ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოს ყველა სახმელეთო საზღვართან და ყველა საერთაშორისო აეროპორტთან საველე კარვები დამონტაჟდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კარვები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.
შსს განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები შემოწმების შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. უწყება განმარტავს, რომ კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.
"სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ", — განმარტებულია შსს-ს განცხადებაში.
ვის უღებენ სინჯს კორონავირუსზე და გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობის ტესტები?
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად საკმარისი რაოდენობის ტესტი არსებობს. პირველი, 2000 ტესტი საქართველოში თებერვლის დასაწყისში, გერმანიიდან ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მას შემდეგ, დამატებითი ტესტები შეიძინეს დიდი ბრიტანეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ამერიკიდან. საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ტესტებით მოამარაგებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ ცენტრში უახლოეს მომავალში ელოდებიან ახალი ტიპის ტესტებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, რომ ანალიზების პასუხისათვის საჭირო 5-6 საათიანი ვადა კიდევ უფრო შეამცირონ.
საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის, პირველ ეტაპზე, მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის 30 იანვრის განკარგულების მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან თანხა ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო.
ამ თანხიდან 357 095 ლარი შემოსავლების სამსახურს გამოეყო და სახმელეთო საზღვრებზე კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო მოწყობილობებს მოხმარდება, 135 367 ლარი კი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას.
კორონავირუსის პრევენციის გამო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას წყვეტენ
მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორი კვირით სპექტაკლებს წყვეტენ.
სპექტაკლებს წყვეტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრიც. ამ დროის განმავლობაში შენობებში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება.