Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფრინდაშვილი: საპატიმროში შოკოლადი და თხილი მქონდა შენახული


ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მისი გათავისუფლება იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ბარგიც სხვამ ჩაულაგა და ამის გამო, წინასწარი გეგმის მიხედვით ვეღარ გაანაწილა საახალწლოდ გადანახული ნუგბარი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან 28 დეკემბერს გათავისუფლებულმა ექიმმა ამ შინაარსის განცხადება საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ბარგი მე არ ჩამილაგებია აბსოლუტურად, იმიტომ, რომ იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი და რაღაცეები, ახალი წლისთვის შენახული... ცხადია, იქ იქნებოდა ალბათ პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი, რომ, ვთქვათ, იქ საერთო სუფრაზე შევიტანდი ან თუ ადრე გამომიშვებდნენ, ვინმეს დავუტოვებდი“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისი განმარტებით, ადგილობრივების მადლობელია, რადგან თვენახევრის განმავლობაში იყო „ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე“. ამასთან, პირველი გზავნილი, ე.წ. „პერედაჩა“, მან მიიღო ექიმ გურამ ქარაზანაშვილისგან, რომელმაც ეს თავისი მოსკოველი მეგობრის დახმარებით მოახერხა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა.

28 დეკემბერს, საღამოს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილი ჟურნალისტების წინაშე მეუღლესთან, თამილა ლაფანაშვილთან ერთად წარსდგა.

XS
SM
MD
LG