სოფელ აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის დედის ადვოკატებმა, საქმეში მონაწილე პირების მიერ გაუთქმელობის პირობის დადება მოითხოვეს.
რა მდგომარეობაშია ამჟამად არასრულწლოვანი დედა? უტარდება თუ არა მას ექსპერტიზა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ? - ამ და სხვა კითხვებზე, ამ ეტაპზე, გაუთქმელობის პირობის გათვალისწინებით, არანაირი ინფორმაციის მოძიება არ არის შესაძლებელი.
უკანასკნელი ოფიციალური ინფორმაცია მოზარდის შესახებ გავრცელდა 23 მაისს, გორის რაიონულ სასამართლოში, როდესაც მისმა სახაზინო ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ შვიდი თვის ჩვილი თავად გაგუდა.
ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ არ იქნება გავრცელებული
მოზარდის ინტერესებს, როგორც სისხლის სამართლის საქმის, ისე მისი, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლები იცავენ. გაუთქმელობის პირობის ოქმის შედგენაც სწორედ მათ მოითხოვეს. ამის მიზეზი ადვოკატების თქმით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და მისი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების თავიდან აცილებაა:
„ეს თემა მედიამ აქტიურად აიტაცა. საქმის დეტალები კი ისე შუქდებოდა, რომ სრულად ირღვეოდა ბავშვის უფლებები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მოზარდის ერთ-ერთი ადვოკატი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა თავხელიძე.
მისი თქმით, არაერთმა მედიასაშუალებამ ცალმხრივად, ყოველგვარი ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე გააშუქა ინფორმაცია აღაიანში მომხდარი მკვლელობის შესახებ და 16 წლის მოზარდის პირადი ცხოვრების დეტალები საზოგადოებაში განხილვის თემად აქცია:
„როგორც კი ამ საქმეში ჩავერთეთ, 25 მაისს მივმართეთ შსს-ს და საქართველოს პროკურატურას და მოვითხოვეთ, ერთის მხრივ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეცამეტე მუხლის (არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცვა) საფუძველზე და ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104 მუხლის საფუძველზე, გაუთქმელობის პირობის დადება, რაც გულისხმობს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ შესაბამისი ზომის გამოყენებას გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობის შესახებ. პროცესის მონაწილეები, ყველა ის პირი, ვინც ჩართულია ამ საქმეში, გამოკითხულია ან რაიმე ინფორმაციას ფლობს, ისინი გააფრთხილეს, რომ პროკურორის ან გამომძიებლის ინფორმირებისა და მათი ნებართვის გარეშე, ვერ გაამჟღავნებენ საქმის შესახებ ცნობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ოქმს გაუთქმელობის პირობის შესახებ, ჩვენ, ადვოკატებმაც მოვაწერეთ ხელი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ არ იქნება გავრცელებული“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 30 მაისს განიხილა 16 წლის მოზარდის ადვოკატების, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადება რამდენიმე მედისაშუალების წინააღმდეგ. საბჭომ დაადგინა, რომ აღაიანში მომხდარი ფაქტის გაშუქებისას, დარღვეულია ინფორმაციის სიზუსტე, ბავშვის ინტერესები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და რიგ შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს.
16 წლის დედას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ჩვილის განზრახ მკვლელობას ედავება.
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს, 23 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს გაიმართება.
სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა აღიძრას 7 თვის ბავშვის მამის წინააღმდეგაც. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ 24 მაისს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედა ორსულობის დროს 15 წლის იყო. კანონმდებლობის თანახმად კი 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს 7- დან 9 წლამდე პატიმრობას.