პირებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, მოქალაქეებმა თავიანთი მდგომარეობის შესახებ სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.
„ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ადამიანები დადგენილი წესით ვერ იღებდნენ სამედიცინო ფურცელს, ამიტომ მათი მდგომარეობის გამარტივებისთვის შეიქმნა მექანიზმი, რომ ისინი ელექტრონულად განცხადების გამოგზავნის შემდეგ შეძლებენ, რომ სამინისტროსგან ცნობა მიიღონ, რომელიც ჩვენი მონიტორინგის სამსახურისგან გადამოწმდება“, - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.
მისივე ცნობით, საკარანტინო სივრცეში დაახლოებით 97 ადამიანი იმყოფება და თვითიზოლაციაში კი - 92. ადამიას განმარტებით, ეს რიცხვი ცვალებადია.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თბილისში ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდაციების მიხედვით ყველაფერი კეთდება. „მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილსერვისის ჯგუფმა პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა და ანალოგიურად დასუფთავდება ყველა გადასასვლელი. ამას გარდა, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია ტარდება საჯარო ბაგა-ბაღებში, სახელოვნებო სკოლებში და თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, გაუქმნა სამი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა.
2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის, ლაიფციგისა და პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე უნდა წარმდგარიყო.
2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა - Salon du Livre de Paris, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, პარიზის წიგნის ბაზრობა გაუქმდა და ჩატარდება 2021 წელს.
ასევე 2021 წლამდე გაუქმდა ლონდონის წიგნის ბაზრობა - London Book Fair, სადაც 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგებოდა და ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავდნენ უცხოელ კოლეგებთან.
მანამდე გაუქმდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობა - Leipziger Buchmesse. მასზე 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით უნდა წარმდგარიყო უკვე მეცხრედ.