რა რესურსი გვაქვს შესაძლო ეპიდემიის სამართავად?
„აქტიურად ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგება. სამოქმედო გეგმაზე მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან ერთად მიდის. ვფიქრობ, რომ მოდელი რამდენიმე დღეში მზად გვექნება და გავუზიარებთ საზოგადოებასაც, რათა თვალსაჩინო გახდეს ყველასთვის თუ რა კეთდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
სამოქმედო გეგმის ზოგად შტრიხებზე ლაპარაკობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც და ამბობს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე, კორონავირუსის მართვის სამ სცენარზე მუშაობს. მინისტრის განმარტებით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა მცირე რაოდენობისთვის საჭირო გეგმას, მეორე სცენარი რამდენიმე ასეული პაციენტის მართვაზეა ორიენტირებული, მესამე სცენარი კი ითვალისწინებს დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტის მკურნალობის სქემას.
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკისა და ზიანის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად ახორციელებს სამოქმედო გეგმას.
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის COVID-19 კიდევ ერთი შემთხვევა.
ოფიციალურ ვებსაიტზე, stopcov.ge -ზე 12 მარტს, 17:00 საათისთვის გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდობა 25-მდე გაიზარდა.
ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ჩეხეთში შესვლა აეკრძალებათ მგზავრებს „სარისკო რეგიონებიდან“. ამავე დროს ჩეხებს აეკრძალებათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა.
მთავრობა აკრძალვას აწესებს კულტურულ, სპორტულ, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
საღამოს 8 საათის შემდეგ იკრძალება რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შეკრება.