ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთ პაციენტს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერვაძე შენიშნავს, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით დადასტურდა კორონავირუსით ინფექციის მესამე შემთხვევა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იმოგზაურა ირანში, ქალაქ ყუმში. ეს შემთხვევა პირველი შემთხვევის ანალოგიურია. ეს უკვე სერიოზული კერაა და ირანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს - არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან - ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობას აზერბაიჯანი-იარანის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის შესახებ აზერბაიჯანული მედია კორონავირუსის წინაამდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვითვალისწინებთ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწვეტილება შეზღუდვის რეჟიმი დავაწესოთ აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე 2020 წლის 29 თეთებრვილის 16.00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში. შექმნილი ვითარების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში ირანის შესაბამისი უწყებები“, - წერია კორონავირუსის წინაამდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილი შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, საზღვრის ჩაკეტვა არ ნიშნავს იმას, რომ ირანში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მიეცემათ. ამ მიზნთი სპეციალური ე.წ. დერეფანი გაკეთდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდება
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოქოძის თქმით, კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად, სადაც მიიყვანენ ყველას, ვინც პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით, რაც შეეხებათ კლინიკაში აქამდე მყოფ პაციენტებს. გოქოძის თქმით, ისინი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდებიან.
"კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ეს იქნება საკარანტინო ზონა", - განაცხადა ლევან გოქოძემ.
კლინიკის დირექტორის თქმით, ამჟამაჟ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუძლია მიიღოს და დაკვირვების ქვეშ ჰყავდეს 88 პირი.
„დღეს მთლიანად დაიცლება კლინიკა პაციენტებისგან, ხვალიდან ან ზეგიდან კი დავიწყებთ მიღებას", განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ირანში უკანასკნელ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ისლამურ რესპუბლიკაში ამ მომენტისთვის დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა.