Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამინადგურეს ბიზნესი” - გენგეგმით დაზარალებულები ალაპარაკდნენ


თბილისი
თბილისი

თბილისის გენგეგმას დაზარალებულები ჰყავს. უამრავი ადამიანის მიწას, რომელიც თავის დროზე ბიზნესისთვის შეისყიდეს, ახლა ტყის სტატუსი აქვს. მესაკუთრეები ჩივიან, რომ მათი ზარალი ასობით ათას დოლარს აღწევს.

ერთ-ერთი მათგანია კომპანია „ტერა ბილდინგის“ დირექტორი ლელა მაზანაშვილი. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მას მიწის ორი ნაკვეთი ჰქონდა ნაყიდი, ერთი - 200 ათას დოლარად, მეორე - 400 ათას დოლარად. იქ ის დაბალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებდა. ქალაქის გენგეგმის დამტკიცების შემდეგ გაირკვა, რომ ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა და ვეღარაფერს ააშენებს.

„სატყეო ზონის სტატუსი დაადეს. ამ დროს ერთი ბუჩქიც არ არის ამ ადგილას. იმ გენერალურ გეგმაში სასაცილოზე სასაცილო რამ წერია: აქო კუები მრავლდებიანო, ჯავშნიანი კუები და ამიტომ აქაურობის ხელის ხლება არ შეიძლებაო. არადა, მე 600 ათასდოლარიანი კრედიტის დასაფარად თვეში 8 ათას დოლარს ვიხდი“, - ამბობს ლელა მაზანაშვილი.

გენგეგმის დამტკიცების შემდეგ რეკრეაციულ ზონაში 3 მილიონამდე კვ.მ. კერძო ტერიტორია აღმოჩნდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ის მიწა, რომელიც ამჯერად რეკრეაციულ ზონაში მოხვდა, თავის დროზე არასწორად იყო გაყიდული.

„ზუსტად ამ ნაკვეთების თავზე, უფრო მთისკენ, გაქანებული მუშაობა მიდის, გარშემო მშენებლობაა და მარტო ამ ტერიტორიაზე მეუბნებიან, რეკრეაციული ზონაა და კუები მრავლდებიანო. გამინადგურეს ბიზნესი. თუ რამე გამაჩნია, ყველაფერს ვყიდი“,-ამბობს ლელა მაზანაშვილი.

მერიაში აცხადებენ, რომ მთავრობა ახალი გეგნგეგმით დაზარალებულებს მიწებს სხვა ადგილას გამოუყოფს. პირი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მის მიწის ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა, მერიას უნდა მიმართოს. ქონების მართვის სამსახური მიწის ნაკვეთს შეაფასებს და მის მფლობელს ამავე ღირებულების მიწას სხვა ადგილას შესთავაზებენ.

„მივმართე მერიას, ასობით წერილი მაქვს უკვე დაწერილი და არაფერს მთავაზობენ. ბიზნესომბუდსმენთან რომ ვიყავით, ძირითადად უცხოელი ინვესტორები იყვნენ ჩემსავით დაზარალებული და გამწარებულები, გავრბივართ აქედანო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლელა მაზანაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატში ამჟამად მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ დაზარალებული პირებისგან საჩივრები მიიღეს და ამ საკითხს სწავლობენ. რამდენმა ადამიანმა მიმართა მერიას და შემდეგ ომბუდსმენს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG