პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოუზამ კორონავირუსით დაავადების ეჭვის გამო, საკუთარი ნებით გადაწყვიტა კარანტინის რეჟიმი დაიცვას.
პრეზიდენტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებში. გასულ კვირაში დი სოუზა პორტუგალიის ჩრდილოეთში იმყოფებოდა ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მოგვიანებით დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 დაავადების შემთხვევა.
პორტუგალიის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უშუალოდ დაავადებულ მოსწავლეს და მის თანაკლასელებს პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და დი სოუზას არც რაიმე სიმპტომები აქვს, მაგრამ ნებაყოფლობით გადაწყვიტა დაიცვას პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნა თვითიზოლაციის შესახებ და ამით სხვებსაც კარგი მაგალითი მისცეს.
9 მარტის დილის მონაცემებით, პორტუგალიაში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 30 შემთხვევა.
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული კიდევ ორი პაციენტიდან ერთი ესპანეთში იმყოფებოდა
ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადებული კიდევ ორი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი პაციენტიდან ერთს კონტაქტი ჰქონდა საქართველოში რიგით მეოთხე პირთან, რომელსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მეორე პაციენტი იმყოფებოდა ესპანეთში და ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან.
საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სამუშაო მივლინებებში წასვლა ეზღუდებათ. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
"სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს", - ვკითხულობთ უწყებათაშორის საბჭოს გადაწყვეტილებაში.