12 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში თვითოზალაციის რეჟიმშია 74 მოქალაქე. ისინი იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების
უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს ე.წ. საინკუბაციო პერიოდი ჯერ გასული არ აქვთ.
ახმეტაში თვითიზოლაციაში იმყოფება 14 პირი, გურჯაანში - 8, დედოფლისწყაროში - 1, თელავში - 14, ლაგოდეხში - 7, საგარეჯოში - 13, სიღნაღში - 11 და ყვარელში 6.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესები ჯერჯერობით არავის დაურღვევია: „თავადავე ხედავენ რა მდგომარეობაა ქვეყნებში და ფრთხილობენ".
ხიზანიშვილის თქმით, დარღვევის შემთხვევაში, საქმეში პოლიცია ჩაერთვება. თუ ერთი გაფრთხილების შემდეგ, თვითიზოლაციაში მყოფი პირი რეჟიმს ისევ დაარღვევს, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზეც. ნელი ხიზანიშვილის ცნობით, ორი დღის წინ, საქართველოში შემოსვლის მსურველი 15 პირიდან 12-ს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ისინი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც ქვეყანაში გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საზღვრის კვეთის დროს გამკაცრებულ რეჟიმს დაექვემდებარებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით ადგილზე ეპიდემილოგი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქე უნდა წავიდეს 14 -დღიან სავალდებულო კარანტინში (სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეში) თუ თვითიზოლაციაში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ გამყრელიძე ამბობს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ნარჩენები საფრთხის შემცველი არაა. მანვე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განმარტა, რომ აუცილებელია შესაბამისი წესების დაცვა და თავისი მაგალითი მოიყვანა.
"იცით, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში. ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. შემდეგ ისინი აღებენ კარებს, როცა მე გავდივარ და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია", - თქვა გამყრელიძემ.
ავთანდილ გამყრელიძის შვილი ერთ-ერთია იმ 24 პაციენტს შორის, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სწორედ ამ მიზეზით მისი შვილის ცოლ-შვილი თვითიზოლაციაში არიან.