველთა ნების ასახვით გამოიხატება... დეპუტატების რაოდენობის 2/3 არის ის ზღვარი, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის მინიმუმ 2/3-ის წარმომადგენლები სხედან პარლამენტში“.
ერთპარტიულ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია და ბევრმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ალბათობაზეც იმსჯელა. თუმცა ასეთი სვლა, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის ფონზე, საკმაოდ სარისკოდ ეჩვენება, მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ხათუნა გოგორიშვილს.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას - „საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი, სრულიად არასანდო შემადგენლობა, რა თქმა უნდა, იტყვის - ეს სისულელეაო და ვშიშობ, რომ შედეგად, ეს იქნება პირიქით - ამ ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციის დასაბუთება... ჩვენს პარტიას ამ საკითხზე ჯერჯერობით შეჯერებული პოზიცია არა აქვს, მაგრამ განხილვა როცა იქნება, მე ჩემს აზრს აუცილებლად ვიტყვი“.
პარლამენტში დეპუტატების რიცხვი 100-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში დარჩება, თუკი „ქართული ოცნება“ უფლებამოსილებას შეუწყვეტს ყველა იმ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელმაც განცხადება უკვე დაწერა.
- გასულ კვირაში, 17 დეკემბერს, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მანდატების გაუქმების საკითხი დაახლოებით 10 დღეში გადაწყდება.
- თუმცა 21 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ - მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა ამ კვირაში ვერ მოხდება.
როდის გაუუქმდებათ მანდატები ოპოზიციონერ დეპუტატებს?
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ამა თუ იმ დეპუტატის განცხადებაზე ჯერ მარტო დასკვნის მომზადებას შესაძლოა 15 დღე დასჭირდეს:
- უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ, დეპუტატს ეძლევა 7 დღე. ამ ვადაში შეუძლია გადაიფიქროს და - „გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“;
- პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას“;
- ეს დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში;
- პარლამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
- ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კენჭისყრა დაუშვებელია პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
20 დეკემბერს, „პალიტრანიუსს“ ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ პარლამენტში ოპოზიცია აუცილებლად შევა და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი“ და „მანევრი“ , რაც „იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“.
კობახიძეს ამ „უამრავიდან“ არცერთი არ დაუსახელებია. ოპოზიციამ კი მაშინვე ივარაუდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გაჯანჯლება გადაწყვიტა.
ხათუნა გოგორიშვილის გამოთვლით, პარლამენტის იანვრის არდადეგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ შეძლებს, რომ პროცესი თებერვლამდეც გააჭიანუროს. სხვათა შორის, 11 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ოპოზიცია პარლამენტში, სულ გვიან - თებერვალში შევა.
გოჩა თევდორაძეს იმედი აქვს, რომ „ხელისუფლება გონს მოვა“, მოლაპარაკებების პროცესს გააგრძელებს და, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით, რეალურ კომპრომისზეც წავა. ის ფიქრობს, რომ ამ მხრივ ახალი იმპულსი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ 21 დეკემბერს დაწერილი განცხადებები.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ხელისუფლებისგან კომპრომისებს ელოდება. თუმცა ამ დრომდე, ხელისუფლებას ასეთი ნება არ გამოუხატავს. ოპოზიციას ხელისუფლება პარლამენტში შესვლისკენ თითქმის ყოველდღე მოუწოდებს და ასე იყო 21 დეკემბერსაც, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო შეუდგა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას.
ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსს“ უთხრა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, მათ შორის - ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც შეუწყობს ხელს. თუმცა პარტიების დაფინანსებასთან, საეთერო დროის შეზღუდვასა თუ საარჩევნო რეგისტრაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ოპოზიციამ მოლაპარაკებებისთვის ხელშემშლელ შანტაჟად შეაფასა.
21 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების გაჭიანურებული მეხუთე რაუნდი მიმდინარე კვირაში გაიმართება. თუმცა ახლო წარსულში მსგავსი მოლოდინი რამდენჯერმე არ გამართლდა.