- ბევრს ჰგონია, რომ კორონავირუსის ინფექცია შეიძლება ქუჩაში სიარულისას, ჰაერიდან შეგვეყაროს. ეს ასე არ არის.
- კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ 95%-იანი სპირტით და პირიქით - სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ მას;
- ყველა, ვისაც ახველებს, კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.
რადიო თავისუფლება გთავაზობთ დასაბუთებულ სიმართლეს ექიმების განმარტებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების (WHO, CDC) რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
ჰაერშია თუ სად არის კორონავირუსი?
ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის შიშით ქუჩაში გასვლასაც ერიდებიან. არ სჯერათ, რომ კორონავირუსი ჰაერში თავისუფლად არ დაფრინავს.
მარტივად რომ ვთქვათ:
- ჰაერით გადამდები ინფექციებისგან (მაგალითად - წითელა, ტუბერკულოზი) განსხვავებით, კორონავირუსი შორ მანძილებს ვერ ფარავს;
- კორონავირუსი წვეთებით გადამდებ ინფექციებს განეკუთვნება;
- წვეთები ჰაერში დიდხანს ვერ ტრიალებს;
- დაავადებულის ორგანიზმიდან გამოფრქვევის შემდეგ, მას მაქსიმუმ ორი მეტრის დაძლევა შეუძლია;
- თუკი კორონავირუსი ინფიცირებულის ორგანიზმიდან 1-2-მეტრიან დისტანციაზე ვერ მოხვდება სხვა ადამიანის ორგანიზმში, წვეთთან ერთად დაეშვება მიწაზე ან სხვა ზედაპირებზე.
ინფიცირებულმა ადამიანმა მეორე ადამიანი შესაძლოა არა მხოლოდ ხველის გზით, არამედ ლაპარაკის დროსაც დააავადოს.
- წვრილ შხეფებში (რომელიც ლაპარაკის დროს გამოიფრქვევა) ვირუსის კონცენტრაცია ნაკლებია და, ამასთან, ის ერთ მეტრზე შორს ვერ გაიტყორცნება;
- ცემინებისა და ხველის დროს ვირუსი 2 მეტრამდე მანძილსაც ფარავს; ასევე რისკი მაღალია სიმღერის დროსაც.
ზუსტად არავინ იცის, როგორ ზედაპირზე რამდენ ხანს ცოცხლობს ახალი და ჯერ ისევ შეუსწავლელი კორონავირუსი, მაგრამ - ექიმებმა ზუსტად იციან, რომ მისი მთავარი მტერია ხელების დაბანა და დეზინფექცია.
95%-იანი სპირტი კორონავირუსს სიცოცხლეს უნარჩუნებს
თუკი ვერ ვიბანთ, მაშინ - ხელები შეგვიძლია გავიწმინდოთ ანტიმიკრობული ხელსახოცებით, დავიმუშაოთ სპეციალური ანტიმიკრობული ხსნარებითა და აფთიაქებში იოლად ხელმისაწვდომი - სამედიცინო სპირტით.
მაგრამ 95%-იან ხსნარს პირდაპირ ნუ გადაივლებთ ხელებზე - არ გამოგადგებათ ხშირად მოსმენილი პრინციპი - რაც უფრო ძლიერია სპირტი, უფრო მოერევა ვირუსს.
ჯერ ერთი, ხანგრძლივი მოხმარებით კანსაც დაიზიანებთ და მეორე - ვირუსს, პირიქით, სიცოცხლესაც შეუნარჩუნებთ.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ:
- კონცენტრირებული სპირტი მიკროორგანიზმების ფიქსაციისთვის გამოიყენება ბიოლოგიაში;
- შესაბამისად, 95%-იანი სპირტი ცოცხალ ვირუსს მიგვიმაგრებს კანზე.
ექიმების რეკომენდაციაა ეთილის სპირტის 70%-მდე გაზავება. ასეთ კონცენტრაციას ვირუსების მოსპობა შეუძლია.
მართალია, საოჯახო პირობებში ზუსტი პროპორციების დაცვა რთულია, მაგრამ საჭირო და უსაფრთხო კონცენტრაციას მივიღებთ, თუკი 95%-იანი სპირტის 100 მლ-ს დაახლოებით 25-30 მლ წყალს დავუმატებთ.
რა დააშავეს ალერგიულმა ადამიანებმა?
ტრანსპორტში ეჭვის თვალით უყურებენ ყველას, ვინც აცემინებს ან ახველებს - ასეთია დღევანდელი რეალობა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ამ რეალობით ყველაზე მეტად ალერგიული ადამიანები წუხდებიან. მათ ხშირად შეურაცხმყოფელი რეპლიკებიც ესმით.
უნდა გვახსოვდეს, რომ:
- ახლა გაზაფხულია და მცენარეების აყვავება ალერგიულ სიმპტომებს ამძაფრებს;
- ალერგიულ ადამიანებს უმძაფრდებათ სიმპტომები და ეს ხშირად სწორედ ხველასა და ცემინებაში გამოიხატება;
- ალერგიულ ადამიანებს იზოლირებას ვერავინ აიძულებს, რადგან ალერგია არ არის სახიფათო გარშემო მყოფთათვის.
სტიგმატიზება და შეურაცხყოფა მიუღებელია. მაგრამ ექიმები შეგვახსენებენ, რომ ყველამ, ვინც აცემინებს ან ახველებს, მოხრილი იდაყვი უნდა აიფაროს პირზე. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ასე უნდა მოიქცნენ ალერგიულებიც და არაალერგიულებიც.