საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოს კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მიერ ამ რეჟიმის მკაცრად დაცვა.
დღეს, 12 მარტს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევა, რომელსაც კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.
„ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ გარკვეული ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი", - განაცხადა გახარიამ. მან კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი.
12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. კარანტნის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.
ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან და 2020 წლის 12 მარტის დილის მდგომარეობით მოიცვა მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყყანა.
12 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დაავადდა 126 380 ადამიანი. გარდაიცვალა 4634. გამოჯანმრთელდა 68313.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ყველა სამთავრობო უწყებას, საჯარო დაწესებულებასა თუ კერძო სექტორს რეკომენდაციას აძლევს შეძლებისდაგვარად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. კორონავირუსის პრევენციის საკითხებს გახარია კიდევ ერთხელ მთავრობის სხდომაზე შეეხო.
"თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნაც საჭირო არაა, იყოს დისტანციურ რეჟიმზე... ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტურ მუშაობას", - თქვა გახარიამ.
მთავრობის ყველა ორგანო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა.
მისი თქმით, 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს ეხებათ.
"მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს, ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიყოთ მზად საპასუხოდ", - თქვა მან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობას ხალხმრავალი თავყრილობების აკრძალვა მოუწიოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ქორწილებისა და დაკრძალვის ცერემონიებს.
"დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ ამისთვის წინასწარ შემზადებულები უნდა ვიყოთ... ჩვენ არ გვინდა იმ მდგომარეობამდე მივიდეთ, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები", - თქვა იმნაძემ.