Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიური იარაღიდან ეუთომდე - ევროკავშირიდან გაძევებული რუსი დიპლომატი სერბეთის არჩევნებს აკვირდება


17 დეკემბერს სერბეთში გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის ჩატარებაც ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ზაფხულში მომხდარი ორი მასობრივი მკვლელობით გამოწვეული „დაძაბულობის განმუხტვის“ მიზნით გადაწყვიტა.


გარდა დეესკალაციისა, არჩევნებმა პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ უმწვავეს კითხვებს - უნდა დაუკავშიროს თუ არა სერბეთმა თავისი ბედი ევროკავშირს, თუ ბელგრადის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ რუსეთი უნდა დარჩეს.

და ასეთი ეგზისტენციური მნიშვნელობის არჩევნებზე, როგორც რადიო თავისუფლებამ გამოარკვია, ეუთოს ერთ-ერთი დამკვირვებელი იქნება ალექსანდრ სტუდენიკინი, რუსი დიპლომატი, რომელიც 2022 წელს ბელგიიდან გააძევეს „ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობის“ გამო.

„გამოდის, რომ ჩვენში თუ რუსი ხარ, ესე იგი ჯაშუში ხარ“

ბელგიაში სტუდენიკინი ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში სამეწარმეო თანამშრომლობის საკითხების მრჩევლად ირიცხებოდა.

იქვე მუშაობდა რადიო თავისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული სხვა გამოძიების გმირი, დენის პავლოვი. იგი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ემისრად გაუშვეს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულ ვიტალი პარფილევთან ერთად, ამ ქვეყნის პოლიციასთან კავშირების დასამყარებლად.

გამოცემა EU Observer-ის თანახმად, სტუდენიკინი იმ 19 რუს დიპლომატს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე, გასული წლის აპრილში გააძევეს ბრიუსელიდან. ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გაძევებული რუსი დიპლომატების ვინაობა მითითებული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ მათი გაძევება და პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება გამოწვეულია „დიპლომატის სტატუსისათვის შეუფერებელ საქმიანობაში მონაწილეობის“ და „ასევე ევროკავშირის და მისი წევრი-სახელმწიფოების ინტერესებისა და უსაფრთხოების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".


რუსი დიპლომატის ბელგიიდან გაძევების შემდეგ, მედია პირდაპირ უწოდებს ალექსანდრ სტუდენიკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომელს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში მუშაობდა.

ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების მქონე, ევროკავშირის მაღალი რანგის წყარომ უამბო.

თავად სტუდენიკინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უარყო მოსაზრება სპეცსამსახურთან მისი კავშირების შესახებ.

„ჩვენთან ევროპიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოაძევეს. გამოდის, რომ ჩვენში ყველა, ვინც რუსია, ესე იგი ჯაშუშია. დიპლომატია ის, თუ არაა დიპლომატი - არავის ეს არ აღელვებს. არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ ჟურნალისტები ჩვენს დროში არ იღლიან თავს მტკიცებულებების შეგროვებით. მე ვფიქრობ, რომ ეს სიბრიყვეა. შესაძლოა მე მქონდა სურვილი, რომ ვინმე [ასეთზე] მემუშავა, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა ჩემს ცხოვრებისეულ კარიერაში ჯერჯერობით არ მომცემია“, - უთხრა სტუდენიკინმა რადიო თავისუფლებას.

ალექსანდრ სტუდენიკინი სერბეთის სოციალისტური პარტიის შეხვედრაზე ზაიეჩარში, 2023 წლის 30 ნოემბერი
ალექსანდრ სტუდენიკინი სერბეთის სოციალისტური პარტიის შეხვედრაზე ზაიეჩარში, 2023 წლის 30 ნოემბერი

ბელგიიდან გაძევებას სტუდენიკინი უკავშირებს სოციალურ ქსელ LinkedIn-ში, მის ექაუნთზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია, რომ მას კოსტრომაში არსებული რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამხედრო აკადემიის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული.

რაც შეეხება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) მუშაობას, სტუდენიკინი ამტკიცებს, რომ მან ეს ორგანიზაცია დატოვა „კონტრაქტის ვადის“ ამოწურვისა და ასევე იმ მიზეზის გამო, რომ რუსეთმა იმ დროს, „აშშ-ისგან განსხვავებით, უკვე გაანადგურა ყველანაირი ქიმიური იარაღი“.

სტუდენიკინის შესახებ რადიო თავისუფლების მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილ წერილზე რუსეთის საგარეო დაზვერვიდან ასეთი პასუხი მოვიდა: „კომენტარებზე თავს ვიკავებთ“.

"არჩევნების დამკვირვებელი"

სერბეთში, სადაც 17 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სტუდენიკინი იმ 4 რუსს შორის აღმოჩნდა, „რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR)“ გრძელვადიან დამკვირვებელთა სიაში ირიცხებიან. როგორც ორგანიზაციის საიტზეა აღნიშნული, ის და მისი კოლეგები საარჩევნო პროცესის მონიტორინგსა და „წინასაარჩევნო გარემოსა და საერთო ადმინისტრაციული პროცედურის ღრმა გაგებაზე“ აგებენ პასუხს. მათთან ერთად ეუთოს (ODHIR)-ის სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წარმოადგენენ დამკვირვებლები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან - 30-მდე ადამიანი.

არჩევნებმა პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ უმწვავეს კითხვებს - უნდა დაუკავშიროს თუ არა სერბეთმა თავისი ბედი ევროკავშირს, თუ ბელგრადის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ რუსეთი უნდა დარჩეს.
არჩევნებმა პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ უმწვავეს კითხვებს - უნდა დაუკავშიროს თუ არა სერბეთმა თავისი ბედი ევროკავშირს, თუ ბელგრადის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ რუსეთი უნდა დარჩეს.

სერბეთში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს დასავლეთის იმ ქვეყნების მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ბელგრადის მიერთებას მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებში.

მმართველი სერბეთის პროგრესული პარტია და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი კოალიციაში არიან პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან იმ დროს, როდესაც ოპოზიცია, რომელიც მზად არის დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ცდილობს გაზარდოს პოპულარობა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ისტორიულად რუსეთს მეგობრად და მოკავშირედ მიიჩნევს.

ეუთოში მომუშავე რუსებს ევროკავშირის ქვეყნებში პრობლემები უკვე შეექმნათ. 2022 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ორი რუსი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ისინი "საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას".

ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი იყო დარია ბოიარსკაია, „პუტინის თარჯიმნად“ ცნობილი ქალი, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობების ვენის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2023 წლის ნოემბერში რადიო თავისუფლებამ, თავის გამოძიებაში, დეტალურად ისაუბრა ბოიარსკაიასა და ეუთოში რუსეთის სხვა თანამშრომლებზე, რომელთა საქმიანობა შეიძლება შეიცავდეს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ორგანიზაცია „არ იყო ინფორმირებული“ იმის თაობაზე, რომ 2022 წელს ალექსანდრ სტუდენიკინი ბელგიიდან გააძევეს.

ODHIR-ში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ დამკვირვებლებს ირჩევს გამგზავნი მხარე, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა შესატყვისობა „ქცევის კოდექსთან“, რომლითაც დაუშვებელია იმ ქვეყნის კანონების დარღვევა, რომელშიც არჩევნები ტარდება, თავად არჩევნების პროცესში ჩარევა და სხვა.

რადიო თავისუფლებამ კომენტარების თხოვნით შესაბამისი წერილები სერბეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ვენაში, ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობასაც გაუგზავნა. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში უკან პასუხი არ მოგვსვლია. გასულ წელს სტუდენიკინის გაძევებასთან დაკავშირებული შეკითხვებით ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლება გადაამისამართა ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურთან, რომელმაც არ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს.

„ამ სამუშაოსთვის სამხრეები საჭირო არ არის"


გასულ წელს ბრიუსელიდან ალექსანდრ სტუდენიკინისა და სხვა რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, საგამოძიებო ცენტრი „დოსიე“ წერდა, რომ ის მუშაობდა რუსეთის საბრძოლო მასალების სააგენტოში, რომელიც საბჭოთა დროიდან რუსულ საწყობებში დარჩენილი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მარაგების განადგურებით იყო დაკავებული.

