საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.
თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.
საქართველოში დასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა. თურქეთში კი - 5.
რუსთავში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი მერია მოხალისეთა ჯგუფებს ქმნის.
რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ დირექტორმა, გეგი ლიპარტელიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოხალისეები თავდაპირველად დაეხმარებიან მარტოხელა მოხუცებს.
მსოფლიოს გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ნაბიჯების გადადგმას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, იმ ფონზე, როცა ჩინეთი, სადაც პანდემია დაიწყო, ინფიცირების შემთხვევების კლებას იუწყება.
გლობალური პანდემიის ცენტრი ევროპა ხდება, ესპანეთიდან რუსეთამდე ქვეყნები ამკაცრებენ სასაზღვრო ზომებს და ზღუდავენ მოქალაქეთა თავშეყრის ღონისძიებებს.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, დროებით შეაჩერონ მუშაობა.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მუშაობის შეჩერება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
საქართველოში დასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა. ვირუსის გავრცელების რისკის გამო, რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.