“ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჯაროვა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მონიტორინგის შედეგები. დოკუმენტში სამართლებრივად არის გაანალიზებული პოლიტიკური პარტიების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები. ეს პირები არიან: ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკანორ მელია, გიორგი რურუა, გიორგი ჯავახიშვილი, თორნიკე დათაშვილი, ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია, მორის მაჩალიკაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ასე აჯამებს ბოლო ერთი წლის ამბებს დარღვევებსა და დანაშაულებზე რეაგირების კუთხით:
„ამ საქმეებიდან გამოვლინდა, რომ ეროვნულ დონეზე არაფერი გაკეთებულა 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეების გამოსაძიებლად, სავარაუდო დანაშაულების და დამნაშავეების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.
არსებობს ძალიან დიდი დისბალანსი, რაც მეტყველებს სწორედ ხელისუფლების მიდგომაზე: ჩვენ გვყავს დაზარალებულის სტატუსის მქონე 68 პოლიციელი და მხოლოდ 8 დემონსტრანტი და მოქალაქე. ეს დისბალანსი მეტყველებს სწორედ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არქონაზე, მიმდინარე გამოძიების ტენდენციურობაზე, რაც გამოვლინდა სწორედ ჩვენი მონიტორინგის საქმეებში.
განსაკუთრებით გამოსაყოფია ჟურნალისტების საქმეები. უპრეცედენტოდ ბევრი ჟურნალისტი დაზარალდა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისას. ისინი ასრულებდნენ პროფესიულ საქმიანობას და სწორედ იმ დროს მოხდა მათ წინააღმდეგ დამიზნებით რეზინის ტყვიების და სხვა სპეცსაშუალებების გამოყენება, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება. ეთიკის ქარტიის მიერ აღწერილია 39 ჟურნალისტი. მათგან არც ერთს აქვს დაზარალებულის სტატუსი. ვიცით, რომ ბევრად მეტია ასეთი ჟურნალისტი“.
ალეკო ცქიტიშვილი თვლის, რომ იმავე ჟურნალისტების მიერ გადაღებული მასალის გამოყენებით, რომლის უდიდესი ნაწილიც გამოძიებამ გამოითხოვა კიდეც პროცესის დასაწყისშივე, იყო შესაძლებელი არაერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა:
„შესაძლებელი იყო წარმართულიყო გამოძიებები და პასუხისგებაში მიეცათ სამართალდამცავები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო სწორედ ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრების მიხედვით. რაც შეეხება ბრძანების გამცემ პირებს, ვხედავთ, რომ ყოფილი შს მინისტრი, რომელმაც გასულ წელს რამდენიმე ტელეინტერვიუში აღნიშნა, რომ - დიახ, ბრძანება მან გასცა - ახლა როგორ უარყოფს ბრძანების გაცემის ფაქტს და გადააბარა პასუხისმგებლობა ქვემდგომ პირებს.
მაშინ, როცა ირაკლი ოქრუაშვილი - ყოფილი შს მინისტრი დღეს სასამართლოში სამართლდება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით სწორედ იმიტომ, რომ ის იყო შს მინისტრი იმ დროს და პასუხისმგებელი იმ ტრაგედიაზე, რაც მაშინ მოხდა. გიორგი გახარია კი ირიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც, თავი რომ დავანებოთ ბრძანების გაცემის საკითხს“.
„დილის საუბრების“ ერთ-ერთი მსმენელის შეკითხვას - რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მონიტორინგმა და ამის ანგარიშებში ასახვამ, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი პასუხობს:
„მნიშვნელოვანია, თუნდაც ისტორიისთვის - რომ მოხდეს შემდგომ შეფასებები, თუ რა გზით მიდიოდა და ვითარდებოდა ქვეყანა. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გავაგრძელოთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა - იქნება ეს საკანონმდებლო თუ პრაქტიკის შეცვლის მიმართულებით. მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს რა მდგომარეობაა სასამართლოში, საგამოძიებო სისტემაში“.
სულ ახლახან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული სამი ჟურნალისტის სახელით მომზადებული სარჩელები. მათ შემთხვევაში, ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა იმისათვის, რომ გენერალურ პროკურატურას დაზარალებულად ეცნო ჟურნალისტები და ეწარმოებინა ეფექტიანი გამოძიება. როგორც ალეკო ცქიტიშვილი განმარტავს, სხვა დაზარალებული სტატუსის მისაღებად წარმოებულ სხვა საქმეებში ჯერ კიდევ მისდევენ ეროვნულ მექანიზმებს, თუმცა, მათი წარუმატებლობის შემთხვევაშიც, პროცესს გააგრძელებენ სტრასბურგში:
„ყველაზე კარგი მექანიზმი, რაც აქვს ქართველ ხალხს, არჩევნებზე მისვლაა და ის გამოუტანს განაჩენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს არ უწევს არანაირ ანგარიშს და აგრძელებს ძალადობრივ საქმიანობს. ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ ერთწლიან პერიოდს“.