Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტს არჩევნების წინ რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან უწევს საქმის დაჭერა


პეტრ ბისტრონი, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, AfD-ის წარმომადგენელი დეპუტატი ამბობს, რომ "არასოდეს... მიუღია თანხები ან კრიპტოვალუტა [„ევროპის ხმის“] წარმომადგენლისგან".
პეტრ ბისტრონი, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, AfD-ის წარმომადგენელი დეპუტატი ამბობს, რომ "არასოდეს... მიუღია თანხები ან კრიპტოვალუტა [„ევროპის ხმის“] წარმომადგენლისგან".

ბოლო დღეებში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსული სპეცსამსახურები კვლავაც ახერხებენ ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევასა და თავიანთი სახიფათო გავლენის გავრცელებას.

2 აპრილს, ავსტრიის კანცლერმა კარლ ფონ ჰამერმა ამ საფრთხის გამო უშიშროების საბჭოს სხდომაც კი მოიწვია და განაცხადა, რომ ავსტრიამ აუცილებლად უნდა მიიღოს უსაფრთხოების ზომები იმ საფრთხის გამო, რასაც ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა წარმოადგენს.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთმა ეროვნული სანქციების სიაში შეიყვანა კომპანია Voice of Europe s.r.o. (შპს "ევროპის ხმა"), რომელთანაც პუტინის მეგობარი და ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი აღმოჩნდა დაკავშირებული. მისი შუამავლობით კრემლი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომლებიც კავშირის ქვეყნებში ორ თვეში უნდა გაიმართოს.

მოკლედ ავხსნით, თუ ევროკავშირის რომელ ქვეყნებში, როგორ და რა საფარველით მოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები და რას უპირისპირებს მას ევროპის სადაზვერვო საზოგადოება.

როგორ ცდილობდა ვიქტორ მედვედჩუკი ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვას?

რუსული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავებისკენ პირველი ნაბიჯი ჩეხეთის მთავრობამ გადადგა, როდესაც 31 მარტს, თავის დახურულ სხდომაზე, ეროვნული სანქციების სიაში შეიყვანა სამი სუბიექტი: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მოკავშირე, უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, მისი თანაშემწე არტემ მარჩევსკი და კომპანია Voice of Europe-ი.
შემდგომი ნაბიჯი მეყსეულად გახდა ჯაშუშური ქსელისა და მის საფარქვეშ მოქმედი კომპანიის აქტივები გაყინვა.

„პრორუსული ქსელი ცდილობდა გავლენის ოპერაცია განეხორციელებინა ჩვენს ტერიტორიაზე, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩეხეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ.

როგორც ჩეხეთის მთავრობა იტყობინება, სქემა ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურმა (BIS) გაშიფრა.



საუბარია ინტერნეტპორტალზე Voice of Europe („ევროპის ხმა), რომელიც ინფორმაციას რამდენიმე ენაზე ავრცელებდა და ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ჩეხეთის უსაფრთხოების ცნობით, საიტის საქმიანობა პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდა და კონტროლდებოდა.

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის (BIS) ინფორმაციით, მცირე კომპანიამ ჩეხეთში ორი მიზანი დაისახა. ერთი მხრივ, Voice of Europe-ი აფინანსებდა ევროკავშირის იმ პოლიტიკოსების საქმიანობას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ, ასეთ პოლიტიკოსებს, მაქსიმალური პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინათ ევროკავშირის დონეზე. მეორე მხრივ, პლატფორმა ეთმობოდა რუსეთის ინტერესების ხელშემწყობ პოლიტიკოსებს და ამავე სახელწოდების ვებგვერდის საშუალებით ვრცელდებოდა რუსეთისთვის სასარგებლო ინფორმაცია.

კომპანია Voice of Europe s.r.o. ჩეხეთის იურიდიული პირების რეესტრში პოლონეთის მოქალაქე იაცეკ იაკუბჩიკის სახელზე აღმოჩნდა დარეგისტრირებული. კომპანია მან 2023 წელს შეიძინა. საინფორმაციო პორტალი 2023 წლის მაისში ამოქმედდა - 10 ენაზე. მაგრამ, თუ რა კავშირი იყო მასა და მედვედჩუკ-მარჩევსკის დუეტს შორის, ამას ჩეხეთის უშიშროების უწყება (BIS) არ აკონკრეტებს.

სამაგიეროდ, BIS-ის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სამსახურმა გამოძიების შედეგები 300-გვერდიან ანგარიშში წარადგინა მთავრობის დახურულ სხდომაზე, რომელზეც გადაწყდა პირადი სანქციების დაწესება.

ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავების შემდეგ
ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავების შემდეგ

„ჩეხეთის მთავრობას და უსაფრთხოების სამსახურს აქვთ მტკიცებულება, რომ სწორედ ვიქტორ მედვედჩუკი დგას Voice of Europe-ის ვებგვერდის უკან. მან დააფინანსა და კოორდინაცია გაუწია საიტის მუშაობას“, - ამბობს ონდჟეი კუნდრა, ჟურნალ „რესპექტის“ გამომძიებელი ჟურნალისტი.
„მედვედჩუკი პირველად არ მონაწილეობს პრორუსული მედიის შექმნის ორგანიზებაში. როდესაც უკრაინაში ცხოვრობდა, ის ფლობდა რამდენიმე გამოცემას, მათ შორის, სატელევიზიო არხს, რომელიც უკრაინულ საზოგადოებაზე ახდენდა ისეთ გავლენას, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყნის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას. კერძოდ, ამის გამო, უკრაინაში მედვედჩუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს კაცი ვლადიმირ პუტინს უკავშირდება, რადგან სწორედ მისი უკრაინაში ხელისუფლებაში მოყვანა იგეგმებოდა მას შემდეგ, რაც მოკლავდნენ ან დააპატიმრებდნენ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინაზე კონტროლას დაამყარებდნენ“, - დასძენს კუნდრა.

ჟურნალ "რესპექტის" ჟურნალისტო ონდჟეი კუნდრა
ჟურნალ "რესპექტის" ჟურნალისტო ონდჟეი კუნდრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიქტორ მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. პრორუსი პოლიტიკოსი უკრაინაში უკვე აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) ლიდერი იყო. ის 2022 წელს, უკრაინაში დააკავეს, სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს და შემდეგ, კიევმა მარიუპოლში მებრძოლი „აზოვის“ პოლკის წევრებში გაცვალა.

მედვედჩუკი ახლა რუსეთში ცხოვრობს და აქვეყნებს პუბლიკაციებს, რომლებშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებს.
არტემ მარჩევსკი, რომელიც ევროპაში ბოლოს გამოაშკარავებული სქემის ფიგურანტია, მედვედჩუკის პარტიის - „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა მედვედჩუკის ტელეარხს „112 უკრაინა“.

უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსების პლატფორმა

როგორ მართავდა ქსელს ვიქტორ მედვედჩუკი - ეს დეტალები ჯერ უცნობია. მაგრამ ჩეხმა ჟურნალისტებმა საიტის შესწავლის შემდეგ რამდენიმე საყურადღებო მომენტზე გაამახვილეს ყურადღება.

თავისი არსებობის განმავლობაში პორტალი Voice of Europe-ი, ძირითადად, ევროკავშირის ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერებისა და პოლიტიკოსების პლატფორმად იქცა. ხოლო მათი ერთ-ერთი მთავარი მესიჯები იყო უკრაინისათვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების დაკავშირება ომის გაგრძელებასთან, რაც ხელს უშლის მშვიდობის დამყარებას.

„აქ [ამ პლატფორმაზე] მხარდაჭერას იღებდნენ აშკარად პრორუსული შეხედულებების მქონე ადამიანები, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსები. გავრცელებული პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი ევროპარლამენტის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო“, - ნათქვამია ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრაღაში, Voice of Europe-ის იურიდიულ მისამართზე მისულმა ჩეხმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ოფისში მყოფი ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთში რუსულად საუბრობდა.

ამასთან, ჩეხეთის მთავრობის ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი, Voice of Europ-ის ვებგვერდთან დაკავშირებული ადამიანებისაგან, ინტერვიუს სანაცვლოდ, ანაზღაურებას იღებდა. არსებობს ცნობები, რომ პორტალი შესაძლოა ევროკავშირში ზოგიერთი პრორუსი პოლიტიკოსის პოლიტიკური კამპანიების დასაფინანსებლადაც გამოიყენებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ამ ვარაუდს დამტკიცება სჭირდება.

ხოლო თავად ის ჩეხი პოლიტიკოსები, რომლებმაც „ევროპის ხმას“ ინტერვიუები მისცეს, გასამრჯელოს მიღებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი იყო, რომ პორტალი რუსული ფულით იყო შექმნილი, - ამბობს ონდჟეი კუნდრა, რომელიც დასძენს, რომ ამ აშკარად პრორუსულ პორტალთან თანამშრომლობა მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„თუ დავაკვირდებით იმ ჩეხ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ინტერვიუები მისცეს Voice Of Europ-ს (მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირჟი პაროუბეკი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კირილ სვობოდა), მათ საიტისათვის თვალის უბრალოდ გადავლებითაც შეეძლოთ, გაეგოთ, თუ რა სახის გამოცემასთან ჰქონდათ საქმე. მაგრამ მაინც მისცეს ინტერვიუ ამ გამოცემას. ანუ მათ ესმოდათ, თუ რომელ გარემოში ავრცელებდნენ თავიანთ შეხედულებებს და ვის ელაპარაკებოდნენ, რომ ეს იყო პრორუსული ინტერნეტპორტალი“, - ამბობს ონდრეი კუნდრა.

ჩეხი პოლიტიკოსების გარდა, გამოცემა Voice of Europ-ის გვერდებზე ევროკავშირის არაერთი ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს წააწყდებით.

კერძოდ, პრორუსული გამოცემის რესპონდენტებს შორის არის გერმანიის პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ ლიდერი, მაქსიმილიან კრაჰი და ამავე პარტიის წევრი, ბუნდესტაგის დეპუტატი პეტრ ბისტრონი, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიის“ სიის მეორე ნომერია.

ეს ორი პოლიტიკოსი ცნობილი არიან თავიანთი ლოიალური დამოკიდებულებებით ავტორიტარული რეჟიმების მიმართ, მათ შორის - რუსეთსა და ბელარუსში. გერმანელი პოლიტიკოსები პირადად შეხვდნენ მედვედჩუკს, 2021 წელს, კიევში - როცა ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

ჩეხურ მედიაში „ევროპის ხმის“ გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის გავლენა ექვს ევროპულ ქვეყანას შეეხო. გამოცემა წერს, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, რომლებმაც პრორუსულ პორტალს ინტერვიუები მისცეს, დაფინანსება პირდაპირ რუსეთიდან მიიღეს. Spiegel-თან ინტერვიუში მაქსიმილიან კრაჰმა უარყო რუსული წარმომავლობის ფულის მიღება.

მოგვიანებით იგივე გააკეთა მისმა თანაპარტიელმა პეტრ ბისტრონმა.

4 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში, რომელიც პარტიის ლიდერებისთვისაა განკუთვნილი, ბისტრონი ამბობს, რომ „არასოდეს... მიუღია თანხები ან კრიპტოვალუტა ["ევროპის ხმის"] წარმომადგენლისგან ან რუსისგან“.

რუსეთის ჯაშუშური ქსელი ავსტრიასაც ემუქრება

სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ინტერნეტპორტალ „ევროპის ხმის“ შესახებ ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის დეტალები გამოქვეყნდა, ავსტრიაში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს საკონსტიტუციო დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამად უკვე გაუქმებული ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, ეგისტო ოტი.

