საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ჩაიყვანენ რომში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიან.
კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ზალკალიანმა მედიას აცნობა, რომ საქართველოს საელჩოს უკვე აქვს სია იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი მოქალაქეებისა, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაბილეთები ჰქონდათ.
"მოხდება მათი ორგანიზებული ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან. საქართველოს საელჩო რომში უკვე მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მათი ორგანიზებული ჩამოყვანა", - განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია. დავით ზალკალიანის ვარაუდით, რომიდან საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ.
ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველომ ჩინეთის და ირანის შემდეგ, ავიამიმოსვლა იტალიასთანაც შეაჩერა.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში აღმოჩნდა კიდევ 37 ადამიანი.
10 მარტის დილის მონაცემებით, კარანტინში სულ 178 ადამიანია. წინა დღის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იყო 141.
51-დან 56-მდე გაიზარდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა.
10 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 15 შემთხვევა.
14 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 1 საჩხერის კლინიკაში. ინფიცირებულთაგან ორი ირანში იმყოფებოდა, დანარჩენი პაციენტები კი, ან იტალიაში მოგზაურობდნენ, ან კონტაქტი ჰქონდათ იტალიიდან დაბრუნებულებთან.
10 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა საერთო ჯამში 114 400-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 64 000. გარდაცვლილია 4027.
„ლუგარის ლაბორატორიაში“ ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსით COVID-19 დაავადება არ დაუდასტურა 33 პაციენტს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს, 10 მარტს მედიას აცნობა, რომ ტესტირება 9 მარტს, ორ ეტაპად ჩატარდა და 33-ივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. ამ პაციენტების ნაწილი საკარანტინო სივრცეში, ან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.