ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად სამი სცენარი არსებობს. მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ახსნა, ვირუსის გავრცელების რა პერსპექტივას ხედავს სახელმწიფო.
მისი თქმით, უკეთეს შემთხვევაში საქართველოში ეს ვირუსი მსუბუქად გადაივლის და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იქნება ძალიან ცოტა. მისი ვარაუდით, ამ სცენარის შემთხვევაში პროცესი დროში გაწერილი იქნება.
გარდა ამისა, განიხილება ვირუსთან ბრძოლის 12 კვირაზე გაწერილი ვერსიაც. ამ შემთხვევაში, მინისტრის გათვლებით, ქვეყანაში რამდენიმე ასეული პაციენტი იქნება. ყველაზე რთული შემთხვევა კი ქვეყანაში 400-მდე მძიმე პაციენტის ყოლაა.
"ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე, საექიმო პერსონალი უკვე მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიყოთ მშვიდად, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და მობილიზებულები არ ვიყოთ", - განმარტა მან.
კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება არ დაუდასტურდა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 8 პაციენტს. მათთვის განმეორებით ჩატარებული ტესტის შედეგიც უარყოფითი იყო. საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ მედიას უთხრა, რომ ამ პაციენტების უმრავლესობისთვის საკარანტინო ვადა დასრულდა.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ აკვირდებიან 37 მოქალაქეს. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.
კლუბი BASSIANI დროებით აუქმებს დაგეგმილ ღონისძიებებს მსოფლიოში კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის გამო.
“ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით”, - აცხადებს “ბასიანი”.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია. სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა:
„ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიება გადაიდო და გაუქმდა.