Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დროში უნდა გათავისუფლდეს


ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ თავის რუს კოლეგასთან პრაღაში შეხვედრის უმთავრესი საკითხია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის უმოკლეს დროში გათავისუფლების საკითხი.

„რა თქმა უნდა უპირველსად ამ საკითხს დავაყენებ. რაც შეიძლება სწრაფად, უსწრაფესად უნდა გათავისუფლდეს ეს პიროვნება და დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა! აქ ბევრი დისკუსიები და დიალოგი არანაირად საჭირო არ არის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, 28 ნოემბერს რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყების წინ.

ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ თუ ქართული მხარის მოთხოვნა დაუყოვნებლად არ შესრულდება, თბილისი იფიქრებს სათადარიგო გეგმაზეც, რომლის დეტალებიც ქართველმა დიპლომატმა არ დააკონკრეტა.

ჩეხეთის დედაქალაქში დახურულ კარს მიღმა რეგულარულად იმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება პრაღიდან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების იმედი აქვს გრიგორი კარასინსაც, მაგრამ შეხვედრის დაწყების წინ, სასტუმრო „ავგუსტინეს“ წინ რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან არ იცის, თუ როდის მოხდება ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი ექიმის გათავისუფლება.

რუეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

XS
SM
MD
LG