Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები


  • ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.
  • სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.
  • გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ პოსტებზე.

გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ბევრი ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ღირსეულ, პატიოსან პროფესიონალად ახასიათებს.

ბიზნესმენ ადეიშვილის საქმე

ბიზნესმენი დავით ადეიშვილი შპს „ლეონის“ 50%-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი იყო. კომპანია ეწეოდა, მათ შორის - SONY-სა და YAMAHA-ს პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას. წლიური ბრუნვა დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ადეიშვილს წლებია ადვოკატირებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ორგანიზაციის ინფორმაციით:

  • 2009 წლის 20 აგვისტოს, გვიან ღამით, დავით ადეიშვილი სახლიდან წაიყვანეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა;
  • ფინანსურ პოლიციაში ადეიშვილი დაკითხეს და ბრალად წაუყენეს ჯერ თაღლითობა, ხოლო შემდგომ - კრედიტის მოტყუებით მიღება (სსკ-ის 208-ე მუხლი);
  • ფინანსურმა პოლიციამ მოტყუებით გადაიფორმა შპს „ლეონის“ 100% წილი;
  • 9 თვის განმავლობაში დავით ადეიშვილი არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს; შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, შვილების მისამართით მუქარის გამო, ბრალის აღიარება მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო;
  • საბოლოოდ, ადეიშვილმა მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას და გადაიხადა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით;
  • მისი კომპანია გაკოტრდა, მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოს კუთვნილება გახდა.

„საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დავით ადეიშვილის მიმართ წარმართულ უკანონო საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქმის გამომძიებელი პროკურორი - ირაკლი შოთაძე... საბრალდებო დასკვნას მისი ხელმოწერა აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 2018 წელს გავრცელებულ ვიდეომასალაში თავად ბიზნესმენი დავით ადეიშვილიც ამბობს, რომ „ხელის ბიჭი და ზონდერი“, ირაკლი შოთაძე, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებდა - „თუ ახლა მიყურებს, მიხვდება, რაზეც არის ლაპარაკი“.

დღემდე დაუსრულებელია გამოძიება, რომელიც პროკურატურაში 2013 წლის 5 თებერვალს, დავით ადეიშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

„მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ გამოკვეთოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობა, როგორც უშუალოდ დავით ადეიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, ისე შემდგომში ამ დანაშაულის გამოძიების გაჭიანურებაზე“, - საქმის გამოძიებასთან ერთად, ამ კონკრეტული მოთხოვნით მიმართა მთავარ პროკურატურას „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2018 წელს (შოთაძის გენპროკურორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ).

საპროკურორო საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად:

  • 28.07.2009 - 10.09.2010 წლებში შოთაძე იყო - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი;
  • 10.09.2010 - 05.11.2012 წლებში ის იყო - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დავით ადეიშვილის საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, მასში სწორედ ირაკლი შოთაძის მონაწილეობის გამო შეფერხდა.

„გაურკვეველი და ბუნდოვანია, როცა ხელისუფლებაში სისტემის ნგრევისა და გაწმენდის დაპირებით მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად მოახდინა ამ სისტემის რეანიმაცია... საზოგადოებამ ძველი სისტემის აქტიური წევრები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იხილა. ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ასეთი სახეა“, - ამბობს ცქიტიშვილი.

ბიზნესმენ ბეგიაშვილის საქმე

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 44 ნომერში მდებარე კომერციული ფართი (მაღაზია „ალბატროსი“) ბიზნესმენ ვახტანგ ბეგიაშვილს, როგორც თავად ამბობს, 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წაართვეს.

  • დაპატიმრებული ბიზნესმენი ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს და ფართის დათმობა მოსთხოვეს;
  • პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა - თითქოს, ის ამ ქონებას წლების წინ თაღლითური გზით დაეუფლა;
  • ფინანსთა სამინისტროს საშემოსავლო სამსახურმა მას 3 მილიონის ჯარიმა დააკისრა;
  • პატიმრობაში ყოფნისას, ბეგიაშვილის ქონება ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა - „ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფაქტის წინაშე დამაყენეს“;
  • 2012 წლის გაზაფხულზე ბეგიაშვილმა შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და მხოლოდ პოლიტდევნილად ცნობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში;
  • ქონება მას არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაუბრუნა - დღემდე ქონება სახელმწიფოს ბალანსზეა;
  • ბეგიაშვილის საქმე პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია.

„თავისუფლების მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში ჩამოთვლილი ფაქტები და მოვლენები ყოფილი გენპროკურორისა და ამჟამად კვლავ გენპროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის ხსენებით მთავრდება.

შოთაძე იმ პირთა შორის იყო, რომელთა გამოკითხვასაც მთავარი პროკურორისგან ითხოვდა ვახტანგ ბეგიაშვილი 2012 წელს, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში. თუმცა საქმე წინ აღარ წასულა და ირაკლი შოთაძე 2015 წლის ნოემბერში თავად გახდა ქვეყნის პირველი პროკურორი.

„როცა ხელისუფლება შეიცვალა, ბეგიაშვილი ითხოვდა მთელ რიგ პირთა დაკითხვას. მთელი სია ჰქონდა წარდგენილი იმდროინდელ გენერალურ პროკურატურაში და ამ ადამიანების რიცხვში იყო სწორედ ირაკლი შოთაძე... რადგან შოთაძე მონაწილეობდა იმ გამოძიებაში, რომლის საფუძველზეც ბეგიაშვილს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გამომძიებელ ჟურნალისტთა სტუდია „მონიტორის“ რედაქტორი, „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი.

საპროკურორო საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად:

  • 2012-2013 წლებში ირაკლი შოთაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა;
  • 2013 წლის ნოემბრიდან ის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გახდა;
  • 2015 წლის ნოემბრიდან კი - მთავარი პროკურორის პოსტი დაიკავა.

„ეს გამოძიება (წინ) საერთოდ არ წავიდა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ის (ბეგიაშვილი) მიიჩნევს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც მისი ქონების ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ, ისევ თანამდებობაზე არიან“, - ამბობს ზურიაშვილი.

გამოუძიებელი საქმეები, დაუბრუნებელი ქონება

2015 წლის მარტში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, იმდროინდელ მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელმაც ბევრ ბიზნესმენს ისევ გაუცოცხლა წართმეული ქონების დაბრუნების იმედი.

თუმცა ვახტანგ ბეგიაშვილისა და დავით ადეიშვილის გარდა, იმედი იმედად კიდევ ბევრისთვის დარჩა.

„თავისუფლების მონიტორის“ მიერ პროკურატურიდან გამოთხოვილი ბოლო 4 წლის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

  • დეპარტამენტში შევიდა 8867 საჩივარი;
  • აქედან ქონების იძულებით ჩამორთმევის მხოლოდ 171 საქმეა გახსნილი;
  • დაზარალებულად ცნეს 256 პირი;
  • გადაწყვეტილებები შეეხო 51 მილიონი ლარის უძრავ-მოძრავ ქონებას;
  • დეპარტამენტი გამოძიებას აგრძელებს სისხლის სამართლის 458 საქმეზე.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც გამოკვლევა ჩაატარეს, ფიქრობენ, რომ ეს არის შერჩევითი სამართლის შედეგი და სრულიად სუბიექტურად ხდება იმ საქმეების შერჩევა, რომელთა ძიებაც ბოლომდე იქნა მიყვანილი“, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG