თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებულ მეორე პაციენტს მე-15 დღეს ჩაუტარდა ტესტირება და პირველადი პასუხი არის უარყოფითი. თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ ის საბოლოოდ განიკურნა, 24 საათის განმავლობაში ტესტირება ხელახლა უნდა ჩატარდეს:
"თუ პასუხი იქნა ისევ უარყოფითი, ვიტყვით, რომ პაციენტი განიკურნა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე სიტყვებით, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი პირველი პაციენტის მეორე ტესტირების შედეგიც - პირველადი გამოკვლევით, ის ასევე გამოჯანმრთელების გზას ადგას.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 14 მარტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა 21 ადამიანს. უკვე ცნობილია, რომ 15 მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა - პასუხი უარყოფითია.
"დანარჩენი 6 პაციენტის ტესტირების პასუხი დღის განმავლობაში გვეცოდინება", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე სიტყვებით, ხუთი ახალი პაციენტიდან დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთია შეადრებით მძიმე - ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა საელჩოსა და საკონსულოს ზუსტი ინსტრუქცია აქვს მიცემული თუ რა მომსახურება უნდა გაუწიონ მათ ევროპის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, რაც მისცემს მათ სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტით ქვეყნების დატოვების საშუალებას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, გარდა კომპანია “თურქეთის ავიახაზების” მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტების ან ბილეთის საფასურის ანაზღაურების შესაძლებლობისა, „აუცილებელია საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები იმ პირდაპირი ფრენების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ავიაკომპანიები ჯერ კიდევ ახორციელებენ“.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მუშაობენ ქართულ კომპანიებთან, იმისთვის, რომ მოინახოს სხვა ევროპული დედაქალაქებიდან პირდაპირი ფრენების ამოქმედების დამატებითი გზები.
„სწორედ ამ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც 24 საათიანია და ყველა საელჩო და კონსული არის ვალდებული, რომ იმუშაოს ამ რეჟიმით და მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია: +995 32 294 5050. უწყება მიმართავს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ცხელი ხაზის ამ ნომრით.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან აჩერებს ფრენებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აერორპოტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის ფრენები გახანგრძლივდება 2002 წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.
ფრენების გაუქმებას თურქეთის მხარე საქართველოსთან 14 მარტიდან გეგმავდა, თუმცა შეთანხმების თანახმად ვადამ გადაიწია.
„თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც "თურქეთის ავიახაზების" საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ. მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.
ამასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, თურქეთმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში, უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით.