უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარტიის „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი.
დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს კი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად.
დავით არახამია იყო IT კომპანია "თრანის მონსტრის" (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი.
2014 წლის აგვისტოში რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვადიმ მერიკოვის შეთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.
2014 წელს, სექტემბერში, არახამია უკრაინის თავდაცვის მინისტრის შესყიდვების მიმართულების მრჩევლად დაინიშნა.
2018 წლის აგვისტოში, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
დავით არახამია, იგივე დავიდ ბრაუნი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. სიის წარდგენიდან რამდენიმე საათში, მან გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:
„კარგი, სანამ დეპუტატი გავმხდარვარ, ჯერ კიდევ შემიძლია ვიყო თავისუფალი ადამიანი. დღეს, ჩამოვდივარ სცენიდან და მაშინვე მიახლოვდება ჟურნალისტი „დოიჩე ველეს“ ლოგოიანი მიკროფონით. საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელია და მუშაობს რუსეთის ფედერაციისთვის.
- შეიძლება კითხვას დაგისვამთ?
- მკითხეთ
- როგორი დამოკიდებულება აქვს პუტინს „ხალხის მსახურთან“?
- აზრზე არ ვარ, ვინ რაზე და რას ფიქრობს იქ თქვენთან...
- და როგორი დამოკიდებულება აქვს პარტიას პუტინთან?
- მე ჯერ არ ვიცი, რას ფიქრობს პარტია პუტინზე, მაგრამ შემიძლია საკუთარი შეხედულება გამცნოთ...
- დიახ, რა თქმა უნდა.
- იღებთ?
- კი კი, თქვით.
- ჩემი პირადი აზრია - „პუტინ ხუილო“.
- კოლია, დროზე გამორთე კამერა.
ვერ შედგა პირველი ურთიერთობა პრესასთან. და უცებ რომ აჩვენონ“...
დავიდ ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა ზელენსკის პარტიაში გაწევრიანება:
„უკრაინის პრეზიდენტის 4 საათის განმავლობაში ველაპარაკე... დასკვნა ასეთია: ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც მართლა სჯერათ და სურთ. თქვენ იცით, რომ მე ძალიან მწამს როგორც ენერგიის, ისე მისი არ არსებობისა. აქ კი ძალიან ბევრი ენერგიაა. სადღაც კომპეტენციის ნაკლებობაა, როგორც ეს ხშირად ჩემთანაც ხდება ხოლმე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ქვეყანაში ძალიან ბევრი, მაგარი ექსპერტია როგორც უკრაინიდან, ისე ამერიკიდან და ევროპიდან, რომლებიც მზად არიან დასახმარებლად...მე მჯერა პრეზიდენტის, ვნახე გუნდი და მჯერა ამ გუნდის, მჯერა მათი გულწრფელი განზრახვის და იმედი მაქვს, რომ ერთად გამოგვივა“.
რაც შეეხება ზელენსკის პარტიის პირველ სამ ნომერს, ისინი არიან: პოლიტტექნოლოგი და უკრაინის პრეზიდენტის ახლო მოკავშირე, დიმიტრი რაზუმკოვი, რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსლან სტეფანჩუკი და ირინა ვენედიქტოვა, ექსპერტი სასამართლოს საკითხებში.
ზელენსკის საარჩევნო სიაში ასევე მოხვდა უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის კუთვნილი ტელეკომპანია „1+1“-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ტკაჩენკო.
როგორც სიის წარდგენისას დიმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, პარტიულ სიაში შემავალ პირებთან დაკავშირებით, კონსულტაციები საზოგადოებასთან კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება.
უკრაინის რადის ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.