ცხარე და ემოციურ საზოგადოებრივ დაპირისპირებაში - ხოლო „აგენტების კანონის“ და, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური კურსის გარშემო სწორედ ასეთია დაპირისპირება საქართველოში - მხარეები, ხშირად, ერთმანეთზე დამოკიდებული ხდებიან. საკუთარი პოზიციის დასაბუთებაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგის აზრების გაბათილება და მისი დისკრედიტაცია ხდება. ოპონენტის ზოგი გამონათქვამი შეიძლება ესპანურ კორიდაში გამოყენებულ წითელ ჭინჭს დაემსგავსოს: ის იწვევს დაუოკებელ სურვილს, სწორედ მას ეკვეთო. მაგრამ ეს ყველაზე ჭკვიანური სტრატეგია არ არის: წითელ ნაჭერს, როგორც ვიცით, ტორეადორი შეგნებულად უფრიალებს ხარს მის გასაღიზიანებლად.
„ევროკავშირი თვითმიზანი არ არის“
ასეთი ეფექტი ჰქონდა „ხალხის ძალის” დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის გამონათქვამს, რომ ჩვენთვის „ევროკავშირი თვითმიზანი არ არის“. ის აღიქვეს, როგორც მმართველი პარტიის („ხალხის ძალა“ მისგან არ განირჩევა) მზაობა, საერთოდ უარი თქვას ევროინტეგრაციის კურსზე და, მაშასადამე, რუსეთის სატელიტობას დასჯერდეს. დემონსტრაციაზე პლაკატებიც ვნახე: „ევროპა ჩემი თვითმიზანია“.
იმ კონტექსტში, რაშიც ყაველაშვილმა ეს თქვა, ასეთი შეფასება სრულიად სამართლიანი იყო. ეს ფრაზა „ოცნების“ სხვა წევრებსაც უხსენებიათ და გარკვეულ პოლიტიკურ ტენდენციას გამოხატავს. ბიძინა ივანიშვილის გუნდის ბოლო პერიოდის ნაბიჯები და რიტორიკა („აგენტების“ მკვდრადშობილი კანონი მისი მხოლოდ ერთი გამოხატულებაა) თავისი არსით მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის კურსს და სხვა ალტერნატივას არ ტოვებს, გარდა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებისა.
ტყუილ-მართლის ნაზავი როგორც პროპაგანდის ხერხი
ხელისუფლების რიტორიკა, გარდა იმისა, რომ ანტიდასავლური და ქვეყნისთვის საზიანოა (შესაძლოა, მოღალატეობრივიც), უკიდურესი ინტელექტუალური პრიმიტივიზმით და აშკარა ტყუილების სიმრავლით გამოირჩევა. მაგრამ ეს პრიმიტივიზმი ჭკვიანი პოლიტკონსულტანტების გათვლილიც ჩანს. მასში გარეულია დებულებები, რომლებიც თავისთავად, ცალკე აღებული, სწორია; ისინი დამაჯერებლობას სძენენ სისულელეების და ტყუილების ნაკადს, რაც მას მოჰყვება. ეს არაკეთილსინდისიერი პროპაგანდის ნაცადი ხერხია.
მაგალითად, როცა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეზეა ის რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხებს, რომ საქართველოს მხარესაა, ეს მისი მხრიდან პოლიტიკური დემაგოგიაა, რომელიც მისი მთავრობის, ბევრის (მათ შორის, ჩემი) აზრით არაადეკვატურ პოლიტიკას ამართლებს. მაგრამ ეს არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ, ცალკე აღებული, ეს დებულება სწორია. ქვეყნის ლიდერის მოვალეობაა, ყველა ვითარებაში წინ თავისი ქვეყნის ინტერესები დააყენოს. საქართველოც გამხდარა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და შეიძლება კიდევ გახდეს: ამ გარემოებას ნებისმიერი მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს. ცხადია, ამ ომში უკრაინის მიმართ სოლიდარობა, მორალური ფაქტორებითაცაა განპირობებული და ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური იდეალიზმით ვერ იხელმძღვანელებს. უკრაინის ხელისუფლებაც ყველა თავის ნაბიჯში ეროვნული ინტერესიდან ამოდის და ამისთვის მას ვერავინ დაძრახავს.
ამ პასუხის გამო ღარიბაშვილის მხოლოდ მორალისტური პრინციპებით კრიტიკა არასწორია. თუ ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნა, რომ ის რაციონალურად გათვლილი ეროვნული ინტერესით ხელმძღვანელობს, მისი ოპონენტები კი სხვა ქვეყნის ინტერესს თავისაზე წინ აყენებენ, ის საზოგადოების თვალში მოგებული დარჩება. ხელისუფლების კრიტიკოსმა უნდა დაასაბუთოს, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული ჯერ ჩირგვებში ჩამალვის, შემდეგ კი ბუნებრივ მოკავშირესთან დაპირისპირების პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, რადგან ამცირებს ქვეყნის მედეგობას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ. სინამდვილეში, ღარიბაშვილი და მისი „პოლიტიკიდან წასული“ უფროსი სულაც არ არიან ამ ომში საქართველოს მხარეს (რამდენად გაცნობიერებული აქვთ ეს, მეორეხარისხოვანია).
მაინც რისთვის გვინდა ევროპა?
ამავე პრინციპით უნდა შევხედოთ ყაველაშვილის ხსენებულ ფრაზას. ამ ეტაპზე, ევროკავშირის და ნატოს წევრობა (სიმოკლისთვის, აქ მხოლოდ ევროინტეგრაციას ვახსენებ) ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა იზიარებს და რომლის ღია უარყოფას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც კი ვერ ბედავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ორი ორგანიზაციის წევრობის სურვილი ღმერთმა ჩაგვინერგა და მასზე რაციონალური მსჯელობა და კამათი არ შეიძლება. ევროინტეგრაცია არ არის რწმენის სიმბოლო; ის რაციონალური არჩევანია.
ჩვენ რაღაცის გამო ვაკეთებთ ამ არჩევანს; საბოლოო მიზანია არა ევროკავშირის წევრობა, არამედ ის, რისთვისაც ის გვინდა.
ნებისმიერი ორგანიზაციის წევრობა არის არა „თვითმიზანი“, არამედ საშუალება უფრო დიდი ეროვნული მიზნების მისაღწევად. ვინც საქართველოს დასავლურ არჩევანს ემხრობა, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რა არის ეს ეროვნული მიზნები და რატომ ეხმარება ევროინტეგრაცია მათ მიღწევას.
ასეთ მიზნებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქვეყნის სუვერენიტეტი (რაც მისი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასაც გულისხმობს), უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე აგებული პოლიტიკური წესრიგი. ევროინტეგრაცია იმიტომაა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, რომ საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნების მისაღწევად, მასზე უარის თქმა კი, პირიქით, რადიკალურად ამცირებს მათი მიღწევის პერსპექტივას.
ევროპა და ეროვნული სუვერენიტეტი
მხოლოდ ერთ მიზანზე, ეროვნულ სუვერენიტეტზე შევჩერდები. ევროკავშირის წევრობა რომ დემოკრატიას და ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, უფრო თვალსაჩინოა და ამის მტკიცებაზე აქ დროს არ დავკარგავ; სუვერენიტეტის საკითხი გაცილებით უფრო ხშირად ხდება პოლიტიკური მანიპულაციების სამიზნე. ქართველი ანტიევროპელები და მათი რუსი გულშემატკივრები მუდმივად გვიმეორებენ, რომ ევროპა სუვერენიტეტს გვართმევს, ანუ გვაიძულებს ვაკეთოთ ის, რაც გვაზიანებს; ამიტომ, „ასეთი ევროპა არ გვინდა“.
რა არის სწორი პასუხი ამ კრიტიკაზე? იმის უარყოფა, რომ ევროკავშირის წევრობა - ან ნებისმიერი ნაბიჯი მისკენ - გულისხმობს რაღაც ვალდებულებებს, რომელთაგან ზოგიერთის შესრულება შეიძლება არც მოგვეწონოს (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნებისმიერ ხელისუფლებას, და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისას), არასერიოზულია. უნდა ამოვიდეთ იქიდან, რა კონკრეტული არჩევანი გვაქვს, როგორც პოლიტიკურ ერს.
პირველ რიგში, მკაცრად რომ ვთქვათ, ევროპა საერთოდ არაფერს გვაძალებს. ის სხვა ენით გველაპარაკება: „თუ გინდათ, ჩვენი ნაწილი იყოთ, გარკვეული პირობები უნდა შეასრულოთ“.
ევროპაში გაერთიანების ინიციატივა კი ევროპიდან არასოდეს წამოსულა: პირიქით, ქართული საზოგადოების და პოლიტიკური კლასის რამდენიმე თაობა დასჭირდა სკეპტიკური ევროპელების დარწმუნებას, რომ საქართველო შეიძლება მართლა იყოს ევროპის ნაწილი. რომ არა ჩვენი აქტივობა, სამხრეთი კავკასია შეიძლება ევროპის სამეზობლოდაც კი არ ეღიარებინათ, ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებასა და ახლა უკვე წევრობის პერსპექტივაზეც რომ არაფერი ვთქვათ. ამ შემთხვევაში, არც ევროკავშირი მოგვთხოვდა იმას, რასაც ახლა გვთხოვს.
მაგრამ თავისთავად სწორია ეს ევროპისკენ სწრაფვა? ევროკავშირის ბევრი ენთუზიასტი ამ პროექტს უყურებს, როგორც ზოგადად ეროვნული სუვერენიტეტის საპირისპიროს. მათი აზრით, ევროკავშირი თავისი არსით პოსტნაციონალური პროექტია, სადაც თვით გამოთქმა „ეროვნული სუვერენიტეტი“ აზრს დაკარგავს. თუ ასეა, რა აზრი ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას - რა მნიშვნელობა აქვს, მოსკოვიდან მოსულ დირექტივებს შეასრულებ, ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან? მოსკოვში ერთმორწმუნეები მაინც არიან. საქართველოში კრემლისტური პროპაგანდა დიდწილად ამ ლოგიკას ეყრდნობა. მას არგუმენტირებული პასუხი სჭირდება.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ღია ფაქტობრივ ტყუილთან, არამედ იდეოლოგიურ მანიპულაციასთან. პოსტნაციონალური „ფედერალური“ ევროპის ხედვა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს ამ პროექტის უტოპიური კომპონენტია, რომელიც, რაც დრო გადის, სულ უფრო არარეალისტური ხდება. უნდა ამოვიდეთ რეალობიდან და არა ასეთი ფანტაზიებიდან. ევროგაერთიანების თითქმის სამოცდაათწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ მან ევროპაში ერი-სახელმწიფოების სისტემის უპრეცედენტო სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. სუვერენიტეტის შეზღუდვები, რომელთაც ის გულისხმობს, ნებაყოფლობითია და წევრი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს (საბჭოთა კავშირში, როგორც ვიცით, წევრ რესპუბლიკებს არაფერს ეკითხებოდნენ).
ევროკავშირს ბევრი პრობლემა ჰქონია და აქვს, მაგრამ მან ამდენ ხანს იმიტომ გაძლო, რომ სახელმწიფოები მის წევრობას თავისთვის სასიკეთოდ მიიჩნევენ. ვინც არ მიიჩნია, - ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ დიდი ბრიტანეთია, - მშვიდობიანად გავიდა.
განსაკუთრებით ეს სიკეთე შეეხება მცირე და, შესაბამისად, მოწყვლად ერებს. ისტორიულად, მცირე ქვეყნების ბედი ყოველთვის დიდ მოთამაშეებზე იყო დამოკიდებული და სხვანაირად შეუძლებელია ყოფილიყო. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ამბავი იმისა, როგორც ცვლიდა ერთი დამპყრობელი მეორეს; მხოლოდ შუალედებში ვახერხებდით, მცირე ხნით, ასე თუ ისე რეალურ დამოუკიდებლობას (ცხადია, შუა საუკუნეებში ეროვნული სახელმწიფოს ცნებაც არ არსებობდა, ის ახალ დროში ევროპაში შეიქმნა, მაგრამ ასეთ დეტალებში ახლა ვერ შევალ). ეს სულაც არ არის საქართველოს სპეციფიკა - თითქმის ყველა მცირე ერის ისტორია ასეთია; ჩვენ კიდევ სხვაზე იღბლიანები ვართ იმით, რომ მე-20 საუკუნემდე შევძელით ჩვენი იდენტობის მოტანა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ე.წ. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, რომლის სადარაჯოზე ნატო და ევროკავშირი დგანან, არის ისტორიულად უპრეცედენტო პოლიტიკური სივრცე, რომელშიც მცირე ერი შეიძლება შედარებით სუვერენული იყოს და უსაფრთხო განვითარების შანსი მიეცეს. სხვა ასეთი სივრცე ჯერჯერობით არ არსებობს.
კი, მასში მოხვედრას გარკვეული პირობების შესრულება სჭირდება; მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტური სუვერენიტეტი თანამედროვე სამყაროში ფანტომია, განსაკუთრებით მცირე ერისთვის. რასაც ევროპა გვთავაზობს, არის სუვერენიტეტის მაქსიმალური რეალისტურად მიღწევადი ხარისხი.
რა არის ევროპის ალტერნატივა?
რას უპირისპირებენ ამას ევროინტეგრაციის ქართველი კრიტიკოსები? პირდაპირ ამას არავინ ამბობს, მაგრამ რეალური ალტერნატივა საბჭოთა კავშირის მოდელია. ეს უკანასკნელი - „პროლეტარული ინტერნაციონალიზმის“ ლოზუნგის მიუხედავად - აქტიურად არ უშლიდა ხელს მასში შემავალი ერების გარეგნულ კულტურულ თავისთავადობას. იყო ფარული შეთანხმება: იყოს „სოლნეჩნაია გრუზია“ („მზიანი საქართველო“) თავისი ხაჭაპურით, ცეკვებით და ულვაშიანი თამადებით, იჯერონ გული ქართველმა ჯიგიტებმა რუს დიაცებთან მტლაშა-მტლუშით, სამაგიეროდ, პოლიტიკურ სუვერენიტეტზე პრეტენზია ჩაიკლან და კეთილ დიდ რუსეთს მიენდონ. როგორც ზოგი რუსი ტურისტი გვეუბნება, „ჩევო ვამ ნე ხვატალო“ (ანუ - რა გაკლდათ, ჩვენთან რომ იყავით?)
იქნებ მართლა უკეთესი იყო მაშინდელი შეთანხმება? იქნებ, ზედმეტი თავისტკივილია ეს „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“? ვაითუ, დამოუკიდებლობის დასაცავად ხანდახან მსხვერპლზე წასვლაც მოგიწიოს?
ვისაც დღეს „ასეთი ევროპა არ უნდა“, პატიოსნად უნდა თქვას, რომ სწორედ ამ კითხვას სვამს - და არ გაუკვირდეს, როცა შესაბამის პასუხს მიიღებს.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.