იგი მარტის ბოლოს დააკავეს. ვენის პროკურატურას არ გამოუქვეყნებია მისთვის წაყენებული ბრალდებების დეტალები და მხოლოდ იტყობინებოდა, რომ ისინი დაკავშირებულია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან, რამაც „ზიანი მიაყენა ავსტრიას“. გაზეთ Der Standard-ის ინფორმაციით, სხვათა შორის, ოტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მაღალი რანგის წარმომადგენლის მობილურ ტელეფონებში დაცული ინფორმაცია.

ეგისტო ოტის დაპატიმრების შემდეგ ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აუცილებელია მიიღოს უსაფრთხოების ზომები იმ საფრთხის გამო, რასაც ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა წარმოადგენს.

„არის სერიოზული ბრალდებები. ერთი მხრივ, ისინი სასამართლო ორგანოებმა უნდა შეაფასოს, მეორე მხრივ, აუცილებელია, შევაფასოთ და განვმარტოთ რესპუბლიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება... ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთის ჯაშუშურმა ქსელებმა შეაღწიონ და თვალყური ადევნონ პოლიტიკურ პარტიებსა და გაერთიანებებს და ამით საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.

გაზეთ Der Standard-ის ცნობით, ეგისტო ოტი დააკავეს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე. ბრიტანეთმა უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში დააკავა ბულგარეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობაში. ისინი ეჭვმიტანილი არიან, რომ ოტთან ერთად თანამშრომლობდნენ იან მარსალეკთან, საფინანსო კომპანია Wirecard-ის ყოფილ დირექტორთან. მედიის თანახმად, მარსალეკი დიდხანს თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. 2017 წელს ოტი სამუშაოს ჩამოაშორეს დასავლეთის სპეცსამსახურების მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, რომ ის შესაძლოა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდეს. 2021 წელს ის დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.

ევროკავშირის რეაქცია ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებზე

ჩეხეთში გამოქვეყნებული უსაფრთხოების სამსახურის (BIS) ანგარიშის შემდეგ, პოლონეთის დაზვერვის სამსახურმა ABW-მ 48,5 ათასი ევრო და 36 ათასი დოლარი ამოიღო პირისგან, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება.

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ამგვარი ოპერაცია ევროპის არაერთი ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ პარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ ჩეხეთის და ბელგიის სპეცსამსახურები ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩეხეთის მიერ მოპოვებული მონაცემების გავრცელების შემდეგ.

ევროპარლამენტის ფრაქციის „განაახლე ევროპა“ ხელმძღვანელმა ვალერი აიერმა, რომელიც ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიის კანდიდატების სიას ხელმძღვანელობს, ევროპელ კოლეგებს ჩეხეთის სპეცსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ევროპარლამენტში განხილვისკენ მოუწოდა.

„უნდა დასახელდეს [ევროპარლამენტის] ზოგიერთი ამჟამინდელი დეპუტატი ან დეპუტატობის კანდიდატი, თუ რუსეთის მთავრობამ ისინი მოისყიდა, ან მისგან ფული აიღეს“, - თქვა აიერმა.

ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, გილბერტ კოლარდი, ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია BIS-ის (ჩეხეთის უშიშროების სამსახურის) დასკვნის შესწავლა.

  • ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება. არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 400 მილიონი მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს 705 წევრს აირჩევს.
  • საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში.
  • წინასწარი პროგნოზით, ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) დაკარგავს თითქმის 20 ადგილს, მაგრამ, დიდი ალბათობით, კვლავ ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს. EPP-ის წამყვანი კანდიდატი, რომელიც მარტის დასაწყისში ბუქარესტში ჩატარებულ კონგრესზე აირჩიეს, ურზულა ფონ დერ ლაიენია, რომელსაც კვლავ უწინასწარმეტყველებენ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მორიგი 5 წლით არჩევას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG