2023 წლის მესამე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი გაზრდილია. მეტწილად - “იმედისა” და “რუსთავი 2-ის" ხარჯზე. განახლებული მონაცემები, რომლებიც ივლისი-სექტემბრის პერიოდს ასახავს და გასული წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული, კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა.
ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, აქედან 23% - 3,5 მილიონი ლარი - მატებაა წინა წელთან შედარებით.
ტელეკომპანიების შემოსავლები:
- “იმედი” - გაიზარდა 1,4 მილიონი ლარით;
- “რუსთავი 2” - გაიზარდა 1,1 მილიონი ლარით;
- “მთავარი არხი” - შემცირდა 0,2 მილიონი ლარით;
- POS TV - გაიზარდა 0,5 მილიონი ლარით;
- “ფორმულა” - გაიზარდა 0,4 მილიონი ლარით;
- “TV პირველი” - გაიზარდა 0,1 მილიონი ლარით.
ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი რეკლამა შევიდა “იმედში”. ამ არხის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 6,3 მილიონი ლარი გახდა. მეორე ადგილზეა “რუსთავი 2”, რომლის შემოსავალი 73%-ით გაიზარდა და 2,6 მილიონი გახდა.
გასულ წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, რადგან მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სამაუწყებლო რეკლამა აუკრძალა. შედეგად, თუ 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს.