საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, იტალიაში იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული და გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ინფიცირებულ პაციენტთან არის დადგენილი და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი.
"მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ უკონტროლოდ ვრცელდება ვირუსი და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განმარტა მან.
საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობა ყველაზე რთული იყო, 12 მარტის დილის მდგომარეობით, უკვე საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 21 პაციენტიდან პნევმონია სულ 5-ს აქვს. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომლის დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობდა, დღეს დასტაბილურდა და მისი პნევმონია უკვე საშუალო სიმძიმისაა. „დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და რჩება ჯერჯერობით. პროგრესირება დღეს დილის მონაცემებითაც არ შეინიშნება“.
არ შეცვლილა და დამაკმაყოფილებელია კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობაც.
12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. სამი ინფიცირებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კარანტნის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.