ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის შესახებ, რომელიც დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივით შეიქმნა, ახალი დეტალები იკვეთება. ცენტრის დირექტორმა ნუნუ შალამბერიძემ 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცენტრი ეხმარება მხოლოდ ახალდაქორწინებულებს, რომლებიც მთაში დასახლებას გადაწყვეტენ.
ცენტრისგან დახმარების მისაღებად წყვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იყოს. მათ გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეთ იმ რეგიონში ცხოვრება, რომელსაც მთის სტატუსი აქვს. ცენტრის დირექტორმა ნუნუ შალამბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრი არ აპირებს შეყვარებულების არც აღრიცხვას და არც დაფინანსებას.
ახალდაქორწინებულებისთვის დახმარება ერთჯერადია. კერძოდ რა თანხაზეა საუბარი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუმცა ნუნუ შალამბერიძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ახალდაქორწილებულებს მისცემენ სახლს, ხოლო წლის შემდეგ, თუ დარწმუნდებიან, რომ მთაში ცხოვრება უნდათ, ამ სახლს საკუთრებაში გადასცემენ. სხვა სახის დახმარებაზე ჯერჯერობით ცენტრის ხელმძღვანელობა ჩამოყალიბებული არ არის.
ნუნუ შალამბერიძის თქმით, ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი დამფინანსებლები შეძლებული ემიგრანტები არიან. ქველმოქმედებს თავიანთი სახელების გამხელა არ სურთ. ამ დროისთვის ცენტრის ანგარიშზე ჯერ თანხა არავის ჩაურიცხავს, მათ შორის არც ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს.
20 თებერვალს ცენტრის იდეის ავტორმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა თქვა, რომ ჰქონდა იმედი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მსუყე თანხას ჩარიცხავდა შეყვარებულთა აღმრიცხავ ცენტრშიო.
„6 დღეა რაც დარეგისტრირდა, მაგრამ ანგარიში 2 დღეა რაც გაიხსნა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, მხედველობაში მაქვს ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომელთა თხოვნითაც შეიქმნა, სხვათაშორის, ეს ცენტრი და ვნახოთ რა იქნება მომავალში. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ, ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და არის ქართველი ხალხის გვერდით ამდენი წელიწადია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.