ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში ცხოველთა დამცველებმა ისევ დაიწყეს პიროტექნიკის საწინააღმდეგო პოსტების წერა თხოვნით - არ ესროლათ სადღესასწაულო ფოიერვერკები, რადგან ხმაური ძალიან აშინებს და აზიანებს შინაურ ცხოველებს ანუ არღვევს მათ უფლებებს.
შეხვდებოდით მოწოდებებს: „არ გამოიყენო პიროტექნიკა“, „არ შესწიროთ ცხოველები დღესასწაულს“.
ასეთი პოსტერებიც გამოჩნდა:
„გთხოვ, არ გამოიყენო პიროტექნიკა, რადგან მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვეშინია. იფიქრე ჩვენზეც და გაგვიფრთხილდი“, - მიმართავდა ამ პოსტერიდან ხალხს ცალთვალა მეტისი ლინდა.
ზოგმა - ამ შინაარსის უზარმაზარი პლაკატები საკუთარ აივანზე გამოკიდა - აი, ასე:
ხელახლა და კიდევ ერთხელ, გაჩაღდა დისკუსია:
აქვს თუ არა ცხოველს უფლება და თუ კი, რომელს და როგორი? ეს მხოლოდ შინაური, ე.წ. კომპანიონი ცხოველების პრივილეგიაა თუ სხვებზეც უნდა ვიფიქროთ? რა განსხვავებაა უფლებასა და კეთილდღეობას შორის?
ერთ-ერთი ბიძგი ამ დისკუსიას პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო სტატუსმა მისცა, რომელიც წერდა, რომ მისი აზრით, „არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე“ და რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია, „არც ცხოველის უფლება არსებობს“.
სისასტიკე სხვა რამეა, - წერდა ის:
„ცხოველებზე სისასტიკე ისჯება, არა იმიტომ, რომ ცხოველების უფლებები არსებობს და ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ჯანსაღი ადამიანებისგან შემდგარ ჯანსაღ საზოგადოებებში სისასტიკე მიუღებელია“.
თამარ ჩერგოლეიშვილმა მაშინ ისიც დაწერა, რომ სისასტიკის აღქმაც ძალიან განსხვავებულია ადამიანებში და ის, ვისთვის „სტეიკის“ ჭამაა, ვისთვის საახალწლო ფოიერვერკებით ცხოველების შეწუხება, ვისთვის კი - მათთვის ტკივილის მიყენების განზრახვით ჩადენილი ქმედება.
ამ დისკუსიას ბევრი სხვაც გამოეხმაურა და კითხვებიც დაგროვდა:
- ეს უფლებები მხოლოდ ე.წ. კომპანიონ ცხოველებს აქვთ?
- თუ ხმაურზე ვლაპარაკობთ, ჩიტებმა რა დააშავეს? და ღორებმა?
- გარეულმა ცხოველებმა?
- ვიღაცას ხორცის წარმოების მიზნით შექმნილი ფერმები გაახსენდა.
- კიდევ სხვას - ნადირობა, ცირკი, ზოოპარკი,
მაგრამ 8 იანვარს გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ სასტიკად სცემს ჯოხით პატრონი ძაღლს სოფელ კაჩაგანში, ეს დისკუსია კიდევ უფრო გააფართოვა და გაამწვავა.
ის ჯოხით ნაცემი ძაღლი ვერ გადარჩა.
პატრონი, რომელმაც მას სცემა, დაკავებულია და ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება (მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით).
სულ ორიოდე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ რეხაში კიდევ ერთ ძაღლს ესროლეს სანადირო თოფიდან. დაჭრილი ძაღლის გადარჩენა ვეტერინარებმა შეძლეს, მსროლელი პოლიციამ დააკავა.
იმის წინ ბაღდადში სცემეს სასტიკად მიუსაფარ ძაღლს, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.
კიდევ ბევრი მსგავსი, არცთუ შორეულ წარსულში, საქართველოში მომხდარი შემთხვევის გახსენება შეიძლება.
იმ დღეებში ცხოველთა მოყვარულები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, თვალი გაუსწოროს ცხოველების მიმართ სისტემური ძალადობის გარემოს და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს.
ერთ-ერთი იყო დეა მეტრეველიც, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, რომლის აზრით, ყოველდღიურად ცხოველების მიმართ ძალადობის ფაქტებმა საშიში მასშტაბი მიიღო.
ამის მიზეზად ის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობას და წლების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების სრულ გულგრილობას ასახელებდა:
„ყველა მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. კანონის მკაცრად აღსრულების პრეცედენტი თუ არ შეიქმნება, მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალადობის მომსწრენი გავხდებით, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებზეც“, - წერდა დეა მეტრეველი.
საიდან მოდის სისასტიკე? - ცხოველები, მათი კეთილდღეობა და ქვეყანა კანონის გარეშე
ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ჭავჭანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს უკვე მთელმა მსოფლიო აღიარა ცხოველების ხუთი თავისუფლება, რაც არანაირად არ ზღუდავს სხვების თავისუფლებას და ეს ნიშნავს, რომ ცხოველი:
- თავისუფალი იყოს შიშისა და ტანჯვისგან.
- თავისუფალი უნდა იყოს შიმშილისა და წყურვილისგან.
- თავისუფალი იყოს დისკომფორტისგან.
- თავისუფალი იყოს ტკივილისა და ავადმყოფობისგან.
- შეეძლოს ბუნებრივად მოქცევა.
ამ თავისუფლებების გარანტორი, კომპანიონი ცხოველებისთვის, ადამიანი უნდა იყოს, რადგან სწორედ მან აიღო მათზე პასუხისმგებლობა.
მაგრამ თუ არ იარსებებს ქმედითი კანონი, ამბობს თინათინ ჭავჭანიძე, ვერანაირი მორალი თუ რელიგია ვერ აგვარიდებს თავიდან იმას, რომ ხან ადამიანი იყოს ცხოველის მსხვერპლი, ხან კი თავად გახდეს მასზე მოძალადე.
„ჩემი აზრით, ის, ვინც ვიღაცაზე ძალადობს, ალბათ, თავადაც ძალადობის მსხვერპლია. შეიძლება, ბავშვობაში, ან სულაც იმ კონკრეტულ მომენტშია რაღაცაზე გაბრაზებული და სურს ამ ბრაზის ამონთხევა მასზე, ვინც უფრო სუსტია. არადა, ეს სამყარო არ არის მხოლოდ ჩვენთვის შექმნილი იმიტომ, რომ ჩვენ უფრო განვვითარდით და შეგვიძლია სხვისი დაჩაგვრა“.
ემპათიის განვითარებაც შესაძლებელია, ამბობს თინათინ ჭავჭანიძე და იხსენებს, როგორ ასწავლიდნენ ის და მისი კოლეგები ბავშვებს სკოლაში თავიანთი თავი სხვის ადგილას, ამ შემთხვევაში კი, ცხოველების ადგილას წარმოედგინათ.
თავიდან ეს ბავშვები ძაღლების მიმართ სისასტიკის ამსახველ წარმოუდგენელ ამბებს ჰყვებოდნენ და ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობაც იყო და თითქოს მისაღები ქცევაც, მაგრამ ოთხი თვის მუშაობის შემდეგ, ისინი უკვე ჰყვებოდნენ როგორ გაარჩინეს ლეკვები.
სწავლებამ გაჭრა - აგრესია შემცირდა.
საქართველოს ტრასები - მიუსაფარი ძაღლების ჯოჯოხეთი
ცხოველთა მოყვარულისა და აქტივისტის, თიკო კვალიაშვილის ეზოში, ჩვენი სტუმრობისას ხუთი ძაღლი დაგვხვდა. მათგან სამი ქუჩიდან მოყვანილი ძაღლია, ზოგი გურიაში ნაპოვნი, ზოგი კახეთის ტრასაზე, ზოგიც თბილისის ქუჩებშიც.
თიკო უკვე წლებია, მთელ საქართველოში მიუსაფარი ძაღლების გადარჩენას სხვადასხვა გზით ცდილობს. ზოგს გამოკვება უნდა, ზოგს მკურნალობა, ზოგისთვის პატრონი უნდა იპოვოს.
ამ ვიდეოში თიკო სწორედ ამ გამოცდილებაზე გვიყვება, მის მიერ შეფარებულ ძაღლებს გვაცნობს, საქართველოს ტრასებზე დატოვებული ძაღლების მდგომარეობას აღწერს და თავის აზრსაც გვიზიარებს - რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როგორ უნდა დავიცვათ ცხოველები.
მისთვის, როგორც აქტივისტის და უბრალოდ, ცხოველების მოყვარულისთვის, ცხოველის უფლება ნიშნავს იმას, რომ მან იარსებოს ადამიანის გვერდით ჯანმრთელმა, სტერილურმა და ძალადობისა და დევნისგან დაცულმა.
თიკოსთვის ცხოველებზე ზრუნვა მის მთავარ საქმედ ჯერ კიდევ ბავშვობაში იქცა, როცა აგარაკზე ყოფნისას, რვა წლისამ, ტყეში, ხეზე თოკით ჩამოკიდებული ძაღლი ნახა.
ის გვიყვება, რომ ძალადობის ასეთი ფორმები დღესაც არსებობს, ოღონდ უფრო დაფარულია. მისთვის კი ეს შემთხვევა გახდა ბიძგი, რომ სულ იზრუნებდა განსაკუთრებით მიუსაფარ ცხოველებზე და ასეა დღემდე.
„საქართველო ერთი დიდი მდუღარე კუპრის ქვაბია, სადაც ცხოველები იტანჯებიან. და ვიტანჯებიც ჩვენც, ვისაც ეს ცხოველები გვტკივა და ყველას ვერ ვეხმარებით“, - ეუბნება თიკო რადიო თავისუფლებას.
უფრო მეტი, ვიდრე კეთილდღეობა - ეთიკური ვეგანიზმი
ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, თამაზ თოხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ყოველთვის, როცა ცხოველთა უფლებების საჯარო განხილვა იწყება, ფოკუსში ძირითადად ძაღლები და კატები ხვდებიან მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვებით, ცხოველების დისკომფორტი ახალი წლის გამაყრუებელი ხმაურის გამო „ახლოსაც ვერ მივა იმ წარმოუდგენელ სისასტიკესთან, რომელსაც, ყოველწლიურად, ათობით მილიარდი ცხოველი განიცდის ინდუსტრიულ ფერმებში და სასაკლაოებზე და მათ შორის საქართველოშიც“.
თამაზ თოხაძეს, რომელიც ეთიკური ვეგანიზმის მომხრეა, ვკითხეთ, რას მოიცავს მისთვის „ცხოველის უფლება“, რაზეც გვიპასუხა, რომ ამოსავალი საკითხი მისთვის ცხოველების ინტერესების გათვალისწინებაა - როგორც ჩვენს ქმედებებში, ისევ კანონებში.
„კანონით ამ საკითხის მოგვარება დღეს არარელევანტური მგონია, მაგრამ ამაზე საუბარი მაინც უნდა დავიწყოთ. ყოველთვის აქცენტი დასმულია მხოლოდ იმ ცხოველებზე, ვინც ჩვენს მეგობარ ცხოველებად მიგვაჩნია. არადა, არ არის აუცილებელი, ცხოველი შენი მეგობარი იყოს, რომ მისი ინტერესიც გაითვალისწინო“, - გვითხრა მან.
რას გულისხმობს ცხოველების ინტერესების ეთიკურ გათვალისწინებაში? თამაზ თოხაძე გვეუბნება, რომ ტანჯვის სრულად აღმოფხვრა ცხოველების მიმართ ამ მიდგომის რეალისტური მიზანი ვერ იქნება, მაგრამ ტანჯვის მაქსიმალურად შემცირება შესაძლებელია და ეს ადამიანების ქმედებებზეა სრულად დამოკიდებული.
ამ ვიდეოში თამაზ თოხაძე უფრო ვრცლად გვიყვება ეთიკური ვეგანიზმის არსსა და სურვილზე, რომ ეს დისკუსია საქართველოშიც გახდეს აქტუალური:
რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში?
იქაც არც ისე მარტივადაა საქმე, რადგან ცხოველთა უფლებების საკითხზე ჯერ ყველა ვერ თანხმდება, რადგან თუ კაცობრიობა ამაზე შეთანხმდება, რომ ცხოველებს აქვთ უფლება და მათი ხორცი არ უნდა ვჭამოთ, მაშინ ფერმებისა და სასაკლაოების უზარმაზარი ინდუსტრიაც უნდა გაქრეს. აიკრძალოს ზოოპარკები და ა.შ.
მაგრამ მსოფლიო შეთანხმდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ცხოველთა კეთილდღეობის დასაცავად და ამისთვის ქვეყნებმა არაერთ საერთაშორისო დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
მაგალითად, “შინაურ ცხოველთა დაცვის ევროპულ კონვენციას“.
ამ ამბებზე უფრო დეტალურად სანდრო გვინდაძისამ სტატიაში წაიკითხავთ.
ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის მიღებას წლებია საქართველოშიც ცდილობენ. არაერთი კანონპროექტიც დაიწერა და მათ შორის, ერთ-ერთის, „კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ კანონის“ თანაავტორი თინათინ ჭავჭანიძეც იყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ასეთი კანონი საქართველოს დღემდე არა აქვს.
თინა გვიყვება, რომ ერთადერთი, რაც დაახლოებით ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველოში ხდება, პერიოდულად მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომელსაც ცხოველების დამცველები დიდი ხანია „მკვდარ კანონს“ უწოდებენ, რადგან ის, უმრავლეს შემთხვევაში, არ სრულდება.
მაგრამ ცხოველებისადმი სასტიკად მოქცევის გარდა, არის კიდევ უამრავი საკითხი, მათ შორის, გამრავლება, პატრონის ვალდებულება და ა.შ., რაც „კეთილდღეობის შესახებ კანონს“ შეეძლო დაერეგულირებინა.
ის კანონი მაშინ პარლამენტის კომიტეტებზე განიხილეს, შენიშვნებიც დაიწერა, თუმცა საპარლამენტო სესიაზე განხილვამდე საქმე არ მისულა. მერე ცხოველთა უფლებადამცველების სხვა ჯგუფის კანონპროექტი მომზადდა და თითქოს ერთობლივი კანონი უნდა მომზადებულიყო.
„ოთხი წელი ვიარეთ პარლამენტში და ვილაპარაკეთ უშედეგოდ“, - ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.
ფაქტი ის არის, რომ მსგავსი კანონი საქართველოს დღემდე არა აქვს.