კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით ინვესტორებში გამოწვეულმა შიშმა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების მკვეთრად გაუფასურება გამოიწვია.
კანადის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ცოლი სოფი გრეგუარ-ტრუდო კორონავირუსით COVID-19 დაავადდა.
ლონდონიდან კანადაში 11 მარტს დაბრუნებულ სოფი გრეგუარ-ტრუდოს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსით ინფიცირება 12 მარტს დაადასტურა. კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი იზოლირებულია და ოფიციალური ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს.
პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჯერ კიდევ ცოლის ტესტის საბოლოო პასუხამდე გადავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.
მომდევნო 14 დღის განმავლობაში ჯასტინ ტრუდო შეხვედრებს არ გამართავს და მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია ტელეფონით და სხვა საშუალებებით ექნება. დღეს, 13 მარტს პრემიერ-მინისტრი კანადის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვასაც გეგმავს.
13 მარტის დილის მონაცემებით, კანადაში კორონავირსით დაავადდა 158 ადამიანი. გარდაიცვალა ერთი.
კორონავირუსით COVID-19 ინფიცირებულია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი ალი აქბარ ველაიათი. ირანის ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, Tasmin-ის ცნობით, ველაიათი, რომელსაც ბოლო ხანს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ არაერთ ადამიანთან, ერთ-ერთ კლინიკაში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება.
13 მარტის დილის 10 საათის მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაავადდა სულ 10 075 ადამიანი. გარდაიცვალა 429. გამოჯანმრთელდა 3276.
ვირუსით ინფიცირებულთა შორის არიან ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის 20-ზე მეტი დეპუტატი.
დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებით ირანი მესამე ადგილზეა ჩინეთის და იტალიის შემდეგ.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს.