ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში, წინასწარი ინფორმაციით, ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ზომა 2 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო თოფიდან ესროლა. ძაღლს გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
მანამდე, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა საკუთარ ძაღლს. ცხოველი მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში 8 იანვარს გავრცელდა.
დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება პატიმრობით - ერთიდან ოთხ წლამდე.
ცხოველთა დამცველებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა არ ისჯებოდა; ხოლო მეორე ნაწილი ასეთ ოპტიმიზმს ამ ეტაპზე არ იზიარებს. როგორც ისინი აცხადებენ, ოპტიმიზმის საფუძველი მაშინ გაჩნდება, თუკი ცხოველებზე მოძალადეების წინააღმდეგ სასამართლო საბოლოო საპატიმრო განაჩენს გამოიტანს.