2020 წელს რადიო თავისუფლებამ მოახერხა დაედგინა, რომ მოსკოვის სამეცნიერო ცენტრი "სიგნალი", მის ხელთ არსებული ყველა ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ რუსეთის ხელისუფლების განცხადებების შემდეგაც კი, - აქტიურად ავითარებდა შხამ „ნოვიჩოკის“ ოჯახში შემავალ ნივთიერებებს, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს.

რუსეთსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას შორის (OPCW) ურთიერთობები მკვეთრად გართულდა ორი წლით ადრე, როდესაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა „ნოვიჩოკის“ გამოყენება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის დროს. დიდმა ბრიტანეთმა მოწამვლა რუსეთის სამხედრო დაზვერვას (გრუ) დააბრალა. რუსეთმა უარყო ეს ბრალდებები და უსაფუძვლო უწოდა ეჭვებს, თითქოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით საიდუმლო ქიმიური იარაღის პროგრამაზე მუშაობდეს.

რადიო თავისუფლების წყარომ, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში მუშაობდა და ითხოვა, არ დაესახელებინა თავისი ვინაობა უსაფრთხოების გამო, - დაადასტურა, რომ ახსოვს სტუდენიკინი. მისი თქმით, იგი დიდხანს არ დარჩენილა ჩვეულებრივ ინსპექტორად და მალე გადავიდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილებაში. კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს სტუდენიკინს საგარეო დაზვერვის სამსახურთან, ამ ადამიანმა გვიპასუხა: "საგარეო დაზვერვის (ესვეერი) სამსახურთან თანამშრომლობა არის საქმიანობის სფერო, რომელიც სულაც არ საჭიროებს სამხრეების ქონას. ძნელი სათქმელია, იყვნენ თუ არა OPCW-ის რუსი თანამშრომლები ესვეერის ან ეფესბეს თანამშრომლები, მაგრამ ზოგიერთი ნამდვილად "შოულობდა ფულს“ამ რუსული სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე და სამუშაოს შემდეგ ხშირად სტუმრობდა საელჩოს ან "სხვაგან" ხვდებოდა OPCW-ის რუსული მისიის თანამშრომლებს".

სოციალურ ქსელ LinkedIn-ის საკუთარ გვერდზე სტუდენიკინი წერს, რომ მან გაიარა ქიმიური იარაღისგან დაცვის რამდენიმე ტრენინგი, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ეროვნულ ცენტრში. მაგრამ მის ბიოგრაფიაში არჩევნების დაკვირვებასთან თუნდაც ირიბად დაკავშირებულ რაიმე კვალსაც კი ვერ ნახავთ. ამავე დროს, ეუთოს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ "საარჩევნო ადმინისტრაციის, არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი ცოდნის ან/და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება".

სერგეი ლავროვი და მარია ზახაროვა ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 1 დეკემბერი, 2023 წელი
სერგეი ლავროვი და მარია ზახაროვა ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 1 დეკემბერი, 2023 წელი

ნოემბრის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს საშუალება მისცა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩასულიყო ნატოს წევრ ქვეყანაში. ჩრდილოეთი მაკედონია და საბერძნეთი შეთანხმდნენ, რომ ლავროვის ჩასვლის გამო რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გაეხსნათ. მანამდე ამ ქვეყნების ხელისუფლებამ, უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების ფარგლებში, რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა.

მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას ლავროვმა დასავლეთის ქვეყნები „ეუთოს აღორძინების შანსების ჩაკვლასა“ და ორგანიზაციის „ნატოსა და ევროკავშირის დანამატად" გადაქცევაში დაადანაშაულა. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვის ჩასვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, წინასწარ უარი თქვეს შეხვედრაში მონაწილეობაზე და დარბაზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის დროს დემონსტრაციულად დატოვეს.

ცივი ომის დასრულების მიზნით შექმნილი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) დღემდე მსოფლიოს უდიდესი რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაციაა. ამასთან, 57 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთმა არაერთხელ დაბლოკა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

XS
SM
MD
LG