საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლუგარის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში გადაგზავნილი იყო 23 ნიმუში და არცერთ მათგანში არ დადასტურდა ვირუსის არსებობა.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდება. სწავლის შეწყვეტის ვალდებულება ხვალ, 4 მარტიდან აქვთ.
"ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად", - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს გამოცხადდა. სწავლა შეწყვიტეს უმაღლესმა სასწავლებლებმაც. ამ დროისთვის ჯერ არ შეცვლილა არდადეგების დასრულების თარიღი, 16 მარტი.
ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. „დაიცავით ავტორიტეტული ორგანოების მიერ პროფილაქტიკის მიზნით გაცემული რეკომენდაციები და ინსტრუქციები, დაიცავით სისუფთავე, დაიბანეთ ხელ-პირი, რათა არ დაინფიცირდეთ და სხვებიც არ დააინფიციროთ“, - განაცხადა 3 მარტს ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის ამ გაფრთხილების ფონია ბოლო ცნობა, რომლის თანახმად ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია. გარდაცვლილთა შორის არის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი. მთლიანობაში კი ირანში გამოვლინდა ვირუსის გავრცელების 2336 შემთხვევა. გარდა ამისა, ირანში ხელისუფლების მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელია ინფიცირებული.
აიათოლა ალი ხამენეის ბრძანებით, ირანის არმია დაეხმარება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დეზინფექცია გაუკეთდა დარბაზებს, მაგიდებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პარალელურ რეჟიმში ხვალიდან იუსტიციის სახლის რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება.