„ჩვენ არ გავცილებივართ დაინფიცირების პირველ გენერაციას და ეს არის კარგი. გვაქვს არსებული 4 წყარო, ახალი წყარო არა გვაქვს, ამ წყაროებთან პირველი გენერაციის დადასტურებული შემთხვევებია“, - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან. მისი განმარტებით, პირი, რომელსაც 12 მარტს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, მიეკუთვნება იტალიის წყაროს. კერძოდ, იყო ე.წ. ჯანდაცვის ჯგუფში არსებული კონტაქტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი Facebook-გვერდი ყალბია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ცენტრმა გაავრცელა.
"ცენტრისა და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს. ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით", - განმარტებულია განცხადებაში.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული იმ 22 პაციენტიდან, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, პნევმონია აქვს 7-ს. მათგან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა რამდენიმე დღეა სტაბილურია და არ პროგრესირებს:
„შეიძლება ითქვას, რომ თუ პროგრესირება შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შეიძლება, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, დამაკმაყოფილებელია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა და მას განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნება.
ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ იგეგმება რომელიმე პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დაავადების დადასტურებიდან მე-16 დღეს ერთ-ერთ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის კონცენტრაცია შემცირებულია, თუმცა მაინც რჩება:
მე-16 დღეზე ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია შედეგი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის კონცენტრაცია, ამიტომ მაინც ჯერჯერობით დადებითად ითვლება, ამიტომ საჭიროა გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა და აღებიდან მაქსიმუმ 4 დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ“, -აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის COVID-19 გავრცელების აღკვეთას. 12 მარტიდან თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.