კვერცხის ადგილობრივი წარმოება არ შემცირებულა, ხოლო იმპორტი გაიზარდა. ამის მიუხედავად, კვერცხის ფასი გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ითაა მომატებული.
კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები იმპორტის გაზრდაზე წუხან და სახელმწიფოს საზღვრის დაცვას სთხოვენ.
$12 ათასიდან $684 ათასამდე
სტატისტიკის სამსახურები დანიშნულების მიხედვით ასხვავებენ ქათმის კვერცხს - ინკუბირებისათვის და არაინკუბირებისათვის. მათი სტატისტიკა ცალ-ცალკე იწარმოება. საქართველოში ორივე ტიპის კვერცხის იმპორტი არის გაზრდილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით.
პირველ რიგში დავაკვირდეთ „შინაური ქათმის ახალ კვერცხს, არაინკუბირებისათვის“, - როგორც ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე, „სუფრის კვერცხს“, ან სასურსათო კვერცხს. იგი საკვებად გამოიყენება და ინკუბატორებში წიწილების გამოსაჩეკად არ მოიხმარენ.
საქართველოში მსოფლიოდან „სუფრის კვერცხის“ იმპორტი, 2023 წლის პირველ კვარტალში, - პირველ სამ თვეში, - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რადიკალურად გაიზარდა - $12 790-დან $684 260-მდე.
როგორც 2022 წლის, ისე 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოვიდა კვერცხი. შესაბამისად, სრული გაზრდილი იმპორტიც თურქეთზე მოდის.
2023 წლის თვიური მონაცემები ასე გამოიყურება:
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთიდან კვერცხის იმპორტის რადიკალური ზრდა 2022 წლის მე-4 კვარტლიდან იწყება.
2023 წლის პირველ კვარტალში მაინც უფრო მეტი კვერცხი შემოვიდა, - ჯამურადაც და თურქეთიდანაც, - ვიდრე 2022 წლის მე-4 კვარტალში.
ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი იმაზე მეტია, ვიდრე 2021 წელს ქვეყანაში მთლიანად შემოტანილი კვერცხის ღირებულება.
მიზეზები
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი თურქეთიდან სუფრის კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის თურქეთში შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს.
„თურქეთმა ბოლო წლებში გაზარდა კვერცხის წარმოება, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტების ნაკადმა იკლო, რასაც მიწისძვრებმაც შეუწყო ხელი. თურქეთში გაზრდილმა წარმოებამ კი გასაქანი ჰპოვა საქართველოში - ახლომდებარე ბაზარზე, რომელიც ღიაა“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი. იგი, ასოციაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისი XII“-ის დამფუძნებელია.
თურქეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტურისტების რაოდენობა 2023 წლის თებერვლისთვის, წლიურ ჭრილში, გაზრდილია, თუმცა, ამავე დროს, 2022 წლის სექტემბრიდან კლების ტენდენციაა.
საქართველოს სტატისტიკა, თავის მხრივ, აჩვენებს, რომ გასულ 10 წელიწადში მსოფლიოდან კვერცხის იმპორტი მეტად ქაოტური იყო: თუკი 2013-14 წლებში 1.5 და 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2015 წელს რადიკალურად შემცირდა 36 000 დოლარამდე, შემდეგ 3 წელი ნელ-ნელა იმატებდა, 2019 წელს 1.4 მლრდ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი კვლავ დაიკლო.
2019 წელს საქართველოში მსოფლიოდან კვერცხის ჯამური იმპორტი იყო 1.4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო თურქეთის წილი - მხოლოდ 65.2 ათასი დოლარი - დაახლოებით 5%. იმ წელს მხოლოდ ორი იმპორტიორი იყო საქართველოში - თურქეთი და უკრაინა. სწორედ უკრაინაზე მოდიოდა იმპორტის 95%.
2020 წელს უკრაინიდან კვერცხის იმპორტი განახევრდა ($577 ათასი შეადგინა), 2021 წელს კი $110 ათასამდე შემცირდა. რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, 2022 წლიდან კი საერთოდ შეწყდა. ამჟამად ერთადერთი იმპორტიორი თურქეთია.
