ამ საკითხთან დაკავშირებით The Guardian-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. „სიბირ. რეალიიმ“ ექსპერტებს გამოკითხა, რამდენად რეალურია, რომ ციმბირის პათოგენებმა პანდემია გამოიწვიონ.
ანტიბიოტიკები ნეანდერტალელების დაავადებებს განკურნავენ?
კლავერი ვარაუდობს, რომ გლობალური დათბობა გამოათავისუფლებს იმ ბაქტერიებს, რომლებიც ახლა ციმბირში მუდმივი ყინულის ქვეშ არიან. ისინი კი, თავის მხრივ, უხსოვარი დროის ავადმყოფობებს გამოიწვევენ. კლავერი ეჭვობს, რომ ამგვარ ეპიდემიას თანამედროვე ანტიბიოტიკებით მალე ვერ დაამარცხებენ, რადგან „ბაქტერიები, რომელთა გენი ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია, ყინულში მოულოდნელად ბევრი აღმოჩნდა“.
თუმცა ამ პესიმიზმს ყველა ექსპერტი როდი იზიარებს.
- თუ რომელიმე ბაქტერია გადნება და გაცოცხლდება, მასზე თანამედროვე ანტიბიოტიკები აუცილებლად იმოქმედებენ, - მიიჩნევს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი იგორ ვასილევსკი (სახელი შეცვლილია - რ.თ.), - ანტიბიოტიკების დიდი უმრავლესობა ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. ისინი საჭიროა იმისთვის, რომ ბაქტერიები და მიკროსკოპული სოკოები ერთმანეთს ებრძოლონ და არა იმისთვის, რომ ადამიანებმა ბაქტერიული ინფექციები მოირჩინონ. რაც ბაქტერიები არსებობს, ანტიბიოტიკებიც არიან. საუბარია ასობით მილიონზე, მილიარდობით წლებზე.
ვასილევსკი დარწმუნებულია, რომ ანტიბიოტიკები, რომლებსაც დღეს მედიცინაში იყენებენ, მუდმივი ყინულის ქვეშ მოქცეულ ბაქტერიებსაც მოერევა. მეტიც, ის ბაქტერიები უფრო მოწყვლადები იქნებიან ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე დღევანდელები.
- ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების გამო ბაქტერიების გენები მათ მიმართ უფრო მდგრადი გახდა. ასე რომ, აქ სერიოზულ პრობლემებს არ უნდა ველოდოთ.
ჟან-მიშელ კლავერი მიიჩნევს, რომ მუდმივი ყინულის საფარველში შესაძლოა ისეთი პათოგენები იყოს, რომლებიც ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. „ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა ზოგ მათგანს არასდროს შეხებია. და ეს მორიგი პრობლემაა“, - განაცხადა მეცნიერმა.
- ბაქტერიები ადამიანებზე ცოტათი ძველია. მაგრამ ის ბაქტერიები, რომლებიც ყინულშია, ბაქტერიების საზომით, ძალიან ახალგაზრდები არიან. მუდმივი ყინულის საფარი ბოლო მილიონი წელია არსებობს, ან ორი მილიონი. ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც დღეს მუდმივი ყინულია, მხოლოდ 200-10 ათასი წლის წინ გაჩნდა. ევოლუციის გადასახედიდან ეს მხოლოდ წამია, ისიც არა, - ამბობს იგორ ვასილევსკი.
ეს დრო ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შეგვეშინდეს, თითქოს მუდმივ ყინულში სასიკვდილო ბაქტერიებია დაკონსერვებული.
- ევოლუცია ნელა მუშაობს. თითქმის ყველა ბაქტერია, რომელსაც ახლა ვეხებით, ძალიან დიდი ხნის წინ წარმოიქმნა. ისეთი „ახლო ნათესავი“ ბაქტერიებიც კი, როგორებიცაა ნაწლავის ჩხირი „Eciherichia coli“ და „სალმონელა“, საერთო წინაპარს ასობით მილიონი წლის წინ დაშორდნენ. ამიტომ ვერ ვივარაუდებთ, რომ თანამედროვე ბაქტერიები ძველებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ 100 ათასი წლის წინ თოვლში გახვეული ბაქტერია ახლა ზედაპირზე ამოვა და ყველას დახოცავს, - ამტკიცებს იგორ ვასილევსკი, - იმაზე ლაპარაკიც უსაფუძვლოა, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ძველ ბაქტერიებს ვერ იცნობს. იმუნური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ცნობს იმას, რასაც კონკრეტული ადამიანი არასდროს შეხვედრია. მას „ისტორიული მეხსიერება“ არ აქვს. ჩვენს სხეულში ის ცარიელი ფურცლიდან იწყებს მოქმედებას.
საერთოდ არის კი მუდმივ ყინულში ცოცხალი ბაქტერიები?
ვასილევსკის თქმით, ჯერ ისიც კი არ დამტკიცებულა, რომ ათასწლოვან ყინულში საერთოდ შემორჩა სიცოცხლის უნარის მქონე მიკროორგანიზმები.
- რა თქმა უნდა, ღრმა გამყინვარებისას შეძლება ბაქტერიული უჯრედები შეინახოს. ლაბორატორიებში ისინი სწორედ ასე ინახება, მათ შორის, ათეული წლების განმავლობაში. მაგრამ ღრმა გამყინვარებაში, როგორც წესი, იგულისხმება -70 გრადუსი ტემპერატურა. ამ პირობებშიც კი დნმ-ის გენეტიკური ინფორმაცია მაინც ფუჭდება. დნმ იშლება და ქიმიურად იცვლება, რაც მის დეაქტივაციას იწვევს - ცილების კოდირების უნარს კარგავს. მუდმივ ყინულში ტემპერატურა ცოტა მაღალია, ბაქტერიების შენახვის დრო კი გაცილებით გრძელი. ამიტომაც მათი სიცოცხლისუნარიანობის ხარისხი დაბალი იქნება.
ბოლო გამყინვარების შემდეგ მუდმივი ყინულის ტემპერატურა -20 გრადუსი იყო. თანამედროვე პირობებში ციმბირში თითქმის არ არის ყინულის საფარი, სადაც -10 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა იქნება. რომც ვივარაუდოთ, რომ არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ამ ტემპერატურაზე ათასწლეულების განმავლობაში გაძლებდნენ, ამის დადასტურების შესაძლებლობა კიდევ კარგა ხანს არ გვექნება.
- ვიცი, რომ ნოვოსიბირსკის მეცნიერები ცენტრიდან „ვექტორი“ ცდილობდნენ მსგავსი კვლევები ჩაეტარებინათ, მაგრამ ეს უფრო უხეირო მეცნიერების მაგალითად თუ გამოდგება, - ამბობს იგორ ვასილევსკი, - თითქმის შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ბაქტერია მართლაც ძველია და არა თანამედროვე, რომელიც კოლბებში შემთხვევით, მონაცემების შეგროვებისას მოხვდა. ყველა სტატიას, რომელიც მუდმივ ყინულს ეხება, ეს ნაკლი აქვს. სწორედ ამიტომაც აქვეყნებენ დაბალრეიტინგიან ჟურნალებში.
შესაძლებელია ყინულიდან ვირუსის გაცოცხლება?
თუ ყინულში ბაქტერია ვერ გადარჩება, იქნებ ეს ვირუსებს გამოუვიდეთ? მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა კლავერის ხელმძღვანელობით, 2014 წელს განაცხადა, რომ მუდმივი ყინულიდან ვირუსის პირველი ცოცხალი დნმ ამოიღო, რომლითაც ამების დაინფიცირება არის შესაძლებელი.
- ვირუსების შემთხვევაშიც იგივე ხდება. თითქმის შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ვირუსი ნამდვილად ყინულის ძველი ნაჭრიდან აიღეს. ვირუსები უფრო ნაკლებად სტაბილურებიც არიან, ვიდრე ბაქტერიები. არსებობისთვის მათ სჭირდებათ, პატრონის უჯრედები დააინფიცირონ, ვირუსი გაამრავლონ, რაც მუდმივ ყინულში არ გამოდის. ამიტომაც რამდენად დიდხანს შეიძლება ინახებოდეს ვირუსი, ეს კიდევ საკითხავია.
ამასთან, მუდმივ ყინულში ინახება ვირუსებისა და ბაქტერიების გენეტიკური მასალა, ასევე ძველი ცხოველების გენეტიკური მასალა და დნმ.
- მაგალითად, 40 ათასი წლის წინ მკვდარი მამონტის შესწავლისას მეცნიერებმა შეიძლება მიიღონ მისი დნმ, მისი გენომის მთლიანად წაკითხვაც კი შეუძლიათ. მაგრამ ეს დნმ დაზიანებული იქნება, დანაწევრებული, - განმარტავს ვასილევსკი, - სწორედ ამის გამოა მამონტის კლონირება შეუძლებელი. ეს ვირუსებსა და ბაქტერიებსაც ეხება: მათი დნმ-დან მხოლოდ ნაწილია დარჩენილი.
ყვავილის გავრცელებამდე ცოტაღა დარჩა?
კლავერი ერთადერთი მეცნიერი როდია, რომელიც „ზომბების ვირუსის“ გამო პანდემიას პროგნოზირებს. ვირუსოლოგი მაიონ კუპმანსი, ერაზმუსის სამედიცინო ცენტრიდან იმავეს ფიქრობს. „არ ვიცით რა ვირუსებია მუდმივ ყინულში, მაგრამ ვფიქრობ, რეალურია, რომელიმე მათგანმა პროვოცირება გაუკეთოს, მაგალითად, პოლიომიელიტის ძველი ფორმის გავრცელებას“, - განაცხადა მან.
მოჰამედ კემელმას კი, კაიროს უნივერსიტეტიდან, დაავადება ყვავილის გავრცელების ეშინია, რადგან ის სიცივეს კარგად უძლებს.
- ამას რომ ამბობენ, უნდა განმარტონ რას გულისხმობენ, - ამბობს იგორ ვასილევსკი, - გაუგებარია, ყვავილის ძველი ფორმა რანაირია, უარესი თუ უფრო მარტივი. თანამედროვესგან რით განსხვავდება? ვაქცინა რატომ ვერ უნდა მოერიოს? ან აქამდე რატომ უნდა მოეღწია? თუ ვირუსი არ მრავლდება, ის აუცილებლად წახდება. ამიტომ ამის თაობაზე ლაპარაკი ახლა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა.
თუმცა, მეცნიერების ჯგუფი, კლავერის ხელმძღვანელობით, ამბობს, რომ დრო არ იცდის და ძველ ვირუსებსა და ბაქტერიებთან შესახვედრად უკვე ახლა უნდა მოვემზადოთ. არქტიკა იმაზე ჩქარა თბება, ვიდრე დანარჩენი პლანეტა.
- ეს მართლაც ასეა, რაც უფრო ჩრდილოეთია, მით უფრო ჩქარი ტემპით მიდის დათბობის პროცესი. ზოგ ადგილას სამჯერ უფრო სწრაფადაც კი, - ამბობს ვლადიმირ რომანოვსკი, ალასკის უნივერსიტეტის პროფესორი (აშშ), - ნებისმიერი ცვლილების ამპლიტუდა არქტიკაში უფრო მაღალია. საშუალო შეფასებით, გალღობის სიჩქარე წელიწადში 10 სანტიმეტრია. 200 მეტრის სიღრმეზე რომ გადნეს ყინული, ამას 200 წელი დასჭირდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგი მათგანი უკვე ახლა არ დნება. იქ, სადაც ნაპირების ეროზიაა, სადაც წყალი რეცხავს ნაპირს, ყინული ადგილიდან იძვრის და უფრო ძველი ფენებიც გამოჩნდება ხოლმე. თან ეს ლოკალური პროცესიც არ არის. ეროზია ჩრდილოეთყინულოვანი ოკეანის მთელ სანაპიროს მიჰყვება. თუმცა, გლობალურ დნობაზე მაინც ადრეა საუბარი.
ზომბი-აპოკალიფსი არ იქნება?
ზომბების ვირუსებით გამოწვეული პანდემიის საფრთხე, ვასილევსკის აზრით, ნულის ტოლია, თუმცა, მოდუნებაც არ ღირს.
-არ შეიძლება გამოვრიცხოთ ძველი ბაქტერიებისა და ვირუსების გენეტიკური მასალების გაცვლის პროცესი თანამედროვე ბაქტერიებსა და ვირუსებთან. ვირუსები და ბაქტერიები გენეტიკურ ინფორმაციას ერთმანეთში მუდმივად ცვლიან. ადამიანები გენეტიკურ ინფორმაციას მხოლოდ ადამიანებს უცვლიან. ასე ხდება, როდესაც ბავშვებს ვაჩენთ. სხვა სახეობებს, მაგალითად, ჟირაფებს, რომ გავუცვალოთ გენები, არ შეგვიძლია. ბაქტერიებისთვის კი ეს ჩვეულებრივი საქმეა. სულ სხვადასხვა სახის ბაქტერიები ერთმანეთში ადვილად ცვლიან გენეტიკურ ინფორმაციას. სწორედ თავიანთი ამ თვისების გამო აქვთ ასეთი მდგრადობა ანტიბიოტიკებისადმი.
ახალი გენეტიკური ინფორმაციის მიღება ბაქტერიებს ვირუსებისგანაც შეუძლიათ.
- შესაძლოა, რომელიმე ძველი გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც ყინულიდან დნობის შედეგად გამოთავისუფლდება, ატმოსფეროში მოხვდეს და უკვე არსებულ ვირუსსა და ბაქტერიას შეეთვისოს. ამისთვის საჭირო არ არის, ყინულში დნმ მთლიანად შეინახოს, მისი ფრაგმენტიც საკმარისია. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მუდმივი ყინულის დნობა უკვე არსებული ვირუსებისა და ბაქტერიების მრავალფეროვნებას არ გაზრდის.
შესაძლოა ამის მინიმალური ალბათობაა, მაგრამ ეს მაინც შეიძლება მოხდეს და თუ მოხდა, მისი შედეგები საშინელი იქნება, - ამბობს იგორ ვასილევსკი.