"მე მგონი ბატონმა ჩემმა კოლეგებმა საერთოდ გააფრინეს, როცა ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. მე დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - დამოუკიდებელი დეპუტატები იღებდნენ თუ არა მონაწილეობას მონაწილეობას კენჭისყრაში. როცა შევედი დარბაზის იმ ნაწილში სკამები იყო ცარიელი, ქალბატონ ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ზუსტად ალბათ 30 წამი, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხულია და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება, არც კი მინდა სერიოზულად მივუდგე" - თქვა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საკუთარი პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრალდებაზე, რომელიც ქართული ოცნების წევრებმა მის მიმართ გააჟღერეს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა დარბაზში არსებული სუნის გამო, რომელიც იქ დაღვრილმა სითხემ გამოიწვია.
განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა:
„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა უმკაცრესი რეაგირება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირმა ნადირაშვილის სახელი სითხესთან მიმართებაში პირველად გია ვოლსკიმ ახსენა.
"ამას რა ჰქვია და აქცია-პერფორმანსი, ძალადობრივი, მე ვფიქრობ, რომ კრეატიულად ძალიან სუსტი, რომ მთავარი არხი, ნაცმოძრაობა, მოძრაობა კმარა თუ სირცხვილია, ნადირაშვილი და რამოდენიმე ადამიანი არიან გაერთიანებული ერთ სცენარში, რომელმაც ეს არეულობა გამოიწვია. ” - თქვა გია ვოლსკიმ.
“რაღაც დაასხეს, მე მგონი ორმა გოგომ ნაციონალები რომ არიან თუ მეორე ნაციონალები. ეს თავისი შინაარსით არის ტერორისტული აქტია, ალბათ გამოიძიებენ. მე არ დამინახია რომ გავიდნენ საშინელი სუნი დადგა”, – ეს განცხადება გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.
დეპუტატმა ნინო წილოსანმა კი თქვა, რომ დაინახა დარბაზში შესული დეპუტატები, რომლის გვარს და სახელსაც არ იტყვის გამოძიებამდე, თუმცა თვლის, რომ “ეს ადამიანები თითოეულ ჩვენგანს, მოქალაქეს, სრულიად ერს ჩაგვიყრიან მალე საწამლავს.”
ირმა ნადირაშვილი კოლეგებისგან, რომლების მას ბრალდებებს უყენებენ, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
პარლამენტში ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი "ქვეყნის სამსახურში" იღებს.