"ერთჯერადი კოვზების იდეა ნამდვილად არ არის ცუდი და არ მიმაჩნია, რომ ამით რაიმე კნინდება და ვინმე შეურაცხყოფას აყენებს მრევლს"
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დღეს ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების დინამიკის განსაზღვრა, თუმცა, რადიო თავისუფლების ეთერში ის რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საქართველოში არ დაფიქსირებულა ქვეყნის შიგნითვე გადაცემის შემთხვევა და სამივე გამოვლენილი შემთხვევა იმპორტირებული იყო, მაია ბუწაშვილი გარდაუვლად თვლის ასეთის გამოვლენის პერსპექტივას.
თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურში 35 პაციენტია, მათგან 16 - ახალი
„იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შედეგიდან, 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
🔸 კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი 1 მილიონი ლარიდან 357 095 ლარი შემოსავლების სამსახურმა მიიღო, 135 367 ლარი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ. დანარჩენი თანხა მომდევნო 6 თვის განმავლობაში საჭიროების მიხედვით დაიხარჯება.
🔸 შემოსავლების სამსახურმა დამცავი და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად ტენდერი 28 თებერვალს გამოაცხადა.
🔸 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.
კარანტინი ჩაკეტილ ცხინვალის რეგიონში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დროებითი შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 მარტიდან ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები „რესპუბლიკაში“ შესვლას ვერ შეძლებენ. შეზღუდვები არ ეხებათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.