15 მარტიდან ავიაკომპანია Wizz Air გაურკვეველი დროით აუქმებს ფრენებს პოლონეთში, ორივე მიმართულებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო.
"ჯავშნის მქონე მგზავრებს, რომელთაც შეზღუდვა შეეხოთ, ავტომატურად იქნებიან ინფორმირებულნი ელ. ფოსტით... გადახდილი თანხის 120% ავტომატურად დაირიცხება მომხმარებლის WIZZ ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ 24 თვის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად", - აცხადებს Wizz Air.
მგზავრებს, ასევე, შეეძლებათ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, რასაც მეტი დრო დასჭირდება და ამ შემთხვევაში ისინი ფულის 100%-ს მიიღებენ.
მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან პოლონეთის ექვს ქალაქში ასრულებს ფრენებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აწესებს შეზღუდვებს ავია თუ სახმელეთო მიმოსვლაზე. საზღვრები ჩაკეტილი აქვს საქართველოსაც რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ასევე, იტალიასთან, ჩინეთთან, ირანთან.
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში საკარანტინე ზონა მოეწყო, რომელშიც საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული 50 ადამიანი მოათავსეს.
"ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საკარანტინე ზონას დაცვის პოლიცია იცავს", - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.
ხიზანიშვილის თქმით, საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების რისკჯგუფის ქვეყნების სიაშია, რის გამოც სამშობლოში პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში 14 დღეს გაატარებენ.
კორონავირუსის პანდემიის შესახებ საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დასაშვებად მიიჩნევს "ზიარების შემდგომ სასმელის ('სიტკბოების') მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით".
საპატრიარქო აცხადებს, რომ მას სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავალდებულებს გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ შემოღებული ზომები. "უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია" - ვკითხულობთ განცხადებაში.