პანდემიას ცოტანი თუ გადაურჩნენ. COVID-19 თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო. როგორც სტატისტიკა მოწმობს, დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოში ინფექცია შეეხო 63 მილიონ ადამიანს. მათგან 1,25 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
მაგრამ ბევრად უფრო მეტს - მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს - შეეხო ამკრძალავი ზომები, რომლების მეშვეობითაც მთავრობები ცდილობენ შეაკავონ ვირუსის გავრცელება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ მასშტაბის ზომებს ატარებენ.
ზოგმა ქვეყანამ დიდი მოცულობის ფისკალური სახსრები გაიღო კომპანიების, ოჯახებისა და დაუცველი პირების დასახმარებლად. მთლიანობაში, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ამ ხარჯებმა 12 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
2020 წელს გლობალური საერთო შიდა პროდუქტი 4,5%-ით შემცირდება.OECD
მიუხედავად ამ უზარმაზარი მოცულობის დახმარებისა, ეკონომიკა მთელ მსოფლიოში განიცდიდა დაღმასვლას. ეკონომიკური საქმიანობა ზოგან თითქმის ჩაკვდა, სერიოზულად დაბრკოლდა მოგზაურობა, მიწოდების ჯაჭვები და სხვ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგნოზით, 2020 წელს გლობალური საერთო შიდა პროდუქტი 4,5%-ით შემცირდება.
ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კვლევა, რომელშიც გამოთქმულია გაფრთხილება, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის წყალობით დამატებით 130 მილიონი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურეს სიღატაკეში, უთანასწორობა გაიზრდება და დაუცველობის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება.
პანდემიასთან დაკავშირებული შიში კიდევ უფრო გაღრმავდა 2020 წლის ბოლო თვეებში, როცა ინფექციის მეორე ტალღა აღინიშნა ევროპის დიდ ნაწილში, აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში.
ასეთ ვითარებაში რა შანსები არსებობს 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის გამოსაჯანსაღებლად?
მხსნელი ვაქცინები?
თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეკონომიკის აღდგენა დიდად იქნება დამოკიდებული კორონავირუსის ეფექტიან ვაქცინაზე. მთელი ყურადღება მიპყრობილია რამდენიმე პროექტის მიმართ. მათ შორის მინიმუმ სამი დასავლეთშია - ესენია Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროდუქტები. როგორც გამოცდამ დაადასტურა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება. მართალია, ეს ვაქცინები სწრაფად დამტკიცების პროცედურებს გადის, მაგრამ ჯერჯერობით არცერთისთვის არ აუნთიათ საბოლოო მწვანე შუქი.
რუსეთს თავი მოაქვს იმით, რომ ის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაამტკიცა ვაქცინა (Sputnik-V), მაგრამ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ბევრი ეჭვით უყურებს რუსეთის ამ ვაქცინის დამტკიცების დაჩქარებულ პროცესს.
ბაზარზე ვაქცინის მალე გამოჩენის იმედებმა, თავის მხრივ, გააჩინა სხვა იმედები - რომ ცხოვრება და ეკონომიკა უფრო ადრე დაუბრუნდება ნორმალურ კალაპოტს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. თუმცა ზოგი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ნაჩქარევ ოპტიმიზმს არ უნდა მივეცეთ, რადგან ვაქცინის წარმოება და მიწოდება რთულ ლოგისტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული.
მაგალითად, Pfizer-მა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ წელს შეუძლია 50 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოება, რაც 25 მილიონ ადამიანს დაიცავდა. კომპანიის თანახმად, ვაქცინის პროდუქცია 1,3 მილიარდამდე გაიზრდება 2021 წლის ბოლოსთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 7,5 მილიარდს შეადგენს, ეს ვერ არის ძალიან ოპტიმისტური პერსპექტივა.
როგორც გიგანტური საინვესტიციო კომპანია UBS-ის წარმომადგენელმა აქსელ ვებერმა განაცხადა 11 ნოემბერს, ვაქცინის პირობებშიც კი, დიდი დრო დასჭირდება ეკონომიკის კვლავ ფეხზე დაყენებას.
