Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ვუწყობთ პროტესტს?  - დავით გარეჯის დამარხული ნაღმები


28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი - ერთი აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მეორე კი ქართველი აქტივისტების, გარეჯელი მამებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია.

აქციების პარალელურად, მუშაობას აგრძელებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, თუმცა საბოლოო შედეგამდე, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, წინ მოლაპარაკების კიდევ არაერთი რაუნდია.

ამ ფონზე, როცა ხელისუფლებები ლაპარაკობენ, ხოლო აქტივისტები ამ დრომდე დაუდგენელ საზღვართან აქციებს მართავენ, არსებობს თუ არა იქ ვითარების დაძაბვის საფრთხე და რამდენად აკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლება? არის თუ არა ამ დრომდე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმარისად მკაფიო?

ის ხალხი, ვინც 28 მაისს დავით გარეჯისკენ გეზის აღებას აპირებს, ფიქრობს, რომ არა. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მსგავსი აქციები - მთავარი ლოზუნგით „გარეჯა ჩვენია“, „დავით გარეჯი საქართველოა“ თითქმის მთელი თვეა დროგამოშვებით ეწყობა მას შემდეგ, რაც წინასააღდგომოდ აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღით ჩაკეტა.

გარეჯელი მამების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია

სოციალურ ქსელში უკვე დაანონსდა, რომ ქართველი სამოქალაქო აქტივისტები, 28 მაისს, აზერბაიჯანელების მიერ დაგეგმილ მსვლელობას მსვლელობითვე უპასუხებენ და შეუერთდებიან გარეჯელი სასულიერო პირების აქციას - ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“.

ცნობილია, რომ ეს აქცია ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დროშების თანხლებით უნდა ჩატარდეს, როგორც ნიშანი, რომ „არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან“.

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია, რომ არავის მისცემენ უფლებას დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს რეგიონს.

„გვჯერა, რომ ამ დღეს გარეჯში ჩვენს გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს და ვერც გაუგებარმა, სავარაუდოდ, დაინტერესებული ძალების მართულმა პოლიტიკამ ვერ უნდა გადაფაროს“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

სასულიერო პირების მხრიდან დავით გარეჯის საკითხს ამ დრომდე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ 26 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი“ - ეპისკოპოსმა თავის მრევლთან ერთად წითელ ხიდთან საპროტესტო აქციაც გამართა და მათ დროებით გადაკეტეს წითელი ხიდისკენ მიმავალი საავტომობილო გზა.

​ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ფეისბუკგვერდზე აქციის ორგანიზება უკვე მიმდინარეობს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა თანამოაზრეებს მოუწოდებს შეუერთდნენ გარეჯელი მამების აქციას. აზერბაიჯანელი აქტივისტების მსვლელობაზე კი ამბობს:

„ეს აქტივისტები მოდიან იმისათვის, რომ ამოვიდნენ ჩიჩხიტურზე და იქ აფრიალონ აზერბაიჯანული დროშები, რაც პირდაპირი პროვოკაცია გახლავთ.... ჩამოდით გარეჯში, რათა არ მივცეთ უფლება აზერბაიჯანელ პროვოკატორებს აფრიალონ დროშები ქართულ მიწაზე!“

სამოქალაქო პროტესტი - საფრთხე თუ საშველი?

ისტორიკოს ლადო მირიანაშვილს, რომელიც 30 წელია დავით გარეჯს სწავლობს, კარგად ახსოვს მასთან დაკავშირებული ყველა პროტესტი, არაერთხელ გამძაფრებული ვითარება და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მრავალწლიანი მუშაობაც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის კიდევ ერთხელ აჯამებს დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებულ გადაუჭრელ პრობლემას და ამბობს, რომ დღესაც და წარსულშიც მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩენილ კითხვაზე, რამდენად არის საფრთხის შემცველი ორი ქვეყნის სადაო საზღვართან გამართული პატრიოტული საპროტესტო აქციები მაშინ, როდესაც ხელისუფლებები მოლაპარაკების პროცესში არიან, ისტორიკოსი ასე პასუხობს:

„ერთი მხრივ, სამოქალაქო პროტესტი აუცილებელია. და ეს აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ბოლო დროს კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომ ხელისუფლების ქმედებები არ არის გამჭვირვალე. ამ აქტივიზმით მათ ფორმაში უნდა ამყოფონ ხელისუფლება და მას მოდუნების საშუალება არ მისცენ. თუმცა ადგილზე არსებობს საფრთხე პროვოკაციის მოწყობისა და ამას ერთი-ორი ადამიანიც ეყოფა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მსვლელობას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მართული ადამიანები აწყობენ. მათთან დაპირისპირება კი, არ მგონია, რომ რამე შედეგს მოიტანს, მით უფრო, რომ ის ტერიტორია, სადაც ისინი აქციის ჩატარებას გეგმავენ, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად სექტორშია და ჩვენ, ალბათ, უფლებაც არ გვაქვს, რომ მათ იქ მოსვლა და აქციის გამართვა დავუშალოთ, თან მაშინ, როდესაც თავიანთ დამოუკიდებლობის დღეს უკავშირებენ. მოკლედ, ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი, რომ ამგვარი დაპირისპირება არ გადაიზარდოს ეროვნებათა შორის შუღლში, რომელიც იქნება ყველაზე სავალალო შედეგი იმისა, რასაც არ უნდა მოველოდეთ მომავალში“, - აცხადებს ლადო მირიანაშვილი.

