Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დადგინდება, რომ თავი მოიკლა და დახურავენ საქმეს“


არასათანადოდ შესრულებული სამუშაოს გამო შსს-ს 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ქალმა წლების განმავლობაში 16-ჯერ დარეკა პოლიციაში ჩივილით, რომ ყოფილი ქმარი მასზე ძალადობდა. ძალადობის მორიგი ფაქტის შემდეგ მან თავი მოიკლა.

გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს ამჯერად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ადვოკატი მიხეილ ჯახუა ამბობს, რომ ქალს ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში აწუხებდა. ისიც წლების განმავლობაში რეკავდა პოლიციაში დახმარების თხოვნით. სულ 16 გამოძახება დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა გამოძახების შემდეგ ქალი ისევ რეკავდა და ამბობდა, რომ დახმარება აღარ სჭირდებოდა. ასეთ დროს პოლიციაც აღარ რეაგირებდა და არც იმას არკვევდა, მეორედ იძულებით დარეკა მსხვერპლმა, თუ თავისი ნებით.

მიხელ ჯახუა ამბობს, რომ პოლიცია ყოველ გამოძახებას აღიქვამდა როგორც ცალკე ფაქტს და არა როგორც სისტემურ დანაშაულს.

„ცალკე ვედავებით პროკურატურას, რომელმაც, მართალია, ერთ-ერთი ფაქტის შემდეგ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ორ თვეში ისე დაასრულა, არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. აქ დარღვევა ის იყო, რომ პროკურატურამ არ შეისწავლა მანამდე დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები. ასევე შემაკავებელი ორდერებიც, რომელიც პოლიციას ჰქონდა გამოწერილი, საქმეში არ მოხვდა“, - ამბობს მიხეილ ჯახუა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მოძალადე უკვე ქალის სიკვდილის შემდეგ დააპატიმრეს. პროკურატურასთან დავა ჯერ კიდევ გრძელდება. რაც შეეხება შსს-ს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. შსს-ში აცხადებენ, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდებათ, მაშინ გადაწყვეტენ, გააგრძელონ სასამართლო დავა, თუ თანხა გადაიხადონ.

როგორც საია აღნიშნავს, ეს საქმე საქართველოში პირველია, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის, პრევენცია.

როგორ იძიებენ თვითმკვლელობებს?

კანონმდებლობის თანახმად, თვითმკვლელობამდე მიყვანაა, თუკი პირს, რომელმაც თავი მოიკლა, სისტემურად შეურაცხყოფდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და ასე შემდეგ. თუმცა 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა) უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იურისტი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქმეს თავიდან ამ მუხლით აღძრავენ ხოლმე, მერე კი წყვეტენ. საქმის შეწყვეტისას პროკურატურა ადასტურებს, რომ ეს მკვლელობა არ ყოფილა, მაგრამ იყო თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი, ამას უკვე ვეღარ უპასუხებს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, მსგავსი საქმეების გამოძიება შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი, არ უნდათ. ამასთან,115-ე მუხლით საქმის აღძვრა გამომძიებლისთვის არის ხელსაყრელი, რის გამოც ხშირად ისეთ საქმეებსაც მიუყენებენ ხოლმე ამ მუხლს, რომლებიც თვითმკვლელობასთან არაფერ შუაშია.

„ეს ხელსაყრელია, იმიტომ რომ 115-ე მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულია და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაზარალებულად ცნობასაც პროკურატურა პრობლემად ქმნის, რადგან მესამე სუბიექტი, ვინც, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, გამოკვეთილი არ არის. შესაბამისად, დაზარალებული ვერ ერთვება გამოძიების პროცესში და ვერ ახერხებს მტკიცებულებების შემოწმებას და მოპოვებული მასალების გაცნობას“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

„დადგინდება, რომ თავი მოიკლა და დახურავენ საქმეს“, - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ თვითმკვლელობის საქმეებს მხოლოდ ფორმალურად იძიებენ - მაქსიმუმ გამოკითხვები ჩაატარონ და ექსპერტიზის პასუხი მოვიდეს, იყო თუ არა ცხედარზე ძალადობის ნიშნები.

„ერთი საქმეც არ მახსოვს, ვინმე იკვლევდეს, იყო თუ არა ფსიქოლოგიური ზეწოლა. არადა, ხშირად მართლაც იკვეთება გარე ფაქტორების ზემოქმედება. იყო შემთხვევა, როცა მოგვმართა ქალბატონმა, რომლის გოგომაც თავი მოიკლა. მას ჰქონდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ თვითმკვლელობამდე ის ქმრის ოჯახმა მიიყვანა. გოგოს ეუბნებოდნენ, შენ წადი, მაგრამ ბავშვებს არ გაგატანთო“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობის საქმის გამოძიება განსაკუთრებულ სირთულეს, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში იგივე პროცედურები უნდა ჩატარდეს, რაც მკვლელობის გამოძიებისას. შესაბამისად, სირთულის გამო საქმის თაროზე შემოდება ვერაფრით გამართლდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG