Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: "გილეადის" მექანიზმით პრეპარატის [რემდესივირის] ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სოლიდარობის კვლევებში საქართველოს ჩართვაზე საუბრისას თქვა, რომ ამ კვლევებში ჩართვა ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ რეკომენდაცია იყო იმისათვის, რომ ქვეყანაში შესაძლებელი გამხდარიყო პრეპარატ „რემდესივირის“ შემოსვლა, რომელიც კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გადაუდებელ შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მაისიდან დაუშვეს. მედიკამენტის ეფექტურობაზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არაერთი კვლევა მიმდინარეობს და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გადაწყდება მისი მასობრივი გამოყენების საკითხი.

„გილეადთან ჩვენ დიდი ხანია კარგი თანამშრომლობა გვაქვს, გილეადის მაღალი დონის მენეჯმენტი სერიოზულად იყო დაინტერესებული, რომ ჩვენ დროულად გვქონოდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, თუმცა გილეადის მექანიზმით პრეპარატის პირდაპირ, უშუალოდ ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა და მათი რეკომენდაცია იყო სოლიდარობის კვლევაში საქართველოს ჩართვა, რაც არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ასეთი მცირე ნაკადით პაციენტების, რომელიც მკვლევარებისთვის, ბუნებრივია, რომ კვლევის თვალსაზრისით არ არის საინტერესო და დიდი, მოხვდა ამ კვლევაში. ეს განაპირობა იმანაც, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა ქართველ პროფესიონალებთან და ძალიან კარგი ისტორია არსებობს კვლევებში მონაწილეობის კუთხით როგორც შიდსისა და ინფექციური დაავადების ცენტრის პერსონალის მხრიდან, ასე ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მხრიდან და საქართველოს რეპუტაცია კვლევებში მონაწილეობის მხრიდან საკმაოდ მაღალია და ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა", - თქვა თამარ გაბუნიამ 5 მაისს.

რემდესივირთან დაკავშირებით 30 აპრილს ისაუბრეს ამირან გამყრელიძემ და თენგიზ ცერცვაძემ. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიას პრეპარატი უკვე შეუკვეთა, თენგიზ ცერცვაძემ კი აღნიშნა, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც მას მიიღებს.

5 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პრეპარატი კვლევის ფარგლებში შემოვა საქართველოში და ის ფიზიკურად მაისის ბოლოსთვის შეიძლება გაჩნდეს იმ 7 ქართულ კლინიკაში, რომელიც კვლევაში ერთვება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სოლიდარობის კვლევები რამდენიმეკომპონენტიანია და, როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, საქართველოში 4 კომპონენტით შემოდის, ანუ პრეპარატ რემდესივირის გარდა, კვლევა ჩატარდება პლაქვენილსა და კიდევ ორ სხვა მედიკამენტზე.


XS
SM
MD
LG