მისი შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, დავით გარეჯი, ის დამარხული ნაღმია, რომლის შესახებაც იცის ორივე ქვეყნის მთავრობამ. ამ ფონზე, ისტორიკოსს არასწორად მიაჩნია, რომ აზერბაიჯანული მხარე, რატომღაც, არ ფრთხილობს საქართველოსთან ურთიერთობაში და თითქოს, ცდილობს თავისი ძალა აჩვენოს საქართველოს ხელისუფლებას.

„ეს ძალიან ცუდია და ეს უნდა შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლებამ. მაგალითად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა დავით გარეჯის საკითხს სპეციალური სხდომა მიუძღვნა. ჩვენთან, პარლამეტში ჩატარდა რამე მსგავსი? არ ჩატარებულა. ოფიციალური პირებისგან სერიოზული განცხადებები გაკეთდა სიტუაციის შესახებ? არ გაკეთებულა. მე მგონია, რომ ასე დამალვა, გაუმჭვირვალობა არ შეიძლება და შექმნილ ვითარებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდება არის ყველა მთავრობის და მათ შორის, საქართველოს მთავრობის ვალდებულება, სხვანაირად, ეს ყველაფერი იწვევს დამატებით ეჭვებს, და სწორედ ამ ეჭვებიდან გამომდინარე, სამოქალაქო აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა, რადიკალურ ზომებამდე მივიდეს“, - აცხადებს ლადო მირიანაშვილი.

რას (არ) ამბობს ხელისუფლება?

შსს მინისტრი გიორგი გახარია:

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის“.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე:

„პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის, იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არსებობს საქართველო- აზერბაიჯანს შორის“.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი:

„მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. 90-იანი წლებიდან დაწყებული უმძიმესი მემკვიდრეობა მოდის დღემდე და ვერც ერთი, ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებზე დაფუძნებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მისი „სამუდამოდ დაწესებული საზღვრები“.

"ივანიშვილი უნდა დაელაპარაკოს ალიევს"

„მიუხედავად იმისა, რომ გარეჯის პრობლემა არ არის მოქმედი ხელისუფლების შექმნილი და ამ პრობლემის არსებობაში, წინა ხელისუფლებების წვლილიც არანაკლებია, ის, რაც დღეს დავით გარეჯში ხდება, 100%-ით საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას. „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა.

პოლიტიკოსის შეფასებით, ყოველ ჯერზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის პრობლემა გვარდებოდა მხოლოდ ხელისუფლების პირველი პირების მოლაპარაკების შედეგად:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, არ გამწვავდეს და შეტაკებამდე არ მივიდეს, უნდა ილაპარაკონ პირველმა პირებმა. აზერბაიჯანი ცოტა სხვანაირი ქვეყანაა, იქ მაინც არის ავტორიტარული ტიპის, ვერტიკალური მმართველობა და ასე არ ხდება, რომ სამოქალაქო აქტივისტები გამოვარდნენ ქუჩაში, იქ ყველაფერს აკონტროლებს ხელისუფლება და მეტიც, იქ არავის სჯერა, რომ ჩვენი აქტივისტები მოქმედებენ თავისით და მათ არ აქეზებს საქართველოს ხელისუფლება. ხოლო როცა სალომე ზურაბიშვილი იქ ჩავიდა და განცხადებები გააკეთა საზღვრის დემარკაციაზე ეკლესიის ფონზე, ეს, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღიქვა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი ეკლესიები მოაქციოს ისევ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემაა, რომელზეც ენთუზიასტები მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამენ“.

უხეშად რომ ვთქვათ, ამბობს დავით ზურაბიშვილი, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაელაპარაკოს ილჰამ ალიევს.

რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტებს, ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლება მათაც უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას, რომ სიტუაციის გამწვავება არ ვარგა:

„როდესაც შენ ცალი ხელით ელაპარაკები ხელისუფლებას, რომ რაღაცნაირად ჩააცხრო იქ შექმნილი ვითარება და იმ დროს იქ აქცია ტარდება, ვერც ერთ აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირს ვერ დაარწმუნებ, რომ ეს აქტივისტები საქართველოს ხელისუფლების მიგზავნილები არ არიან. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა აუხსნას ყველაფერი მათაც და საპატრიარქოსაც, რომელიც ამ საკითხზე აქტიურობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერ გაიგებს“.

დავით ზურაბიშვილი არ მოელის, რომ ვითარება ორ ქვეყანას შორის მეტად გამწვავდება, რადგან მისი სიტყვებით, ეს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანს არ აწყობს.

ერთადერთი, ვისაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება აწყობს, რუსეთია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG