Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი გაფრინდაშვილზე: განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგია, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შემდეგ.

„ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენთან ერთად გაწეული იმ ძალისხმევისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო და დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში... ხელისუფლება პირველი დღიდანვე, როდესაც ბატონი ვაჟას უკანონო დაკავება მოხდა, იყო ძალიან აქტიურად ჩართული. არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა, უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის ფორმატი, სადაც ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით არ გვქონდა წამოწეული ბატონი ვაჟას უკანონო ტყვეობის საკითხი... ჩვენ ყველა მცდელობა და ღონისძიება განვახორციელეთ იმისთვის, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა იმისთვის, რომ ბატონი ვაჟა უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაბრუნებულიყო, იყო გამართლებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ვაჟა გაფრინდაშვილი გორში
ვაჟა გაფრინდაშვილი გორში

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

ვაჟა გაფრინდაშვილი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, გორიდან თბილისისკენ, საკუთარი ავტომობილით, ოჯახის წევრების თანხლებით გაემგზავრა. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

XS
SM
MD
LG