„სულ მცირე, ერთი წელი მაინც იქნება საჭირო კრიზისამდელი საერთო შიდა პროდუქტის დონის მისაღწევად. კიდევ ერთი ან ორი წელი მოხმარდება იმას, რომ უმუშევრობისა და ზრდის მაჩვენებლები კრიზისამდელს დაუახლოვდეს. ამგვარად, საკმაოდ ხანგრძლივი აღდგენითი პროცესი გველის“, უთხრა ვებერმა CNBC-ს.
ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორი ჰანს კლუგე 18 ნოემბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ევროპა კვლავაც ეპიდემიის ეპიცენტრია აშშ-სთან ერთად.
„გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანს, მაგრამ ეს ექვსი თვე ძალიან რთული იქნება“, თქვა კლუგემ.
არათანაბარი აღდგენა?
UNCTAD-ის თანახმად, COVID-19-ის პანდემიით მიყენებული ზარალის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, არ არის სავარაუდო, რომ რაიმე სახით აღდგენამ შეძლოს ზარალის ანაზღაურება.
როგორც მის 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ეკონომიკური შედეგები „კიდევ დიდხანს იქნება საგრძნობი მომავალში, განსაკუთრებით ყველაზე ღატაკებისა და დაუცველებისთვის“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოში სიღატაკე კვლავ იზრდება, პირველად 1998 წლის აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ.
უფრო ღატაკ ქვეყნებს უფრო გაუჭირდებათ კრიზისიდან გამოსვლა.
როგორც UNCTAD-ის გენერალური მდივანი მუხისა კიტუი ამბობს, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო გლობალიზაციისთვის დამახასიათებელმა ურთიერთდაკავშირებულობამ, როცა „ჯანდაცვის გლობალური კრიზისი იქცა გლობალურ ეკონომიკურ შოკად, რომლის ყველაზე მძიმე დარტყმა ყველაზე დაუცველებმა მიიღეს“.
უფრო ღატაკ ქვეყნებს რომ უფრო გაუჭირდებათ კრიზისიდან გამოსვლა, ამ იდეას ეხმიანება ვაშინგტონში მოქმედი საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) მთავარი ეკონომისტი ელინა რიბაკოვაც.
„განვითარებადი ბაზრები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მობილურობის აკრძალვის, ვაჭრობაში, ტურიზმსა და უცხოეთიდან შინ ფულის გაგზავნაში დაბრკოლებების მიმართ“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
COVID-19-მა შესაძლოა გაზარდოს უფსკრული არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ თავად ქვეყნების შიგნითაც.
მაგალითად, Bloomberg-ის კვლევის თანახმად, კრემლი რეგიონულ მთავრობებს აიძულებს, მეტი ფული ისესხონ ჯანდაცვისა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა მზარდი სოციალური ხარჯების დასაფარად.
„უფრო ძლიერი რეგიონები გაძლიერდებიან, ყველაზე სუსტები კი კიდევ უფრო დასუსტდებიან“, განუცხადა Bloomberg-ს მოსკოვის Transfingroup-ის ფინანსურმა მენეჯერმა, სტანისლავ პონომარიოვმა.
ჩინეთი გაძლიერდება?
ანალიტიკოსების პროგნოზების მიხედვით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში იქნებიან წაგებულები, მაგრამ შესაძლოა - მოგებულებიც. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური თვალსაზრისით.
ჩინეთი, სადაც აღმოჩნდა პირველად ახალი კორონავირუსი, როგორც ჩანს, უკვე იწყებს ყველაზე უარესი კრიზისიდან გამოსვლას.
მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა წელს მესამე კვარტალში 4,9%-ით გაიზარდა შარშანდელ მესამე კვარტალთან შედარებით. ეს ნაკლებია ეკონომისტების მიერ ნავარაუდევ 5,2%-ზე, მაგრამ საერთო შიდა პროდუქტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინეთი ლიდერობს ეკონომიკის აღდგენის გზაზე.
თითქმის ხუთპროცენტიანი ზრდა დიდი წინსვლაა წლის დასაწყისთან შედარებით, როცა მთელ ქვეყანაში დაიხურა ქარხნები და ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა პირველ კვარტალში. ეს ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კვარტალური მონაცემების აღრიცხვა დაიწყო 1992 წელს. ანალიტიკოსების აზრით, კრიზისის შესუსტება ნათელყოფს, რომ ზოგიერთი დრაკონული აკრძალვისა და სამთავრობო მასტიმულირებელი ზომების კომბინაციამ შედეგი გამოიღო.
მუშებს გაუჭირდებათ
პანდემიამ ასევე განსხავებული პრობლემები შეუქმნა ფიზიკური და გონებრივი შრომით მომუშავეებს.
პანდემიამ განსხავებული პრობლემები შეუქმნა ფიზიკური და გონებრივი შრომით მომუშავეებს.
„ოფისში მომუშავეები განაგრძობენ საკუთარ სამზარეულოებსა და საძინებელ ოთახებში მუშაობას, კვირის გარკვეული ნაწილი მაინც. ხოლო დაბალანაზღაურებადმა დასაქმებულებმა, რომლებიც ადრე ოფიციანტებად, დამლაგებლებად და გამყიდველებად მუშაობდნენ, ახალი სამუშაო უნდა იპოვონ გარეუბნებში“, წერს ბრიტანული საფინანსო გამოცემა Economist-ი.
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში მსოფლიო მასშტაბით სამუშაო საათები 11,7%-ით შემცირდა, რაც 332 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის ეკვივალენტია. სამუშაო საათების კლებამ გამოიწვია შემოსავლის კლება, რაც 3,5 ტრილიონ დოლარს, ანუ მსოფლიო საერთო შიდა პროდუქტის 5,5%-ს უდრის.
როგორ გამოსწორდება შრომის ბაზრები 2021 წელს, ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პანდემიის ტრაექტორიასა და მთავრობების რეაგირებაზე.
რა ფაქტორებია გადამწყვეტი
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება და კვლავ გააგრძელებს ზრდის კურსს. მაგრამ ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რამხელა იქნება ვირუსის ხელახლა გაჩენის ალბათობა, რამდენად კარგად დაიცავენ ადამიანები ამკრძალავ ზომებს, რამდენად წარმატებული იქნება მთავრობის ჩარევა მასტიმულირებელი ზომების გატარებაში.
მთავრობები რთული არჩევანის წინაშე იქნებიან იმის გადაწყვეტისას, თუ როდის ჩაერიონ და როდის გადგნენ განზე და ბაზარს მიანდონ საქმე.
მთავრობები რთული არჩევანის წინაშე იქნებიან იმის გადაწყვეტისას, თუ როდის ჩაერიონ და როდის გადგნენ განზე და ბაზარს მიანდონ საქმე, განაცხადა რიბაკოვამ.
მისი თქმით, ეკონომიკის რაიმე სახით გამოკეთება ხანგრძლივი პროცესი იქნება.
„ბევრი ქვეყანა უახლოეს წლებში ვერ დაუბრუნდება 2020 წლამდელ დონეს“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ეკონომიკის წამყვანი სპეციალისტებისა და ორგანიზაციების პროგნოზები მეტყველებს, რომ საქართველოს ტიპის ღარიბი ქვეყნები ორმაგი დარტყმის ქვეშ არიან. თუკი ეკონომიკის განვითარება ამ ქვეყნებში COVID-19-ის კრიზისის გარეშეც შეფერხებული იყო, პანდემიისა და პოსტპანდემიის პირობებში სიღატაკესთან გამკლავება ბევრად უფრო რთული იქნება.
ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ ორნიშნა რიცხვით მატებამ შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა სიღატაკიდან. მაგრამ შესაძლოა წლები დასჭირდეს როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ეკონომიკის ისე აღდგენას, რომ ამგვარმა ზრდამ რეალისტური კონტურები შეიძინოს.