რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს.
,,მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები გარკვეული დროით გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან“, - უხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
მისი თქმით, ლაპარაკია ორთვიან საშეღავათო პერიოდზე, რის გამოც ბიუჯეტს, საერთო ჯამში, დაახლოებით, 240 ათასი ლარი დააკლდება.
„ბიუჯეტის დანაკლისს რამენაირად შევავსებთ,“, თქვა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერია ასევე განიხილავს ადგილობრივი ბიზნესსუბიექტებისათვის ქონების გადასახადზე გარკვეული შეღავათების დაწესებას, მაგრამ ეს საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება შესათანხმებელი.
რუსთავის მერიასთან შექმნილი ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, იოსებ მაზმიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესაქტიურობამ რუსთავშიც იკლო.
„პირველ რიგში ეს შეეხო მომსახურების სფეროს, ბარ-რესტორნებს, სალონებს“, თქვა იოსებ მაზმიშვილმა.
რუსთავის მოსაკრებლის სამსახურის უფროს კიაზო შარიქაძის ინფორმაციით, მათ ბაზაში დაფიქსირებულია, დაახლოებით, 2 000 ბიზნესსუბიექტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფებს სამსახურში გასვლას სთხოვს:
„ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ ასე გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ“.
14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 30 შემთხვევა დასტურდება. ამ რიცხვის ზრდა მოსალოდნელია უახლოეს მომავალში.
თვითიზოლაცია სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვს ტემპერატურა ან ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყანაში. ასეთია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთი კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და საფრანგეთი. თვითიზოლაციაში, ასევე, უნდა იყოს პირი, რომელსაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან.
ხვალ რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ლოკალურ დონეზე პასუხისმგებელი პირები მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან. ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლებაც და კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო სასაზღვრო შეზღუდვებს აწესებს შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან. ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:
- წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
- PCR ცნობის არქონის შემთხვევაში, გაიარონ ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.
აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.
14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში შეიზღუდა საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.