სად იყიდება იმპორტირებული კვერცხი?
ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი თავდაპირველად აგრარულ ბაზრობებზე იყიდებოდა ხოლმე ცალობით, შეუფუთავად.
რადიო თავისუფლებამ „ორი ნაბიჯის“, „სპარის“ და „ევროპროდუქტის“ ქსელებში, შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ მაღაზიებში, მხოლოდ ქართული წარმოების კვერცხი იპოვა. 10-ცალიანი შეკვრის ფასი 6 ლარიდან 6.45 ლარამდეა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კვერცხზე ფასმა 13.6%-ით მოიმატა.
ამასთან, უჩუმბეგაშვილის თქმით, იანვარში კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა, - მანამდე კი, გასულ წელს 20%-ით მოიმატა ღირებულებამ. ადგილობრივი წარმოების კვერცხის გაძვირების ძირითად მიზეზად ნედლეულის, - ამ შემთხვევაში ქათმის საკვები სიმინდისა და ხორბლის, - გაძვირება სახელდება.
განსხვავება ფასში?
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხი ფასით კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების კვერცხს, - უფრო იაფია, მაგრამ, უჩუმბეგაშვილის თქმით, ნაკლებად ხარისხიანი.
უჩუმბეგაშვილის შეფასებით, ხდება „დემპინგი“: „ჩვეულებრივ, როდესაც რომელიმე ქვეყნის პროდუქცია შემოდის, საშიში არ არის, გაუწევ კონკურენციას. მაგრამ როდესაც საუბარია სოფლის მეურნეობის მალფუჭებად პროდუქციაზე, რომელიც არ გადამუშავდება და რომლის ჭარბი წარმოებაც აქვს მეზობელ ქვეყანას, ამავე დროს, სხვაგან წასაღები არ აქვს, შენთან შემოაქვს, ოღონდ გაყიდოს, იქ უკვე ფასზე აღარაა საუბარი. ეს არის კლასიკური დემპინგი“, - ამბობს იგი.
ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმითვე, „მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია“ სისტემატურად მართავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან და სთხოვს კვერცხის ადგილობრივი ბაზრის ექსპორტისგან დაცვას, თუმცა უშედეგოდ.
მას მოჰყავს პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითი, რომლებმაც გასულ კვირას მიიღეს გადაწყვეტილება, 30 ივნისამდე გარკვეული პროდუქტების, მათ შორის კვერცხის, იმპორტი აეკრძალათ, - ძირითადად, უკრაინიდან.
„ევროკავშირში მცხოვრებ ფერმერს თუ შეუშალა უცხოურმა პროდუქციამ ხელი, ჩვენი ფერმერი ისე მყარად დგას ფეხზე, რომ ხელს ვერავინ უშლის?“ - კითხულობს იგი.
გაიზარდა საინკუბაციო კვერცხის იმპორტიც
გარდა „სუფრის კვერცხისა“, 2023 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია იმ კვერცხის იმპორტიც, რომელიც ინკუბირებისათვის გამოიყენება.
თუკი ამ პროდუქციის იმპორტი გასულ წელს, პირველ კვარტალში, მხოლოდ 12.8 ათასი აშშ დოლარი იყო, წელს ამავე პერიოდში 684 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა ამ შემთხვევაშიც, - ორივე წლის პირველ კვარტალში, - მხოლოდ თურქეთია.
საინკუბაციო კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზად „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი საქართველოში თურქულ-ქართული ინკუბატორის ამუშავებას ასახელებს.
მისი თქმით, თურქულ კომპანია HasTavuk-თან ერთად 2022 წლის მარტიდან გარდაბანში ამუშავდა ინკუბატორი, რომელიც „ეწევა სანაშენე ფრინველის წარმოება-რეპროდუქცია-რეალიზაციას“.
საინკუბაციო კვერცხის იმპორტის ზრდასთან ერთად გაიზარდა წიწილის ექსპორტი საქართველოდან.
2023 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში 1.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წიწილა (ოფიციალური კლასიფიკაციით, ეს არის „ცოცხალი შინაური ქათამი, მასით არაუმეტეს 185 გრამისა“) გავიდა, სომხეთში კი - 302 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისა.