Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა იყო" - სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი დაკითხა


21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი “კარტოგრაფების საქმეზე”. მან გაიხსენა 2005 წელს გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობა განიხილებოდა.

ყოფილმა პრემიერმა სასამართლოს უთხრა, რომ ამ პროცესზე, ისევე როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, სრული პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ჰქონდა.

ნოღაიდელის ჩვენების შემდეგ გაჩნდა კითხვა, ხომ არ გაფართოვდება ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე და ყოფილი პრეზიდენტით ხომ არ დაინტერესდება გამოძიება.

ამ კითხვის პასუხად პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მედიას უთხრა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, წარედგინება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ბრალი ამ საქმეზეც, თუმცა მნიშვნელოვანია მოწმის მიერ ნათქვამი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის შესახებ.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შესაძლო გადაცემის მცდელობას ედავება პროკურატურა “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. ყოფილ პრემიერ-მინისტრს გამოძიებისთვის ნათქვამი აქვს, რომ ის პირადად არ იცნობდა ბრალდებულებს, მაგრამ ახსოვს უშიშროების საბჭოს სხდომა, “სადაც ამ საკითხის განხილვა იყო, პირდაპირ დაისვა საკითხი, რომელ მხარეს იქნებოდა დავითგარეჯის სამი სალოცავი”. ზურაბ ნოღაიდელი 2020 წელს ამბობდა, რომ 2005 წელს საქართველო განიხილავდა შესაძლებლობას, რომ ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო.

21 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 2005 წელს გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა.

„იქ დაისვა საკითხი, რომ დავითგარეჯის ის ნაწილები, რომელზეც აქ მიმდინარეობს საუბარი, არის შანსი თუ არა, რომ იყოს საქართველოს შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს მაშინ მისცა განმარტება, რომ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საბუთის, დოკუმენტის და რუკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რჩება აზერბაიჯანის მხარეს. მალხაზ მიქელაძე იყო თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა გახდა, რომ მონასტერი შენარჩუნებულიყო როგორც ქართული მონასტერი, ეს იყო ჩვენს წინაშე დაყენებული ფაქტობრივი ამოცანა. უშიშროების საბჭოს მართავდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო მისი უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა“, - უთხრა ნოღაიდელმა სასამართლოს.

მას ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატმა სთხოვა დაზუსტება, როგორ იყო ფორმულირებული მალხაზ მიქელაძის სიტყვები - კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩება თუ ექცევა? ნოღაიდელმა განმარტა, რომ საუბარი იყო ხელთ არსებული დოკუმენტებით ამ ტერიტორიების აზერბაიჯანულ მხარეს მოქცევაზე და ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს დარჩეს.

„რჩებაში კი არ იგულისხმება, რომ ჩვენ რამე უნდა მიგვეცა, უნდა გვეჩუქებინა ან რაღაც… ჩვენი სურვილი იყო და, დარწმუნებული ვარ, დღესაც არის, რომ დავითგარეჯის კომპლექსი თავიდან ბოლომდე იყოს საქართველოს მხარეს. ჩვენ უშიშროების საბჭოზე მაშინ მივიღეთ განმარტება, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი რჩება აზერბაიჯანის მხარეს“, - ასე უპასუხა ნოღაიდელმა ადვოკატის კითხვას.

მალხაზ მიქელაძე კარტოგრაფების საქმის გამოძიების პერიოდში კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა - გამოძიების მტკიცებულებების ნაწილია მის სამუშაო ოთახში ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები და აუდიოჩანაწერები, რომელიც მის და ივერი მელაშვილის კომუნიკაციას ასახავს. ამ თემაზე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მიქელაძე ამბობდა, რომ რუკები, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება ბრალდებულებს ედავება, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს 2019 წელს გადასცა, თუმცა აზერბაიჯანმა უარი თქვა ამ კარტოგრაფიული მასალის გამოყენებაზე საზღვროს დადგენის პროცესში. მალხაზ მიქელაძემ, რომელიც გამოძიებამ არაერთხელ დაკითხა, საგარეო საქმეთა სამინისტრო 2023 წელს დატოვა.

ზურაბ ნოღაიდელს პროკურორმა ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მთავრობის ფორმატში, რაზეც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ იყო.

„მე ამ საკითხს არ ვიხილავდი. ამ საკითხის ჩემთან შეთანხმება არც საჭირო იყო და არც სავალდებულო. ეს იყო პრეზიდენტის კომპეტენცია“, - თქვა ნოღაიდელმა.

პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკაში ჩართულობის საკითხზე კითხვა ჰქონდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძესაც. მან იკითხა, ახსოვდა თუ არა, ვისი უფლებამოსილება იყო საგარეო პოლიტიკის წარმოება იმ დროს, როცა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ნოღაიდელის პასუხის მიხედვით, ეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო - კანონის მიხედვით, ამ საკითხზე პასუხისმგებელი მთავრობა იყო.

ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მას შეახსენა მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის შესახებ 2004 წელს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ახორციელებს საზღვრის დაცვის ღონისძიებებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. ნოღაიდელმა თქვა, რომ კანონი ბოლომდე არ წაუკითხავს.

გიორგი მშვენიერაძის კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა რუკებს. მან იკითხა, დაინტერესებულა თუ არა ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრობის დროს, რა რუკები ჰქონდა საქართველოს აზერბაიჯანთან წარდგენილი. მოწმემ ამ კითხვაზე თქვა, რომ ამ თემაზე მას კითხვები არ ჰქონია.

„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავითგარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო", - განაცხადა ნოღაიდელმა ადვოკატის კითხვის პასუხად.

“კარტოგრაფების საქმეზე”, რომელსაც საქალაქო სასამართლო მესამე წელია განიხილავს.

  • სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დაიწყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
  • გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ბრალდებას მათ წინააღმდეგ მთავარ მკიცებულებებად აქვს რუსეთის არქივებიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკები და გარეჯელი ბერის, არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება.
  • ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოციათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეაგროვეს.
  • 2021 წლის 2 მარტს სახალხო დამცველმა ამ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივის არსებობა დაადგინა.
XS
SM
MD
LG