შეხვედრა 11 ივნისის ღამით უცხოეთში მცხოვრები ქართველების ვიდეომიმართვებით გაიხსნა. მათ შორის იყო მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
შემდეგ ახალგაზრდებს პრეზიდენტმა მიმართა და შეხვედრის დანარჩენი ნაწილი კითხვა-პასუხს დაუთმო.
“არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე… თქვენ შეძელით, რომ თქვენი კრეატიულობით, სილაღით, თქვენი ქართველობით, ეროვნულობით, ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული”, - სალომე ზურაბიშვილმა “უცხოეთის აგენტების" კანონის გაპროტესტებისთვის ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.
მან ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს ეგზისტენციური უწოდა, რომლის შედეგმაც საქართველოს ევროპული გზა უნდა გადაარჩინოს.
ერთ-ერთი დასმული კითხვის პასუხად პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, "მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატის ირგვლივ კონსენსუსი იქნება".
"არ ვიცი, ვისი კონსენსუსი იქნება, ეს იქნება პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ “ქართულ ქარტიაზე”, თუ საზოგადოებაში გამოხატული კონსენსუსი. კიდევ ვიმეორებ, რომ იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ერთის მხრივ, არჩევნებში გამარჯვებაა, შემდეგ ქარტიის შესრულება მოკლე დროში. მე მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და ჩვენ გაგვიხსნიან [ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკებებს. ეს იქნება პრეზიდენტის თუ სხვა როლში, მომავალი გვიჩვენებს. თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები".
ზურაბიშვილმა ასევე განმარტა რეფერენდუმის ინიციატივა და თქვა, რომ მისი იდეა “დამახინჯდა”.
“რეფერენდუმი არ არის იმისთვის, რომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია. კონსტიტუციამ დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა. ეს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია. რეფერენდუმმა უნდა კითხვა დასვას და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ “ქართული ქარტია” არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ეს ევროპული მომავალი”.
სალომე ზურაბიშვილმა ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონპროექტს, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და ე.წ. ოფშორების კანონს რუსული უწოდა. მისი თქმით, თითოეულის წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არასწორია და მთელი ყურადღება არჩევნების მომზადებას უნდა დაეთმოს.
"სწორედ, ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ გადაგვიყვანოს სხვადასხვა საკითხზე და არა მთავარზე, რაც არის არჩევნებისთვის მომზადება. შემდეგი პარლამენტი, - და ეს წერია ქარტიაში, - გააუქმებს ყველა რუსულ კანონს".
“მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი, 22 წლის და მინდა, რომ უღმესი მადლობა გადაგიხადოთ და დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ, რომ სწორ მხარეს იბრძვით და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. სიტყვები არ მყოფნის, ისე მიყვარხათ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ”, - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა, 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებულმა აქტივისტმა, რომელიც აპრილში პრეზიდენტმა შეიწყალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველად მიეცა შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილისთვის მადლობა პირადად გადაეხადა. “საბოლოო ჯამში, მადლობის გადასახდელად უფრო ვიყავი და შეკითხვა აღარ დავსვი, სხვებს დავუთმე, რომ პრეზიდენტისთვის კითხვები დაესვათ”, - თქვა მან.
რისთვის იყვნენ მისული სხვა ახალგაზრდები? რადიო თავისუფლება პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მონაწილეს ესაუბრა.
ლიზა მიქაია 18 წლის არის და წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამბობს, რომ საპროტესტი აქციებზე საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად დადიოდა.
“იმისთვის მოვედი, რომ ჩვენი პირველი პირის, პრეზიდენტის აზრი მაინტერესებდა მიმდინარე მოვლენებზე. როცა ჩვენი თანატოლები დღე და ღამე იბრძვიან თავისუფლებისთვის, გვაინტერესებდა პრეზიდენტის შეხედულებები ამ საკითხზე. როგორც კი ეს ამბები დაიწყო, პრეზიდენტს მაშინვე ჩვენი მხარე ეჭირა, გვერდში გვედგა თუნდაც იმით, რომ კანონს ვეტო დაადო. ახლაც თქვა, რომ მომავალში თქვენს გვერდით ვიქნებიო. ამიტომ მგონია, არჩევნებზე დიდ როლს შეასრულებს.
თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა გააკეთოს არჩევანი საკუთარი მომავალისთვის. ოქტომბერში მეც გავაკეთებ არჩევანს ჩემი მომავლისთვის. არ მინდა რუსეთი, მინდა ევროპა და ნათელი მომავალი. ამიტომ ვიდექი ჩემს თანატოლებთან ერთად აქციებზე”.
19 წლის სალომე წურწუმია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. ისიც წელს არჩევნებზე პირველად წავა.
“ჩემთვის წელს პირველი არჩევნებია და მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი შეიცვლება და წინ წავალთ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მართლაც გადამწყვეტი არჩევნები იქნება. მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ათიათასობით ადამიანი, ვინც აქციებზე გამოდიოდა, ისინი საკუთარ აზრს დააფიქსირებენ. არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ უფროსი თაობის იმედიც მაქვს, ისინიც ხომ გამოდიოდნენ [აქციებზე]. ოპერაციის გამო, სამწუხაროდ, ყველა აქციაზე ვერ ვიყავი, მაგრამ სტუდენტური მარში იქნებოდა თუ რამე სხვა, დღის განმავლობაში სანამ შემეძლო, ჩემი თანატოლების გვერდით ვიდექი”.
24 წლის ლუკა ალექსიძე მათ შორის იყო, ვინც პრეზიდენტს კითხვა დაუსვა. სალომე ზურაბიშვილს მან “თავდაცვის კოდექსზე” ჰკითხა. თავად ფიქრობს, რომ სხვა კანონების, მათ შორის “აგენტების კანონის” მსგავსად, ეს კოდექსიც რუსულია.
“მოვედი იმიტომ, რომ პრეზიდენტთან ქვეყნის კითხვები მაქვს. განსაკუთრებით “ქართულ ქარტიაზე” მინდოდა ბევრი კითხვა დამესვა, მაგრამ რადგან ერთი კითხვის დასმის საშუალება მქონდა, ქარტიას საერთოდ შევეშვი და ის კითხვა დავსვი, რაც ბევრად უფრო პრინციპული იყო ჩემთვის. ვკითხე, თავდაცვის კოდექსს ვეტო რატომ არ დაადო, რადგან ბევრად უფრო რეპრესიულია ახალგაზრდების მიმართ, ვიდრე შეიძლება ის სხვა კანონები, რასაც ვეტოს ადებს ხოლმე. არაფერ შუაში არ იყო ის პასუხები, რაც გამცა. ამიტომ ცოტა უკმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, რადგან მართლა მეგონა, პრეზიდენტის მიმართ უფრო მეტი ნდობა გამიჩნდებოდა და არა პირიქით”, - ამბობს ის და ამატებს, რომ პრეზიდენტს ეთანხმება იმაში, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მართლაც გადამწყვეტია.
“რადგან გადამწყვეტი არჩევნები მგონია, პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და კონკრეტულ პარტიაში ვარ, “გირჩში”. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემი ცხოვრებაც კი მთლიანად მიმეძღვნა იმისთვის, რომ არჩევნებში ოპოზიციამ იქნებ უკეთესი შედეგი დადოს, ვიდრე აქამდე დაუდია. ზოგადად, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში უფრო მეტ ადამიანს დაგვედგომება, ვიდრე წაგვესვლება”, - ამბობს ლუკა ალექსიძე.
23 წლის ირაკლი არიშვილი მაგისტრატურის საფეხურზე სამართალს სწავლობს.
“ზოგადად ყოველთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის პირდაპირი კომუნიკაცია იყოს და როცა ეს კომუნიკაცია წყდება, ვიღებთ იმ შედეგებს, რაც უკვე გვაქვს. სწორედ ამას ვებრძვით ახლა. ეს არჩევნებიც გადამწყვეტია, რადგან ვფიქრობ, კოალიციურ მთავრობაშია გამოსავალი და არა რომელიმე პარტიის ერთპიროვნულ მართვაში. მნიშვნელობა არ აქვს, “ოცნება” იქნება ეს თუ სხვა პარტია, ერთპიროვნული მმართველობა ნებისმიერი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომ ამ არჩევნებზე ძალთა გადანაწილება ჩვენს რეალობაში იდეალური გამოსავალი იქნება. სამართლებრივად სულ რომ არ გესმოდეს ეს საკითხი [“აგენტების კანონი”], როცა მეგობარი გეუბნება, რომ ხრამისკენ მიდიხარ, ესეც საკმარისი უნდა იყოს ამ კანონის ავკარგიანობაზე ყურადღების გამახვილების პროცესში. თუ დაზუსტდება, რომ კანონი მხოლოდ ჩვენს მტრებზე გავრცელდება, მაშინ მივესალმები. როცა მეგობარს და მტერს აერთიანებ და მტრის იარლიყს აკრავ, ეს მიუღებელია”, - ამბობს ის.
შეხვედრის დასასრულისკენ ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა ყვირილი დაიწყო, მანამდე ისინი სკანდირებდნენ სიტყვას "რეზიდენტი". ამ ჯგუფმა მალევე დატოვა ტერიტორია.
ფორუმი