Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება პეტიცია საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ


"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას" - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც ინტერნეტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს პარლემენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს და დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანა.

21 მაისის დღის 5 საათისთვის პეტიციას 2 500 ადამიანი აწერს ხელს.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.

გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მორიგი ტყუილი უწოდა იმას, რომ პარლამენტი წინასაარჩევნოდ ეკლესიისთვის მიწების გადასაცემად იღებს ამ კანონს.

“თქვენ იცით რომ ვიდრე ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე განხილვამდე მოვიტანდით, არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ,თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად გვინდა სწორედ წინასაარჩევნოდ ტყეები გადავულოცოთ საპატრიარქოს და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ყველას, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, დამეთანხმება რომ იმ შემთხვევაში თუ ეკლესიას მიეცემა ტყეები მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები - ეს ვალდებულებები მოიცავს ინვენტარიზაციას, მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს.

სპეკულაციები, თითქოს ტყის ტერიტორიებს ვაძლევთ უსასყიდლოდ საპატრიარქოს, არის ტყუილი მორიგი და შეურაცხყოფა იმ შრომის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავწიეთ ამ კოდექსის აქამდე მოსატანად.

პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან მიიღოს - ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის ეკლესია-მონასტრებს რომლებიც ტყის ფონდში ისტორიურად განთავსებული გახლავთ, მოუაროს და შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს” - თქვა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა 20 მაისს კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტს ამ კანონის მხარდაჭერაზე უარის თქმას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც მოუწოდებდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გეგმავს, კანონის დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს მისი არაკონსტიტუციურობის გამო. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კი თვლის, რომ კანონი არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს.

XS
SM
MD
LG